წითელი ვერსია
  • 9
  • 13960

მედიის თავისუფლება და პასუხისმგებლობა ეპიდემიის დროს

20 მარტი 2020

მსოფლიოს ისტორიამ დაამტკიცა, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როგორიცაა ომი, რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება, სტიქიური უბედურება, ტექნოგენური კატასტროფა, ეპიდემია და სხვა, მასმედიის როლი და პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად იზრდება;


ამ გაზრდილ პასუხისმგებლობას მედია ზოგჯერ დაგვიანებით გრძნობს, ან საერთოდ ვერ ახერხებს იმის გაცნობიერებას, რომ ახალ გარემოში ძველი წესებით თამაში უბრალოდ შეუძლებელი ხდება.


საგანგებო სიტუაციებში მედიის როლის ზრდას უპირველეს ყოვლისა, ის ფაქტი გვიჩვენებს, რომ იზრდება თავად მედიის მომხმარებელთა რაოდენობა. თუ „ნორმალურ სიტუაციაში“ შესაძლებელია არსებობდნენ და არსებობენ კიდეც ადამიანები, რომლებიც ძალიან იშვიათად, ან თითქმის არ უყურებენ საინფორმაციო გამოშვებებს, ფორსმაჟორში ადამიანი უბრალოდ იძულებული ხდება, იყოს მუდმივად ინფორმირებული, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი და მისთვის ახლობელი ადამიანების სიცოცხლე.


ამიტომ ფორსმაჟორში მედია ვალდებულია, მაქსიმალურად ფრთხილად და პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმ ძალაუფლებას, რომელიც მას რეალურად გააჩნია; და განსაკუთრებული მგრძნობელობა გამოიჩინოს იმ თემის მიმართ, რომელიც ქმნის ფორსმაჟორულ რეალობას. ომის დროს ეს არის ომის თემა, სტიქიური უბედურების დროს - სტიქია, ეპიდემიის დროს - ეპიდემიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.


დღეს ალბათ რთულია იმის განსაზღვრა, დადგება თუ არა საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა ჩვენს ქვეყანაში, ან რამდენად შეეხება ეს მედიას, მაგრამ ალბათ დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ მედიას ხშირად უჭირს მიმდინარე გამოწვევის ადეკვატური პასუხისმგებლობის გაცნობიერება.


ამ გაუცნობიერებელი პასუხისმგებლობის ერთერთ ილუსტრაციად შეიძლება ჩაითვალოს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 19 მარტს გასული გადაცემა, ანა წერეთლის „დღის ამბები“, სადაც წამყვანის კითხვებს ქართველი დიზაინერი ზაალ ხეცურიანი (იგივე ზალიკო ბერგერი) პასუხობდა.


მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიისა და ჟურნალისტის თავდაპირველი ჩანაფიქრი სავარაუდოდ, დამთრგუნველ ატმოსფეროში ოპტიმისტური ნოტების შემოტანა იყო (რაც თავისთავად მისასალმებელია), რეალურად დაირღვა არაერთი ეთიკური თუ პროფესიული პრინციპი, რამაც საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად საპირისპირო შედეგთან მიგვიყვანა.


მაგალითად, რესპონდენტმა აშკარა ცინიზმით გაუსვა ხაზი 19 მარტს კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქის ასაკს (74 წელი) და სიტუაციისთვის არაადეკვატური, არასერიოზული ტონით გამოხატა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ასაკში დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ადამიანი კორონავირუსისგან დაიღუპება თუ რომელიმე სხვა მიზეზით.


ცხადია, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და მათ შორის, შესაძლოა ფიქრობდეს და ლაპარაკობდეს კიდეც ისე, როგორც ანა წერეთლის რესპონდენტი ლაპარაკობს, მაგრამ იმ დროს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემია განსაკუთრებით სახიფათო სწორედ ხანდაზმულთა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის, ასეთმა განცხადებამ, ეთიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, შესაძლოა გამოიწვიოს მასობრივი პანიკა ან დეპრესიული რეაქციები აღნიშნულ ჯგუფში, აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგით, რომელთა წინასწარ გათვლა აბსოლუტურად შეუძლებელია.


რესპონდენტის დამოკიდებულებისა და გამოხატვის ფორმის გარდა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, აშკარად ამოვარდნილი იყო სიტუაციის კონტექსტიდან, ცალკე უნდა აღინიშნოს თავად ჟურნალისტის პასიურობა, რაც შესაძლოა მაყურებლის მხრიდან აღქმული ყოფილიყო როგორც თანხმობა და აღიარება.


ჟურნალისტს მაშინაც არ გამოუვლენია კრიტიკული რეაქცია, როცა რესპონდენტმა ვირუსის წარმოშობის შესახებ საკუთარი ინტერპრეტაცია მოგვაწოდა და ეს ინტერპრეტაცია პრინციპში, ძალიან ჰგავდა მსოფლიო ყვითელ მედიაში ფართოდ გავრცელებულ ე. წ. „შეთქმულების თეორიებს“; სადაც ნებისმიერი პროცესი და საერთოდ, მთელი დედამიწა იმართება უცნობი საიდუმლო ჯგუფების მიერ, რომელთა შესახებაც დანამდვილებით არავინ არაფერი იცის და ა.შ.


ეს თეორიები შესაძლოა საინტერესო თემა იყოს დისკუსიისთვის უნივერსიტეტის აუდიტორიაში, ან თუნდაც იგივე მედიაში, ჩვეულებრივი, ანუ არაფორსმაჟორული ვითარების დროს; მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება ისევ და ისევ ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როცა ნებისმიერი სიტყვა შეიძლება ზვავის პირველი გუნდა გახდეს.


მაგალითად, მტკიცებით ტონში იმის თქმა, რომ ვირუსი შექმნილია მსოფლიოს რეალური მმართველების მიერ, რათა განადგურდეს მოსახლეობის ხანდაზმული ნაწილი, ფაქტობრივად არის პანიკის პროვოცირება, სულ მცირე, საზოგადოების ამ სეგმენტში მაინც; თუმცა რეალურ ცხოვრებაში პანიკა არასდროს შემოიფარგლება ერთი ასაკობრივი ან სოციალური ჯგუფით და დომინოს პრინციპით გადადის ერთი ჯგუფიდან მეორეში.


ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ მედიას მთლიანობაში ჯერჯერობით უჭირს ახალი რეალობისთვის ადეკვატური სტრატეგიის შემუშავება, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მაინც უნდა მოხდეს; რადგან ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, COVID-19 ქართული მედიისთვისაც იქნება სერიოზული გამოცდა, სადაც ჩაჭრისა და გადაბარების უფლება უბრალოდ არ გვექნება.


ზვიად ავალიანი
  • 9
  • 13960
0 Comments