წითელი ვერსია
  • 6
  • 9438

ომი და სიცრუე

11 ოქტომბერი 2023

მასშტაბური საგანგებო მოვლენების დროს, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტები, ტერაქტები, არეულობა, სტიქიური უბედურება თუ სხვა, ინფორმაციის დიდ ნაკადში უამრავი ყალბი ამბავი და დეზინფორმაცია ვრცელდება.


ასეთი მასალების გავრცელების ძირითადი წყარო სოციალური ქსელებია.


ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა გამონაკლისი არ ყოფილა.


პირველივე დღიდან სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა არაერთი ფოტო თუ ვიდეო, რომელიც ყალბი, მანიპულაციური ან ძველი აღმოჩნდა.


მაგალითად, 7 ოქტომბერს გავრცელებული ე.წ. პარაშუტისტების ვიდეო, არა ისრაელში „ჰამასის“ მებრძოლების დაშვებას, არამედ ეგვიპტეში სამხედრო აკადემიის კურსანტების პარაშუტებით დაშვებას ასახავს.


სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი „ტვიტერი“) 50 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა ვიდეო, რომლის აღწერაც ამბობდა, რომ ცნობილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ, მატჩის შემდეგ, პალესტინელთა მხარდასაჭერად პალესტინური დროშა გაშალა.


სინამდვილეში კი, ვიდეოში არა რონალდუ, არამედ მაროკოს ნაკრების მოთამაშე ჯავად ელ-იამიქია, რომელიც კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პალესტინურ დროშას აფრიალებს. ეს ამბავი თავის დროზე არაერთმა საერთაშორისო მედიამ გააშუქა.


Facebook-ის, Instagram-ის და X-ის მფლობელებმა მარკ ცუკერბერგმა და ილონ მასკმა ევროკავშირისგან გაფრთხილება მიიღეს, მათ პლატფორმებზე ისრაელისა და „ჰამასის“ შესახებ ჭარბი დეზინფორმაციის და ძალადობრივი შინაარსის მასალების გავრცელების გამო.


ბრიუსელმა მათ 24-საათიანი ვადა მისცა, ევროკავშირის კანონონმდებლობის შესაბამისი რეაგირებისთვის. ამ ვადაში კომპანიებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ პროპროციული და ეფექტიანი ზომები უნდა მიიღონ და ამის შესახებ ევროკავშირს აცნობონ.


ევროკომისია სოციალური მედიის ყველა კომპანიას აფრთხილებს, რომ მათ სამართლებრივად მოეთხოვებათ ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ, დაჯგუფება „ჰამასთან“ დაკავშირებული შინაარსის გავრცელების აღკვეთა.


„ინტერნეტში გავრცელებული მასალა, რომელიც შესაძლებელია იყოს დაკავშირებული „ჰამასთან“, კვალიფიცირდება როგორც ტერორისტული კონტენტი და არის უკანონო. ის უნდა წაიშალოს როგორც ციფრული მომსახურების აქტის (DSA), ისე ინტერნეტში ტერორისტული კონტენტის რეგულაციის შესაბამისად“, - აცხადებენ ევროკომისიაში.


ახალი კანონი - ციფრული მომსახურების აქტი, რომელიც მსხვილი ინტერნეტ-კომპანიების საქმიანობას არეგულირებს, ევროკავშირში აგვისტოში ამოქმედდა. მისი დარღვევისთვის შესაძლოა კომპანიას გლობალური ბრუნვის 6%-ის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს და საქმიანობაც კი შეუჩერდეს.


მართალია, ილონ მასკი აცხადებს, რომ შესაბამისი ზომები მიიღო, მათ შორის, წაშალა „ჰამასთან“ დაკავშირებული ახლადშექმნილი ანგარიშები, - ევროკავშირისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონმა X-სთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ გაფრთხილების მიუხედავად, პლატფორმიდან ძალადობრივი და ტერორისტული მასალები არ წაშლილა.


ტექნოლოგიურმა გიგანტებმა გაფრთხილება დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგანაც მიიღეს. ტექნოლოგიების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მდივანი მიშელ დონელანი სოციალური მედიის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათი პლატფორმებიდან „ჰამასთან“ დაკავშირებული ძალადობრივი და ანტისემიტური მასალის წაშლა მოითხოვა.


შეხვედრაში X-ის, Google-ის, Meta-ს, TikTok-ისა და Snapchat-ის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.


„მქონდა პრაქტიკული საუბარი პლატფორმებთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ და როგორ უნდა გააკეთონ მეტი, რათა შეაჩერონ „ჰამასის“ მომხრეები სასტიკი ტერორიზმისა და ანტისემიტიზმის გავრცელებისგან“, - განაცხადა ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა.


აღსანიშნავია, რომ ყალბი ამბების გამოვლენასა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს მსოფლიოში არაერთი ცნობილი მედიასაშუალება.


ისეთ მსხვილ მედიაორგანიზაციებს, როგორებიცაა - Reuters, Associated Press, AFP, - ინფორმაციის გადამოწმების მთელი განყოფილებები ჰყავთ, რომლებიც უშუალოდ ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობენ და ეხმარებიან საზოგადოებას, დაადგინონ, არის თუ არა მასალა ავთენტური.


ყალბი ამბები და დეზინფორმაცია ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, მასთან გამკლავება სულ უფრო რთული ხდება.


არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი იმის შესაფასებლად, ავთენტურია თუ არა ესა თუ ის ფოტო ან ვიდეომასალა. პირველ რიგში, ეს არის წყაროს სანდოობა და ინტერნეტში დამატებითი ინფორმაციის მოძიება.


ფოტო dw.com

ქეთი ჩოხელი
  • 6
  • 9438
0 Comments