წითელი ვერსია
  • 0
  • 1970

მწვავე პრობლემის პოლიტიზების საფრთხე

06 ივნისი 2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მწვავედ რეზონანსული თემა აღმოჩნდა, რომელმაც ქართული მედიასივრცე ფაქტობრივად სრულად მოიცვა.


პანსიონის შესახებ გაშუქებულმა ცნობებმა ნათლად აჩვენა, რომ ბავშვთა სახლები დღემდე რჩება სახელმწიფოს უდიდეს გამოწვევად, რომელთა გადაჭრაც სახელმწიფოს მხრიდან აქტიურ ღონისძიებებსა და ასევე, ფართო საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს.


ამ მხრივ ცხადია მნიშვნელოვანია მედიის პასუხისმგებლობაც, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და პრობლემის აქტუალიზაციის პროცესში. თუმცა, ამავე დროს, გამოიკვეთა გარკვეული საფრთხეებიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბავშვებთან დაკავშირებული, უაღრესად მგრძნობიარე თემების გაშუქებისას მედიას აბსოლუტური სიზუსტე და ეთიკური სიფრთხილის გამოჩენა მართებს.


ნინოწმინდის პანსიონის შემთხვევაში სიფრთხილე აუცილებელია იმ კონტექსტში, რომ თუნდაც ბავშვების ინტერესების დაცვის პროცესში მედიამ ნებსით თუ უნებლეთ თავადაც არ მიაყენოს არასრულწლოვან აღსაზრდელებს ფსიქოლოგიური ტრავმა და ასევე, მედია მაქსიმალურად უნდა მოერიდოს საკითხის უსაფუძვლო პოლიტიზებას და ისეთი ინფორმაციის ტირაჟირებას, რამაც საზოგადოება პრობლემის წინაშე გაერთიანების ნაცვლად, შესაძლოა, პოლიტიკური ნიშნით დაყოს და დისკუსია სრულიად არარელევანტურ ჭრილში გადაიტანოს.


სწორედ ამგვარი საფრთხე შექმნა 4 ივნისს რამდენიმე ტელევიზიის მხრიდან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის გაშუქებამ, რომლის სათაურშიც ვკითხულობთ: „2012-2021 წლებში ნინოწმინდის პანსიონს ბიუჯეტიდან 9,8 მილიონი გადაუხადეს. პრორუსი მეუფე სპირიდონი ბავშვებს მალავდა“.


სტატიაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი 2012 წლის 21 ნოემბერს დაარსდა“ და ხაზგასმულია, რომ „დაარსებიდან, 2012 წლიდან დღემდე პანსიონის დასაფინანსებლად 9,745,800 ლარი დაიხარჯა“.


ინფორმაცია 4 ივნისს, თავდაპირველად „მთავარი არხის“, „ფორმულისა“ და ტვ „პირველის“ ვებგვერდებზე გავრცელდა, ხოლო დღის ბოლოს ტვ „პირველის“ შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაშიც მოხვდა. 5 ივნისს კი „ფლანგვის დეტექტორის“ სტატიის მიხედვით მომზადებული სიუჟეტები „მთავარი არხისა“ და „ფორმულის” დღის საინფორმაციო გამოშვებებშიც გავიდა.


აღნიშნული ტელეარხებიდან „მთავარსა“ და ტვ „პირველზე“ გასულ სიუჟეტებში აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დაარსდა 2012 წელს და სწორედ ამ დროიდან, ანუ „ქართული ოცნებების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ხდება მისი დაფინანსება ბიუჯეტიდან.


ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ნამდვილად იძებნება ამონაწერი, საიდანაც ვიგებთ, რომ ორგანიზაციამ ოფიციალური რეგისტრაცია 2012 წლის 21 ნოემბერს გაიარა, თუმცა რეალურად პანსიონი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და ინფორმაცია ამის შესახებ საჯაროდ იძებნება ღია წყაროებში.


მათ შორის, პანსიონის დაარსების თარიღად 2004 წელია მითითებული თავად პანსიონის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზეც, ხოლო მედიაში არაერთი მასალა შეგვიძლია მოვიძიოთ იმის შესახებ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი სწორედ 2004 წელს დაარსდა და დაარსების დღიდანვე მას მეუფე სპირიდონი, იმ დროისთვის დეკანოზი გრიგოლ აბულაძე ხელმძღვანელობს.


პანსიონის 2012 წლამდე დაარსება ასევე დასტურდება ამავე დაწესებულების ერთ-ერთი ყოფილი ბენეფიციარის მონათხრობიდანაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ანონიმურად, მედიასთან უაღრესად შემაშფოთებელი განცხადებები გააკეთა: 19 წლის ყოფილი აღსაზრდელი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სასტიკი ძალადობის ფაქტებსა და მძიმე დანაშაულზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამბები, რომელსაც ის ჰყვება, 2006-2007 წლებიდან იწყება, 15 წლის ასაკში კი მან პანსიონი დატოვა.


რაც შეეხება პანსიონის დაფინანსების საკითხს, ცნობები 2012 წლამდე სახელმწიფოს მიერ პანსიონისთვის თანხისა და სხვა მატერიალური დახმარების გამოყოფის შესახებ ასევე იძებნება ღია წყაროებში.


მაგალითად, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულება, რომელის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს გამოეყო 100 000 ლარი ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისთვის გადასაცემად, ხოლო თავად მეუფე სპირიდონი 2006 წელს „კარიბჭისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ორი წლის წინ „უწმინდესის თხოვნით, პრეზიდენტმა სკოლის შენობა გადმოგვცა და პანსიონატი გავხსენით“.


აღნიშნული ქრონოლოგიური და სხვა ტიპის უზუსტობები დღეს ცხადია მეორეხარისხოვნად გამოიყურება იმ ფონზე, როცა დღის წესრიგში ბავშვების უსაფრთხოება დგას, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა საზოგადოების პარტიული ნიშნით დაყოფას და საკითხის ვიწროპოლიტიკურ ჭრილში გადატანას შეუწყოს ხელი, მნიშვნელოვანია მედია მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმ აქცენტებს, რომლებიც საზოგადოების მსჯელობისა და ზოგჯერ, დაპირისპირების მიზეზიც კი ხდება.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 1970
0 Comments