წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 71

მორიგი ბრალდებები BBC-ის წინააღმდეგ

28 დეკემბერი 2025

ათწლეულების განმავლობაში სიმართლის და ობიექტურობის ერთგვარ საზომად მიჩნეულ ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს სიცრუეში, პროპაგანდასა და სისტემურ მიკერძოებაში ადანაშაულებენ.


ბრიტანული მაუწყებლის მისამართით ბრალდებები პრეზიდენტ ტრამპის სკანდალით არ დასრულებულა. დღეს, როდესაც არხის რეპუტაცია სასწორზე დევს, მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომლებმა BBC-ის სარედაქციო პოლიტიკის ხარვეზებზე ღიად საუბარი გადაწყვიტეს.


BBC-ის საინფორმაციო გამოშვება მხოლოდ იმას კი არ გიყვება თუ რამოხდა, არამედ მიგითითებს, როგორ იფიქრო“, - განმარტავს დევიდ შადორი. ის BBC-ის ღამის საინფორმაციო გამოშვებისთვის 2 წელი გრაფიკულ დიზაინერად მუშაობდა. დევიდ შადორი იხსენებს იმ დღესაც, როდესაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2021 წლის 6 იანვრის განცხადება ბრიტანულმა მაუწყებელმა გადაცემა „პანორამაში“ იმგვარად დაამონტაჟა, თითქოს, ტრამპი მხარდამჭერებს ძალადობისკენ მოუწოდებდა.


„სარედაქციო შეხვედრაზე ერთ-ერთმა პროდიუსერმა იკითხა, ეს ვიდეო ეთერში როგორ გავიდაო. ამ დროს მთავარმა რედაქტორმა უპასუხა: რას ვიზამთ, ეს უკვე მოხდაო. ჩემთვის გამაოგნებელი იყო, რომ ასეთი სიცრუე შექმნეს და ეს უბრალოდ შერჩებოდათ. არადა BBC-ის სტანდარტია, რომ არ შეიძლება ვიდეომასალის გაყალბება, მისთვის მნიშვნელობის შეცვლა. თანაც ეს მხოლოდ ერთხელ არ გაუკეთებიათ. ვფიქრობ, ტყუილების შემდეგ ნდობას ვეღარ დაიბრუნებ“,- თქვა დევიდ შედორმა.


BBC-ის ყოფილი თანამშრომელი ასევე ამბობს, რომ არხზე ერთგვარი ეკოსისტემა იყო შექმნილი, სადაც იდეოლოგიის ჭრილში ექცეოდა თითოეული ტექსტი და გადაცემა. დევიდ შედორის თქმით, უფროსი კორესპონდენტები ცდილობდნენ, მაუწყებლის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის საჭირო ნარატივი ჩაესვათ სრულიად არარელევანტურ თემებში.


შედორი საკუთარ გამოცდილებასაც იხსენებს, როცა მას, როგორც გრაფიკულ დიზაინერს, ფაქტების შენიღბვა დაავალეს. მაგალითად კი მოჰყავს ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდი, როცა პროდიუსერებმა ყოფილი პრეზიდენტის ფოტოები ისე დაამუშავებინეს, რომ ჯო ბაიდენის ფიზიკური და კოგნიტური ჯანმრთელობის პრობლემები შეუმჩნეველი ყოფილიყო. დევიდ შედორის თქმით, ეს ყველაფერი მემარცხენეთა პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურებოდა.


BBC-ის პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს არხის ვეტერანი ჟურნალისტიც. რობინ ეიტკინმა ბრიტანულ მაუწყებელში 25 წელი იმუშავა, თუმცა წლებია, რაც BBC-ის ობიექტურობის აღარ სწამს.


რობინ ეიტკინი წლების განმავლობაში სხვადასხვა თემაზე მუშაობდა, მათ შორის ბიზნესზე, ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებზე. ვეტერანი ჟურნალისტი იხსენებს, რომ BBC-ის კონკრეტულ თემებზე განსაზღვრული პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა, რომელსაც რეპორტაჟში ვერ გადაუხვევდი.


ეიტკინის თქმით, გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ 2016 წლის რეფერენდუმის დროს, განსაკუთრებით ეზღუდებოდა ევროსკეპტიკური მოსაზრებების გაშუქება. BBC-ის ვეტერანი ჟურნალისტი ამბობს, რომ ნიუსრუმში ცალკე იყო LGBTQ+ განყოფილება, რომელიც გენდერის თეორიის პროპაგანდით იყო დაკავებული და სქესის შეცვლის შესახებ განსხვავებულ მოსაზრებებს ბლოკავდა.


ვეტერანი ჟურნალისტის შეფასებით ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემური მიკერძოების გამო მასშტაბურ რეფორმას საჭიროებს, თუმცა არხი ამ დრომდე უარყოფის რეჟიმშია:


„თუკი ერთხელ მაინც აღიარებენ, რომ BBC-ის მიუკერძოებლობა მითიური მონსტრია, მაშინ რეაგირება მოუწევთ. ამიტომაც მთელი ორგანიზაცია უარყოფაზეა გადასული. ეს არის შთამბეჭდავი სპექტაკლი, სადაც ცდილობენ, არ შეიმჩნიონ რეალობა. რეალობა, რომელიც საზოგადოებამ უკვე შენიშნა - რომ BBC არაობიექტურია“,- თქვა რობინ ეიკინმა ბრენდან ო’ნილის შოუში.


“BBC დღემდე იცავს ობიექტურობას, თუ ჟურნალისტიკა პოლიტიკურმა აქტივიზმმა ჩაანაცვლა?“ - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს მაუწყებლის კიდევ ერთი ყოფილი შტატგარეშე თანამშრომელი, ჟურნალისტი ენდრიუ გოლდი. თავად გოლდი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკურად მიკერძოებულია და ეს მის ყველა გადაცემაში იგრძნობა. თუმცა ამ თემაზე სასაუბროდ გოლდმა საკუთარ გადაცემაში BBC-ის ვეტერანი წამყვანი, 40-წლიანი გამოცდილების ჟურნალისტი, კრის პეკჰემი მიიწვია.


პეკჰემი მაუწყებლისთვის წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ვეტერანი ტელეწამყვანი აცხადებს, რომ BBC დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ხარისხიანი კონტენტის შემქმნელია და ყოველდღიურად გამორჩეულ გადაცემებს ამზადებს. მართალია, პეკჰემი აღიარებს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო განყოფილებას გარკვეული პრობლემები აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ BBC თავისი მნიშვნელობითა და ღირებულებით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.


„ვფიქრობ, BBC სიმართლის თხრობის საუკეთესო შანსს გვთავაზობს. პრობლემების ფონზე მე ძალიან მონდომებით ვიცავ ბრიტანეთის მაუწყებელს, რადგან ის უკიდურესად ღირებულია, როგორც მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი. BBC-ის მასშტაბიდან გამომდინარე, იქ შეუძლებელია, არსებობდეს სისტემური მიკერძოება, რადგან ეს არხი ძალიან მრავალფეროვანია. თუმცა საჭიროა რეფორმა, რომ ხარვეზები გამოსწორდეს“,-აცხადებს კრის პეკჰემი.


ვეტერანი ჟურნალისტი განმარტავს, რომ აზრს მოკლებულია მტკიცება, თითქოს ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სიმართლეს ნიღბავენ და სიცრუეს ავრცელებენ.


BBC-ის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობაშიც:


„ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ძლიერი, დამოუკიდებელი BBC-ის, როგორც სანდო ეროვნული მაუწყებლის პრინციპს. ანუ არხის, რომელიც შიშისა თუ ფავორიტიზმის გარეშე მაუწყებლობს. თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მან ნდობა შეინარჩუნოს და სწრაფად გამოასწოროს შეცდომები, როგორც კი მათ გამოავლენს“,- განაცხადეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში.


ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემურ მიკერძოებას თავად არხის ხელმძღვანელობაც კატეგორიულად უარყოფს. BBC აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატთა გუნდთან სასამართლოში ბრძოლასაც გეგმავს, რადგან აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის რეპუტაციისთვის მის გადაცემას ზიანი არ მიუყენებია. სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში, მაუწყებელს თეთრი სახლის ლიდერისთვის 10 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს.



მარიამ გიგანი
  • 0
  • 71
0 Comments