წითელი ვერსია
  • 8
  • 4210

მერდოკები სასამართლო დარბაზში

23 სექტემბერი 2024

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაიმპერიის ბედი ნევადის შტატის უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.


16 სექტემბერს, დახურულ კარს მიღმა, დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც ცნობილი მედიამაგნატის - რუპერტ მერდოკის მემკვიდრეობის საკითხი განიხილება.


კერძოდ, საუბარია იმაზე, ვის ხელში აღმოჩნდება ტელეკომპანია Fox News, გამოცემა The Wall Street Journal, News Corporation და მერდოკის 14.9 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ოჯახური ტრასტი.


93 წლის რუპერტ მერდოკის ოჯახური ტრასტი 1999 წელს შეიქმნა და მედიაკომპანიებიც მის საკუთრებაშია. ოჯახური ტრასტი თავად მერდოკს 4 ხმის უფლებას აძლევს, მის 4 უფროს შვილს კი თითო ხმის უფლება აქვთ.


სწორედ ამ ხმებით შეუძლიათ მათ გადაწყვეტილებების მიღება ისეთი მედიასაშუალებების მართვისას, როგორიცაა Fox News და News Corp.


1999 წელს შექმნილი ტრასტის თანახმად, რუპერტ მერდოკის გარდაცვალების შემდეგ, მის კუთვნილ 4 ხმას, მისი 4 შვილი თანაბრად გადაინაწილებდა. მედიამაგნატს ახლა სწორედ ამ პირობის შეცვლა სურს ისე, რომ მართვის სადავეები მხოლოდ მისმა უფროსმა ვაჟმა, 53 წლის ლაქლან მერდოკმა გადაიბაროს.


მამის ამ მცდელობას დანარჩენი სამი შვილი აპროტესტებს. სწორედ მათ - პრუდენს მაკლოიდს, ელიზაბეთ მერდოკს და ჯეიმს მერდოკს უპირისპირდება რუპერტ მერდოკი სასამართლოში.


მედიაიმპერატორად ცნობილ რუპერტ მერდოკს, რომელმაც 5-ჯერ იქორწინა, კიდევ ორი შვილი ჰყავს - გრეისი და ქლოი, თუმცა ისინი ოჯახურ ტრასტში არანაირი უფლებით არ სარგებლობენ.


„რუპერტ მერდოკს თავის ერთადერთ მემკვიდრედ ლაქლან მერდოკი სურს, უფროსი ვაჟი, რომელიც ამჟამად კომპანიას მართავს. აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახურ ტრასტში ცვლილებების შეტანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუკი ეს ცვლილება ოთხივე შვილისთვის სარგებლის მომტანი იქნება. რუპერტ მერდოკი კი ამბობს, რომ ლაქლანისგან განსხვავებით, დანარჩენი სამი შვილი პოლიტიკურად უფრო ნეიტრალურები არიან და შესაძლოა, მედიაკომპანიებს პოლიტიკური ორიენტაცია შეუცვალონ. ეს კი ამ კომპანიების ღირებულებებსა და შესაბამისად, მემკვიდრეებზე უარყოფითად აისახება,“ - თქვა New York Times-ის ჟურნალისტმა ჯიმ რუტენბერგმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში.


რუპერტ მერდოკს თავისი კომპანიის კონსერვატიული ღირებულებების დაცვა სურს.


სწორედ პოლიტიკური ნიშნით უთანხმოების გამო აღმოჩნდა მერდოკების ოჯახი სასამართლო დარბაზში.


თუ რუპერტ მერდოკი სასამართლო პროცესს წააგებს და მედია-გიგანტების მართვას ოთხივე შვილი თანაბარი უფლებით გააგრძელებს, სავარაუდოდ, Fox News კონსერვატიულ სარედაქციო პოლიტიკას შეიცვლის.


ეს კი ამერიკულ პოლიტიკაში მიწისძვრას მოასწავებს.


ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, შეერთებული შტატების ისტორიაში, არცერთ სხვა მედიას არ ჰქონია ისეთი ძლიერი გავლენა პოლიტიკაზე, როგორც Fox News-ს, - წერს გამოცემა The Guardian.


ტელეკომპანია Fox News ამერიკული პოლიტიკის მამოძრავებელ ძალად განიხილება. ხშირად ტელეარხი მკაცრი კრიტიკის ობიექტიცაა - მას კონსერვატიული პოლიტიკისადმი მიკერძოებაში ადანაშაულებენ, ამბობენ, რომ 2016 წელს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი იყო და ახლაც იგივეს ცდილობს.


ABC News-ის ცნობით, ტრამპის მიმართ დადებით განწყობას, ლაქლან მერდოკისგან განსხვავებით, პრუდენსი, ელიზაბეთი და ჯეიმსი არ იზიარებენ.


ამერიკულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ Fox News-ის ნიუ-იორკის ფილიალში, ტელეწამყვანები უკვე განიხილავენ სავარაუდო სცენარს, რომელშიც რუპერტ მერდოკი სასამართლოს წააგებს და კომპანია უფრო ლიბერალი ჯეიმს მერდოკის და მისი დების გავლენის ქვეშ აღმოჩნდება. The Guardian-ის ცნობით, წამყვანები ფიქრობენ, თუ როგორ მოარგონ მათი ამჟამინდელი ბრენდი პოტენციურად ახალ სარედაქციო პოლიტიკას.


რუპერტ მერდოკის მედიაიმპერია და მისი ოჯახი ცნობილი სატელევიზიო სერიალის - „მემკვიდრეობის“ (Succession) შთაგონების წყაროა. რადგან მერდოკების ოჯახში არსებული უთანხმოება მართლაც სატელევიზიო დრამას დაემსგავსა, ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან, რა ხდება სასამართლო დარბაზის კარს მიღმა.


თუმცა, საქმის კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესს მხოლოდ მერდოკები და მათი ადვოკატები ესწრებიან.


მსხვილმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის New York Times-მა, Washington Post-მა, Associated Press-მა და CNN-მა, ჯერ კიდევ 4 სექტემბერს, ერთობლივად მიმართეს სასამართლოს და პროცესის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მისი გასაჯაროება მოითხოვეს, თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.


ფოტო deadline.com

მარიამ გიგანი
  • 8
  • 4210
0 Comments