წითელი ვერსია
  • 7
  • 6863

მოულოდნელი არჩევანი

31 ოქტომბერი 2024

ათწლეულების განმავლობაში პირველად, „ვაშინგტონ პოსტი“ პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.


ეს გადაწყვეტილება, გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე, 25 ოქტომბერს გამოაცხადა.


გაზეთის გამომცემლის უილ ლუისის განცხადებაში აღნიშნულია:


„ვაშინგტონ პოსტი“ ამ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერას არ გამოხატავს. ეს არც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდება.“


2016 და 2020 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში, „პოსტი“ დონალდ ტრამპის მიმართ კრიტიკული სტატიებით გამოირჩეოდა და დემოკრატ კანდიდატებს უჭერდა მხარს.


წელს კი, ტრადიციის მოულოდნელი ცვლილება, ბევრმა დემოკრატმა მკითხველმა, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საწინააღმდეგო, მიკერძოებულ გადაწყვეტილებად აღიქვა.


შედეგად, გამომცემლის მიერ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, მკითხველებმა „ვაშინგტონ პოსტის“-ის ციფრული პლატფორმის გაუქმება დაიწყეს. ჯამში, გამოცემამ 250 000 გამომწერი დაკარგა.


ეს გადაწყვეტილება თავად დონალდ ტრამპმაც მის მხარდამჭერ ნაბიჯად აღიქვა, ან როგორც CNN წერს, - წინასაარჩევნო იარაღად გამოიყენა.


„ისინი ყოველთვის დემოკრატებს უჭერდნენ მხარს, ახლა კი აღარავის. იცით, რას ამბობენ ამით სინამდვილეში? იმას, რომ ეს დემოკრატები უვარგისები არიან, მე კი შესანიშნავად ვაკეთებ საქმეს. უბრალოდ ამის ხმამაღლა თქმა არ სურთ,“ - განაცხადა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ შეკრებაზე.


„ვაშინგტონ პოსტის“-ის მფლობელი, ცნობილი ბიზნეს-მაგნატი ჯეფ ბეზოსია.


25 ოქტომბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც გამოცემამ ახალი სარედაქციო პოლიტიკის შესახებ განაცხადა, ბეზოსის კუთვნილი ერთ-ერთი კომპანიის, Blue Origin-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი დეივ ლიმპი დონალდ ტრამპს შეხვდა.


ამ ფაქტმა ეჭვები გაამძაფრა. თუმცა თავად ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ შეხვედრის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა.


ბიზნეს-მაგნატმა მისი გამოცემის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებაც გამოაქვეყნა:


„მწარე სიმართლეა, რომ ამერიკელები საინფორმაციო მედიას აღარ ენდობიან. ხალხის ნდობასთან დაკავშირებით, Gallup-ის წლევანდელმა გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ მედიის რეპუტაცია კონგრესზე დაბლა დაეცა. ჩვენს პროფესიას დღეს ყველაზე დიდ უნდობლობას უცხადებენ. აშკარაა, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ.


გაზეთები თავის საქმიანობაში უნდა იჩენდნენ სიზუსტეს. აუცილებელია, რომ ხალხს სჯეროდეს ამ სიზუსტის. თუმცა ხალხის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მედია მიკერძოებულია..


ეს გადაწყვეტილება არავის სასარგებლოდ არ მიგვიღია. კონსულტაციები არ გვქონია არცერთ კანდიდატთან და არც მათ საარჩევნო შტაბებთან,“ - წერს ბეზოსი.


„ვაშინგტონ პოსტის“ მსგავსად, ტრადიციას უღალატა „ლოს-ანჯელეს თაიმსმაც“.


გამოცემა საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატ კამალა ჰარისის მხარდაჭერას აპირებდა, თუმცა მისმა მფლობელმა ეს გეგმა დაბლოკა.


„ლოს-ანჯელეს თაიმსი“ წელს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფავორიტს არ გამოარჩევს.


მისი მფლობელის, პატრიკ სუნ-შიონგის ეს გადაწყვეტილება, სარედაქციო საბჭოს ხელმძღვანელმა გააპროტესტა და თანამდებობა დატოვა:


„ვტოვებ თანამდებობას, რადგან ჩემთვის გაჩუმება მიუღებელია,“ - განმარტა მარიელ გარსამ.


„ლოს-ანჯელეს თაიმსი“ კალიფორიაში ყველაზე მაღალი ტირაჟის მქონე გაზეთია და მთელი ქვეყნის მასშტაბითაც, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული.


ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კი კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორია და შტატის სენატორადაც მსახურობდა. CNN-ის ცნობით, ამ ფონზე, გადაწყვეტილებამ, რომ დემოკრატი კანდიდატისთვის მხარი არ დაეჭირათ, გამოცემის სარედაქციო გეგმებში პოლიტიკური ჩარევის შესახებ ეჭვები გააჩინა.


თავად მფლობელმა, პატრიკ სუნ-შიონგმა კი განმარტა:


„სარედაქციო საბჭოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატის პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეების ფაქტობრივი ანალიზი გაეკეთებინა. ასევე გაეანალიზებინა, თუ როგორ აისახება ეს პოლიტიკა ქვეყანაზე. არაპარტიული და მკაფიო ინფორმაციის მიწოდებით, ჩვენი მკითხველები თავად გადაწყვეტენ, ვინ იმსახურებს მომდევნო 4 წლის ვადით პრეზიდენტობას,“ - წერს სუნ-შიონგი სოციალურ ქსელში.


ფოტო foxnews.com

მარიამ გიგანი
  • 7
  • 6863
0 Comments