წითელი ვერსია
  • 0
  • 4953

მოდელირების მოდა

03 ივლისი 2020

გასულ კვირას ქართულ მედიაში დაიწყო დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის“ ირგვლივ მოდელირებული სინამდვილის შექმნა, რის თაოსნებადაც ხელისუფლებასთან დაპირისპირებული და ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები მოგვევლინენ.


სავარაუდოდ, თემის შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა: ფინანსური ხელმოკლეობის გამო ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ევროპაში გასამგზავრებლად სწორედ ამ ავიაკომპანიის მომსახურებით სარგებლობს და, შესაბამისად, ცნობა „ვიზეარის“ მიერ საქართველოს დატოვებაზე სამიზნე აუდიტორიაში უდავოდ მოახდენდა მსუსხავ ეფექტს.


1 ივლისს „მთავარმა არხმა“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც „ვიზეარი“ საქართველოში მუშაობას წყვეტდა, ქუთაისში ბაზას აუქმებდა, თვითმფრინავები ქვეყნიდან გაჰყავდა, თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებდა და, რაც მთავარია, ავიაკომპანიის ეს ნაბიჯი პირდაპირი იქნა დაკავშირებული საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან, რომ ივლისის თვეში საერთაშორისო ფრენები კვლავ შეზღუდულად განხორციელდებოდა.


რეპორტაჟში ანონიმი თანამშრომელი ამბობს, რომ „ვიზეარმა“ ვერ გაიგო, რა უნდოდა საქართველოს მთავრობას და ამიტომ დახურა საქმიანობა. აქცენტი გასაგებია: ხელისუფლება უცხოურ კომპანიას საქმიანობისთვის სათანადო პირობებს ვერ უქმნის და, ნებსით თუ უნებლიეთ, აიძულებს, წავიდეს.


სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლები ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ. აქაც გასაგებია, რაზე კეთდება აქცენტი: ხელისუფლებისთვის მიუღებელი აზრის გამოთქმა ისჯება; რეპორტაჟს აგვირგვინებს გზავნილი, რომ მომხდარს მძაფრი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში და მოქალაქეები ამ ფაქტს აპროტესტებენ.


მას შემდეგ, რაც მოდელირებული რეალობისა და ტენდენციურად მიწოდებული ინფორმაციის პირველმა დოზამ აუდიტორიის გარკვეულ ნაწილში ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შექმნა, დაიწყო ინფორმაციის მომდევნო დოზის გავრცელება. მედია უკვე იძულებულია, გაითვალისწინოს თავად „ვიზეარისა“ და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელთა მიხედვით განსხვავებული და სინამდვილესთან მიახლოებული სურათი იკვეთება.


კერძოდ, ირკვევა, რომ კომპანია საქართველოს არ ტოვებს, ხოლო პანდემიური სიტუაციის გამო დროებით შეწყვეტილი ფრენები განახლდება მგზავრთა გადაყვანის მოთხოვნის გაზრდისთანავე;

მეტიც: არსებულ მარშრუტებს ახალი მიმართულებები დაემატება.


ამ განმარტებების მიუხედავად, რეალობას დაშორებულმა ინფორმაციის პირველმა ნაკადმა თავისი საქმე მაინც გააკეთა: მოქალაქეთა ნაწილში გააძლიერა ნეგატიური განწყობა, კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ და ამ ფონმა ოპოზიციის ლიდერებს ხელისუფლებაზე იერიშის მისატანად ხელსაყრელი საბაბი მისცა.


იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც „ვიზეარის“ თემიდან გულმოდგინედ ცდილობდნენ, ცდილობენ და, ალბათ, მომავალშიც ეცდებიან მათთვის მისაღები სურათის მოდელირებას, თავისუფლად შეეძლოთ დალოდებოდნენ ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებას, საქართველოს მთავრობის განმარტებას და შემდეგ მიეწოდებინათ აუდიტორიისთვის რეპორტაჟი.


სხვათა შორის, ეს რეპორტაჟი, შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო ხელისუფლებისათვის მაამებელი, რადგან ამ თემაზე არაერთი მწვავე შეკითხვა შეიძლება დაისვას. მაგალითად, მედიასაშუალებებს შეეძლოთ გაერკვიათ, პანდემიის გამო საქართველოს გარდა კიდევ რომელ ქვეყნებში შეაჩერა ფრენები „ვიზეარმა“; დაედგინათ მგზავრთა გადაყვანის რა მოთხოვნილება იქნებოდა საკმარისი ავიაკომპანიისათვის ფრენების აღსადგენად და ა.შ.


ეს ყველაფერი, ცხადია, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მედიას ექნებოდა ერთადერთი სურვილი და მიზანი: აუდიტორიას ჰქონოდა ყოვლისმომცველი ინფორმაცია ამ კონკრეტულ საკითხზე. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ცალკეულმა მედიასაშუალებებმა მოგვიანებით ოფიციალურად მოუხადეს ბოდიში მკითხველს არაზუსტი ინფორმაციისათვის.


ზაალ ანჯაფარიძე
  • 0
  • 4953
0 Comments