წითელი ვერსია
  • 10
  • 3066

ფარმაცევტული თემების პოლიტიზების მცდელობა „ფორმულაზე“

28 მარტი 2023

„კონკურენციის სააგენტოს მთავრობამ ახალი დავალება მისცა - სამსახური ფარმაცევტულ კომპანიებს შორის შესაძლო კარტელური გარიგების შესწავლას იწყებს. ღარიბაშვილისა და აზარაშვილის სამიზნე რომ კახა ოქრიაშვილის „პეესპეა“, ეს ზეპირი განცხადებებიდან არაერთხელ გამოჩნდა. მთავრობამ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი ფასების ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულა ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ“ -


ასე წარადგინა „ფორმულას“ 27 მარტის მთავარ გამოშვებაში წამყვანმა რეპორტაჟი, რომელიც მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას - წამლების გაძვირებას ეხება.


როგორც სიუჟეტის ავტორმა აღნიშნა, „მას შემდეგ, რაც კონკურენციის სააგენტომ მრავალწლიანი გამოძიების შედეგად პურის ფასის ზრდისა და საწვავის ღირებულების მატების მიზეზად კომპანიების მხრიდან გონივრული დანახარჯები დაადგინა, სააფთიაქო ინდუსტრიისთვისაც მოიცალა“.


კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა ოთხი კომპანიის (ჟურნალისტს არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია მათი სახელები - „გეფა“, „ავერსი“, „პეესპე“ და „მერმისი“) მიერ ბოლო პერიოდში ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მკვეთრი მატებით.


როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის ინტერვიუდან ხდება ცნობილი, ამ კომპანიების პროდუქცია იდენტურად („ლარიანი სიზუსტით“) გაძვირდა, ხოლო კვლევის მიზანია, დაადგინოს, გაძვირება ობიექტური გარემოებების შედეგია, თუ კარტელური შეთანხმების.


ჟურნალისტი კი სიუჟეტში აღნიშნავდა, რომ სააფთიაქო ინდუსტრია „ღარიბაშვილ-აზარაშვილის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი ბოლო პერიოდში გახდა. ამ დროს ემთხვევა ორკესტრირებული ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები პრემიერ ღარიბაშვილისა და ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან“;

და რომ „ოცნების პრემიერმა პარლამენტის ტრიბუნიდან „პეესპეს“ დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი მედიკამენტებზე 200-300 %-იან ფასნამატში დაადანაშაულა“. ჯანდაცვის მინისტრმა კი იმავე დღეს განაცხადა, რომ „მალე სფეროს კონტროლის უფრო მეტი, მძლავრი და მოქნილი შესაძლებლობაც ექნებათ“.


ჟურნალისტის თქმით, კონკურენციის სააგენტო მოკვლევას სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის „გონივრული ეჭვისა“ და ჯანდაცვის მინისტრის განცხადების საფუძველზე იწყებს.


სიუჟეტის მეორე ნაწილი უკვე თავად კახა ოქრიაშვილისა და ექსპერტების კომენტარებს დაეთმო. ითქვა, რომ „პეესპეს“ დამფუძნებელი და პარლამენტარი სააფთიაქო ინდუსტრიის მიმართ დაწყებულ კამპანიას „პოლიტიკური მოტივებით“ ხსნის (თუმცა, ოქრიაშვილის განცხადება ამ დასკვნის საფუძველს არ იძლევა).


სიტუაციის მეტი დრამატიზებისთვის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „სააგენტოს მხრიდან პოლიტიკური მოტივებისგან დაცლილი გამოძიების შედეგებს არ ელოდება სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი“ და მათი თქმით, „შურისძიებად ქცეულ პროცესს სფეროს კიდევ უფრო დაზიანება და მომხმარებელთა ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება შეუძლია“.


ამის დასტურად მოჰყავს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, "ლელოს" წევრის ვატო სურგულაძის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი და უკონტექსტოდ ჩასმული ინტერვიუები, რომლებიც, კახა ოქრიაშვილის განცხადების მსგავსად, ახლოსაც არაა ჟურნალისტის მიერ გამოთქმულ აზრთან.


სინამდვილეში,


1. კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწყებული კვლევა, წამლების გაიაფებისკენ მიმართული რეფორმების გზაზე, ხელისუფლებასა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტის მორიგი გამოვლინებაა.


2. აღნიშნული რეფორმის დაწყება ჯერ კიდევ გასული წლის 11 მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში „დააანონსა“. წელს, 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი, ანუ ზედა ზღვარი ამოქმედდა. მათ რიცხვს 18 მარტიდან დამატებით 300 მედიკამენტი შეემატა. იგეგმება ლიმიტს დაქვემდებარებული წამლების რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა. მსგავსი მოდელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს.


3. გასულ წელს საქართველოსთვის გაიხსნა თურქული მედიკამენტების ბაზარი - როგორც ხელისუფლება აცხადებს, 40%-იანი ფასდაკლებით, წამლები პარალელური იმპორტით შემოდის.


4. რეფერენტული ფასების ამოქმედების კვალდაკვალ დაიწყო იმ მედიკამენტების გაძვირება, რომლებზეც ახალი რეგულაცია არ მოქმედებს. თავდაპირველად ეს ფაქტი დაფიქსირდა თურქული წარმოების წამლებზე, შემდეგ კი ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული. 23 მარტს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მათგანის ღირებულებამ 3-4-ჯერ მოიმატა. იხ. ცხრილი



5. ონკოლოგიურ მკურნალობას სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს, რომლის წლიური ლიმიტი ერთ პაციენტზე 25 ათასი ლარია. ეს თანხა ხშირად ვერც კი ფარავს მკურნალობისთვის საჭირო სახსრებს. მედიკამენტების გაძვირების ფონზე პაციენტები გაცილებით რთული ვითარების წინაშე დადგნენ.


გაუგებარი და პოლიტიკურად ანგაჟირებული გამოხმაურებების ნაცვლად, უპრიანი იქნებოდა, ჟურნალისტს სიუჟეტში დაეფიქსირებინა მეორე მხარის - თავად ფარმაცევტული ინდუსტრიის პასუხი.

"ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „2022-ის სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში ბევრი პრეპარატი იყიდებოდა არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ეს ყველაფერი ხდებოდა წინა პერიოდში იმპორტირებული ნაშთის ხარჯზე“ და რომ თურქეთში შესაბამისი პროდუქციის ფასი 36,8%-ით გაიზარდა, ამიტომ მარტიდან ფასები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.


კომპანია „პეესპემ“ თებერვალში არსებული დაბალი ფასები მოკლევადიანი პროდუქციის სწრაფი რეალიზაციის მიზნით ამოყიდვას დაუკავშირა. თუმცა, კითხვა, თუ რატომ დაემთხვა ოთხივე კომპანიაში მარაგების ერთდროული ამოწურვა და შევსება - მაინც ღიად რჩება;


P.S. თავად კახა ოქრიაშვილის განცხადებაში არის ერთი ნიუანსი, რომლითაც ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, მაგრამ ალბათ, არანაკლებ საგულისხმოა.


„რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ ფასების დარეგულირება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ აფთიაქებში დასაქმებული ფარმაცევტები, რომლებიც მთავრობას მაღაზიის გამყიდველები ჰგონია, იღებდნენ ღირსეულ ანაზღაურებას, რომელიც 1 500 ლარს უნდა აღემატებოდეს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ხელფასები არ არის, დარგში არსებული ზეკონკურენციის გამო. ამავდროულად, კომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ ევროპული სტანდარტის მოგება, რათა უზრუნველყონ ყველა ტიპის მედიკამენტის ხარისხიანი შენახვა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“ - წერს კახა ოქრიაშვილი.


არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.




ნატა მინდელი
  • 10
  • 3066
0 Comments