წითელი ვერსია
  • 20
  • 9697

მოსალოდნელი მაგრამ მოულოდნელი...

26 ივლისი 2024

ჯო ბაიდენის განცხადებას, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ, ამერიკული მედია მოუმზადებელი შეხვდა.


მართალია, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი პროგნოზირებადი იყო, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას თუ პირდაპირ ბაიდენის წერილიდან შეიტყობდნენ, არავინ ელოდა.


მსხვილი ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის ტელეარხები CNN, MSNBC თუ FoxNews, ელოდნენ, რომ საარჩევნო რბოლიდან ბაიდენის გამოთიშვის გადაწყვეტილების შესახებ ჯერ საკუთარი წყაროებიდან შეიტყობდნენ.


იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტის გეგმებზე ინფორმაცია მისი უახლოესი გარემოცვიდან ან თეთრი სახლიდან გაჟონავდა, ამერიკული გამოცემების ჰედლაინებში გაჩნდებოდა, რასაც შემდეგ, თავად ბაიდენის ოფიციალური განცხადება მოჰყვებოდა.


თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, თეთრი სახლის მაღალი რანგის პერსონალმა და ბაიდენის საარჩევნო შტაბმაც კი, მის გასაჯაროებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე შეიტყვეს.


მედიაში წერენ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.


ბაიდენმა, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ არჩევნების მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებდა, 21 ივლისს, ვაშინგტონის დროით 13:45-ზე, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ ამერიკელ ხალხს წერილობითი ფორმით აცნობა.


ამ დროს CNN-ის წამყვანი ვულფ ბლიცერი, ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ლანჩს მიირთმევდა.


როგორც ჩანს, ამ შოკისმომგვრელ სიახლეს არ ელოდა, ამიტომ ინსტაგრამსა და X-ზე ფოტოც კი გამოაქვეყნა, სადაც ერთ ხელში კოქტეილი უჭირავს, მეორეში - მენიუ.


ფოტოს გამოქვეყნებიდან 26 წუთში ჯო ბაიდენის წერილი გასაჯაროვდა, ზუსტად 1 საათში კი, ბლიცერს სასწრაფო წესით პიჯაკის ჩაცმა, სატელევიზიო გრიმის გაკეთება და პირდაპირ ეთერში საგანგებო ფორმატით შესვლა მოუწია.


CNN-ის პოლიტიკური მიმართულების წამყვანი რომ რესტორანში სრულიად აუღელვებლად იჯდა, მაშინ როცა ამერიკის და მთელი მსოფლიოსთვის დღის მთავარი სიახლე გასაჯაროვდა, ამერიკული ღამის შოუების სახუმარო თემაც კი გახდა.


„ვფიქრობ არავინ იყო ბაიდენის განცხადებით ისეთი შოკირებული, როგორც CNN-ის ვულფ ბლიცერი“. - განაცხადა ღამის შოუში სტივენ კოლბერტმა და აღნიშნა, რომ ბლიცერს პირდაპირ ეთერში ბაიდენზე საუბარი, სავარაუდოდ, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მოუხდა.


ბაიდენის განცხადების გამო, სპეციალური საინფორმაციო გამოშვებები საგანგებო რეჟიმში მოამზადეს სხვა ამერიკულმა ტელეარხებმაც.


ABC-ის რეიჩელ სკოტი პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში იმყოფებოდა, სადაც დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის ფაქტს აშუქებდა. სკოტი ამერიკელი მაყურებლის წინაშე ბაიდენის განცხადებიდან 19 წუთში წარდგა. მის სპეცრეპორტაჟს შეუერთდა არხის ყველა წამყვანი, პოლიტიკური კორესპონდენტები და კომენტატორები.


რეიჩელ სკოტს 2 წუთით დაასწრო NBC-ის ჰოლი ჯეკსონმა, რომლის სპეცრეპორტაჟი ლესტერ ჰოლტმა გააგრძელა და NBC-ის ღამის საინფორმაციო გადაცემა, ასევე 2 საათიანი სპეციალური რეპორტაჟი წაიყვანა.


FoxNews იყო პირველი ამერიკული ტელეარხი, რომელმაც მაყურებელს ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. ტელეწამყვანმა მაიკ ემანუელმა ინფორმაცია პრეზიდენტის განცხადების გამოქვეყნებიდან ზუსტად 5 წუთში გადასცა.


MSNBC-ის წამყვანმა კი ბაიდენის კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ ეთერში შეიტყო. პრეზიდენტის ყოფილმა პრეს-მდივანმა, ჯენ ფსაკიმ სიახლე მაყურებელს ასე გააცნო:


„თავად მიჭირს ამ ინფორმაციის გააზრება, რადგან მისთვის წელიწადნახევარი ვიმუშავე. პრეზიდენტი ბაიდენი შთამბეჭდავი პიროვნება და პრეზიდენტია“ - აღნიშნა ფსაკიმ.


ზემოთ ჩამოთვლილი მედიასაშუალებები, საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, ჯო ბაიდენის ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ შემაშფოთებელ ცნობებს თითქმის 24-საათიან რეჟიმში აშუქებდნენ და ექსპერტებთან ერთად აქტიურად აანალიზებდნენ.


სწორედ მათი ეთერიდან გაისმა არაერთი მოწოდება, რომ პრეზიდენტს საარჩევნო რბოლა დაეტოვებინა.


მედიის მხრიდან კრიტიკა, დემოკრატიული პარტიის მხრიდან კი დიდი წნეხი მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 ივნისს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან პირველი საპრეზიდენტო დებატები წააგო.


დემოკრატიული პარტიის ლიდერების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ბაიდენი დანებებას არ აპირებდა.


თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 20 ივლისს პრეზიდენტს საკუთარი საარჩევნო შტაბის მიერ ჩატარებული, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, ტრამპთან დაპირისპირებაში გამარჯვების შანსები აღარ ჰქონდა.


მარიამ გიგანი
  • 20
  • 9697
0 Comments