წითელი ვერსია
  • 0
  • 4001

ფეიკ-კამპანია ციხეებში კოვიდპანდემიის „აფეთქების“ შესახებ

13 იანვარი 2021

„ფეიკი“, ანუ ყალბი, შეიძლება იყოს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული „ნიუსი“, არამედ მთელი საინფორმაციო კამპანიაც. სწორედ ამას მოწმობს იანვრის პირველი ორი კვირის მანძილზე მედიის ნაწილის მიერ აგორებული კამპანია ციხეებში „კოვიდპანდემიის აფეთქების“ შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიზნებს ემსახურება.


სამწუხაროდ, ამ მეტად მგრძნობიარე საკითხის გაშუქებისას, მედიის წარმომადგენელთა ნაწილმა ყველა ეთიკური თუ პროფესიული ნორმა უგულებელყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათთვის მხოლოდ საშუალებაა საიმისოდ, რომ მფლობელთა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულონ.


ხმაური ამჯერად მოძრაობა „შემახე ამნისტიის“ წამოწყებული აქცია-პერფორმანსებით დაიწყო. კერძოდ, გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ორგანიზაციის აქტივისტებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან გამართეს რამდენიმე მცირერიცხოვანი, თუმცა ხმაურიანი აქცია. აქციების მონაწილეები, რომელთა განცხადებითაც ციხეებში სწრაფად ვრცელდება კორონავირუსი და მსჯავრდებულები მოკლებული არიან სათანადო მზრუნველობას, მოითხოვდნენ, რომ დაგეგმილი ამნისტია უკლებლივ ყველა პატიმარს შეხებოდა.


ჟურნალისტთა ნაწილმა საზოგადოებისთვის უცნობი აქტივისტების ნაკლებად დასაბუთებული განცხადებები ყოველგვარი ფილტრის გარეშე „გაატარა“ და ფართო აუდიტორიაში გაავრცელა, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ კამპანიასთან, სადაც ყველა „მოქმედმა პირმა“ წინასწარვე იცის თავისი როლი.


ალბათ სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებს, „პატიმრების გადასარჩენად“ ყველაზე მეტად რომ აქტიურობდნენ, არც კომპეტენტურ წყაროებთან უცდიათ საკითხის გადამოწმება და არც პირველწყაროები უძებნიათ, რის გამოც საბოლოო ჯამში მაყურებელმა მიიღო მორიგი „ყვითელი ფეიკკამპანია“, რომელიც მანიპულაციითა და ბანალური ტყუილით არის გაჯერებული.


კამპანიის „სიყვითლისა“ და მანიპულაციურობის ერთ-ერთი აშკარა ილუსტრაცია იყო 10 იანვარს, „მთავარი არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი, სადაც წამყვანმა მიხეილ სესიაშვილმა შეშფოთებული ხმით გამოგვიცხადა, რომ ციხეები „უბედურების ზონადაა“ ქცეული:


„ციხეებში შექმნილი ვითარება კრიტიკულია. სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს. ასობით მსჯავრდებული კი ამნისტიის მოთხოვნით ამ წუთებშიც შიმშილობს. პატიმრებს არავინ უტარებს ტესტირებას. ხშირად ციხეებში არ არის არც თერმომეტრი და არც წამლები.“


ძნელი სათქმელია, საიდან გამოიტანა ეს დასკვნა მიხეილ სესიაშვილმა, გამოცდილმა ჟურნალისტმა და პროდიუსერმა. სავარაუდოდ, ის რეპორტიორ ჟანა აკოფაშვილის მიერ მოპოვებულ მასალას უნდა დაყრდნობოდა. თუმცა, ამ მასალის ნახვის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ საკითხში ვერც ეს უკანასკნელი ერკვევა.


„შიმშილობენ მსჯავრდებულები, მათი ოჯახის წევრები კი მოითხოვენ, ‘ქართულმა ოცნებამ’ შეასრულოს მიცემული დაპირება (?) და შეიწყალოს პატიმრები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს საფრთხეშია“ − გვეუბნება ჟურნალისტი. არადა, „ქართულ ოცნებას“ ამგვარი დაპირება არასდროს გაუცია (და ვერც გასცემდა) თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ შეწყალება არა პარლამენტის ან მთავრობის, არამედ პრეზიდენტის პრეროგატივაა.


შემდეგ ჟურნალისტი გვამცნობს, რომ „პატიმართა უფლებადამცველებისა და მათი ოჯახის წევრების პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საყოველთაო ამნისტია ყველა (?!) პატიმარს არ შეეხება!“. ამ ფრაზას წამყვანი აღარ ჩაღრმავებია, რაც ნამდვილად დასანანია, რადგან მთელი კამპანიის მანძილზე საზოგადოებამ ვერ გაარკვია, რას ნიშნავს „ყველა პატიმარი“ და როგორ, რა არგუმენტით ან, საერთოდ, უნდა შეეხოთ თუ არა ამნისტია, მაგალითად, მკვლელობის, ყაჩაღობის, გაუპატიურების, პედოფილიის ან განსაკუთრებით მძიმე სხვა დანაშაულის ჩამდენ მსჯავრდებულებს.


გაუგებარი რჩება ისიც, რა გავლენას მოახდენს მრავალწლიანი პატიმრობის ვადის ერთი მეოთხედით შემცირება (რაც აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა) საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, თუ მსჯავრდებულებს დღესვე ან, უკიდურეს შემთხვევაში, უახლოეს მომავალში არ გაათავისუფლებენ.


და მაინც, ამნისტიის ლოზუნგით მიმდინარე კამპანიისა და 10 იანვრის ეთერის მთავარი „ფეიკი“ არის არა ზემოხსენებული ლოგიკური წინააღმდეგობები, არამედ დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ციხეებში მოხდა ეპიდემიის უკონტროლო აფეთქება, საპატიმროებში უბედურება ტრიალებს და პატიმრები უმეთვალყურეოდ არიან მიტოვებული. „მთავარი არხის“ ეთერში რეპორტიორი ამ დასკვნას აკეთებს დაუზუსტებელ წყაროზე დაყრდნობით, რომელმაც ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, მესამე პირისგან მოისმინა.


„ხელისუფლებისგან მიტოვებული ათასობით პატიმარი დახმარებას საკუთარ ოჯახებს სთხოვს. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება, სასწრაფო დახმარების ბრიგადები კი მათ გადაყვანას კლინიკებში ვეღარ აუდიან! სისტემას არ სურს აღიაროს, რომ ციხეებში არსებულ ეპიდვითარებას ვეღარ უმკლავდება და ამიტომ გადაწყვიტა, პატიმრებს ახლობლებთან დარეკვის უფლება აღარ მისცეს.“


წინა შემთხვევისა არ იყოს, აქაც გაუგებარია, საიდან გამოიტანა ეს დასკვნა ჟურნალისტმა, რადგან უშუალოდ სიუჟეტში ამას არავინ ამბობს, გარდა უშუალოდ აქციის მონაწილეებისა, რომელთა საქმიანობა და ვინაობა საერთოდ გაურკვეველია. ბუნებრივია, წყაროდ ვერ ჩაითვლება კიდევ ერთი ანონიმური პირი, რომელიც მანიპულაციის ნიშნების მატარებელ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში ამბობს, რომ პატიმრებს ციხიდან არ არეკვინებენ... თუმცა, თავად მას ამ ამბის შესატყობინებლად სწორედ ციხიდან დაურეკეს.


მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციის კამპანია ციხეებში კოვიდაფეთქების შესახებ ანტისახელისუფლებო რიტორიკით გამორჩეულ ტელეარხებზე უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სინამდვილეში საქართველოს ციხეებში კოვიდეპიდემიის აფეთქება არ შეინიშნება.


მეტიც, იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის მიერ საზოგადოებისთვის 11 იანვარს მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცთა საპატიმრო დაწესებულებებში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების შედეგად ამ ეტაპისთვის ინფექცია ქვეყნის მასშტაბით დაუდასტურდა 4 მსჯავრდებულს, ხოლო 3 იანვარს ქალთა მეხუთე დაწესებულებაში ჩატარებული ტესტირების შედეგად საერთო ჯამში COVID-19 დაუდასტურდა 23 ქალ მსჯავრდებულს, რომლებიც შესაბამის მკურნალობას გადიან.


რაც შეეხება გავრცელებულ ცნობას, თითქოს გეგუთის საპატიმროში ინფექცია გავრცელდა, ლორთქიფანიძის განცხადებით, გეგუთში ჩატარებული 763 PCR-ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია, ხოლო, მთლიანობაში, პანდემიის პირობებში სასჯელაღსრულების სისტემის ეფექტიანი მართვისა და 10 თვის მანძილზე სისტემის კოვიდის გარეშე შენარჩუნების ქართული გამოცდილება ევროსაბჭოს საგანგებო კვლევაშიც კი აღინიშნა.


ლელა კურდღელაშვილი
  • 0
  • 4001
0 Comments