წითელი ვერსია
  • 3
  • 3200

მედიის მძიმე კორონაკვარტალი

14 ივნისი 2020

სამი თვის წინ, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიის სტატუსი მიანიჭა ახალი კორონავირუსის დაავადებას, COVID-19-ს. კიდევ თვენახევრით ადრე, 30 იანვარს, იმავე ჯანმომ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შექმნილ საერთაშორისო მნიშვნელობის საფრთხედ (Public Health Emergency of International Concern, PHEIC) გამოაცხადა.


PHEIC-ი განმარტებულია, როგორც ვითარება, რომელიც „საშიშია სხვა სახელმწიფოთა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის დაავადების საერთაშორისო გავრცელების შედეგად და პოტენციურად მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას“. ბოლო 11 წელიწადში PHEIC-ი ექვსჯერ გამოცხადდა: H1N1-ის ანუ ე.წ. „ღორის გრიპის“ დროს (2009 წელს), პოლიომიელიტის აფეთქებისას (2014), დასავლეთ აფრიკაში ებოლას გავრცელებისას (2014), ზიკას ვირუსის ეპიდემიისას (2015-2016), კივუ ებოლას ეპიდემიის გაგრძელებისას (2018-2020) და ბოლოს, წლეულს, COVID-19-ის პირობებში. შესაბამისი რეკომენდაციები ჯერ კიდევ 2002-2003 წლებში შემუშავდა მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (Severe Acute Respiratory Syndrome, SARS) მასშტაბური აფეთქების შემდეგ.


პანდემიები კაცობრიობის ისტორიას მრავლად ახსოვს. მაგალითად ყველასთვის ცნობილი ჩუტყვავილა ან ტუბერკულოზიც კმარა. ყველაზე დაუნდობელი და მასშტაბური გამოდგა მე-14 საუკუნის შავი ჭირი (სხვადასხვა გათვლებით, მას 75-დან 200 მილიონამდე ადამიანი შეიწირა) და 1918-1919 წლების „ესპანური გრიპი“, რომელიც დედამიწის იმდროინდელი მოსახლეობის მესამედს (500 მილიონ ადამიანს) შეეხო და, სხვადასხვა წყაროს თანახმად, 15 თვეში 17-დან 100 მილიონამდე ადამიანი შეიწირა.


დღეს მსოფლიოში ორი პანდემია მძვინვარებს: უკვე არაერთგზის ნახსენებ COVID-19-ის გარდა ეს არის HIV/AIDS (აივ/შიდსი − ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია/შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი). მართალია, კორონავირუსმა ამჟამად სხვა ყველაფერი დაგვავიწყა, მაგრამ ფაქტია, რომ შიდსის სტატისტიკა უფრო დაუნდობელია: აღმოჩენიდან 40 წლის შემდეგაც (შიდსის პირველი კლინიკური შემთხვევა ამერიკაში 1981 წელს დადგინდა) ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი იღუპება (მარტო 2018 წელს მსოფლიოში შიდსით და მასთან დაკავშირებული დაავადებებით 770 ათასი ადამიანი გარდაიცვალა).


ყველა ეს ინფორმაცია ღია და ოფიციალურია − მრავალგზის გადამოწმებული, დადასტურებული და აღიარებული.


ერთი შეხედვით, ვითომ არის საჭირო ასეთი განმარტებები და ექსკურსები იმ ქვეყნის მედიისთვის, რომელიც, სხვების მსგავსად, თავით გადაეშვა კორონას ამბების გაშუქებაში და უამრავი ნაღდსა თუ ფსევდოწყაროს ფლობს?


ვფიქრობ, რომ არის, რადგან გახურებული კორონავირუსის პირობებშიც კი პირდაპირ ეთერში გაისმა, მაგალითად, ასეთი შეკითხვა: „პანდემია რა არის“? მედიასაშუალებები, თითქოს ამ საქმეში კომპეტენტური იყვნენ, აქტიური დისკუსია გააჩაღეს ეპიდემიოლოგებთან იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა (და თუ კი, რა რაოდენობით?) სწრაფი ტესტები, იცავს თუ ვნებს ადამიანს ზიარების საერთო კოვზი, ვინ, როგორ და სად უნდა ატაროს ან არ ატაროს პირბადე, გადააქვს თუ არა კორონავირუსი ქართულ ღამურას და ა.შ.


COVID-19-ის გავრცელებას ყველანი პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს და, ცხადია, ჭორ-მართლის აზელილ მორევში ცდომილებებს ვერ გამოვრიცხავთ. და, ცხადია, არა მარტო საქართველოში.

მაგალითად ავიღოთ სამი ყველაზე გავრცელებული წყარო, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით ვეყრდნობით ხოლმე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ავტორიტეტული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი (ქართული სამთავრობო რესურსი stopcov.ge სწორედ მის მონაცემებს აქვეყნებს) და ინტერნეტრესურსი www.worldometers.info, რომელსაც კერძო ამერიკული ციფრული კომპანია მართავს.


ერთსა და იმავე დროს სამივეს სხვადასხვა რიცხვები აქვს გამოფენილი. მაგალითად, 2020 წლის 11 ივნისს, თბილისის დროით 20:30 საათზე ჯანმო გვატყობინებს, რომ მსოფლიოში 7 273 958 ადამიანი დაინფიცირდა და 413 372 გარდაიცვალა; ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, ეს რაოდენობა, შესაბამისად 7 415 319-სა და 417 546-ს შეადგენს, ხოლო www.worldometers.info-ს თანახმად − 7 495 776-სა და 419 801-ს.


ამ რიცხვებით ჟონგლიორობაში მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებთან ერთად მეტისმეტი აზარტით არის ჩართული საქართველოს მედიაც. თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მთელი განვლილი სამი თვის განმავლობაში ძალიან იშვიათად მახსენდება შემთხვევა, ქართულ მედიას დაეზუსტებინოს, ამ სამიდან რომელ წყაროს ეყრდნობოდა მონაცემთა დასახელების დროს.


არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ქართულ მედიაში უაღრესად პოპულარული შედარებები და ისევ და ისევ რიცხვებით ჟონგლიორობა, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლებია თუნდაც უბრალო გრიპით გამოწვეულ გარდაცვალების შემთხვევებთან შედარებით. და, რაც მთავარია, გაკვირვებას იწვევს ის ზედაპირულობა, რომლითაც ხდება სრულიად ასიმეტრიული შედარება, როცა ერთმანეთს უპირისპირებენ უკვე დასრულებულ პანდემიებს და დღეს მიმდინარე პანდემიას, რომელიც არათუ არ დასრულებულა, არამედ ბევრგან მხოლოდ ახლა იკრებს ძალას.


იგივე ითქმის იმ მოსაზრების დაუსრულებელ ტირაჟირებაზეც, თითქოს კორონავირუსი უპირატესად ასაკოვან ადამიანებს ერჩის და ახალგაზრდებს ბუნებრივი იმუნიტეტი იცავთ. ამ კლიშეს ყოველწამიერ ხაზგასმაზე ქართულ მედიას ვერც მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა გაახალგაზრდავებულმა სტატისტიკამ ათქმევინა უარი და ვერც იმ ფაქტმა, რომ საქართველოშიც ერთ-ერთი გარდაცვლილი 45 წლის პირი აღმოჩნდა, რომელსაც რაიმე მომაკვდინებელი ქრონიკული დაავადება კი არ აღმოაჩნდა, არამედ ის სიმპტომები, ჩვენს ქვეყანაში უამრავ ადამიანს რომ აწუხებს − ჭარბი წონა და მაღალი წნევა.


საკითხისადმი ამგვარი ზერელე მიდგომის და, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ქართველი ექიმების წარმატებული საქმიანობის შედეგია თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ თავშეყრის ადგილას შექმნილი რეალობა, რომლის დროსაც ლამის ჭყლეტის მოწმენი გავხდით (სოციალურ დისტანციის დაცვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია).


ცხადია, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მსგავსი რამ ბევრ ქვეყანაში ვნახეთ, სადაც მრავალკვირიანი კარანტინის, შეზღუდვების მოხსნისა თუ შერბილების შემდეგ ადამიანებმა პირდაპირ სცადეს ძველ რეალობაში დაბრუნება, რომელიც სრულებითაც აღარ არის უწინდებური. პირიქით, ყველაფერი ახლებურია: საფრთხეებიც, მასშტაბებიც და გაურკვევლობის ხარისხიც. შესაბამისად, ახლებური უნდა იყოს მათთან ბრძოლის გზებიცა და ტექნოლოგიებიც.


ამაზე სადისკუსიოდ ქართული მედია ჯერჯერობით ვერ იცლის. თუმცა, მუდმივად გვთავაზობს სხვა „საბრძოლო სიახლეებს“; მაგალითად, როგორ ებრძვიან, წვავენ და თხრიან ზოგიერთ ქვეყნებში 5G-ის ანტენებს იმ მოტივით, რომ კორონავირუსის გავრცელება შეაფერხონ. ასეთი „ეგზოტიკური“ სიახლეებისთვის ქართულ მედიასივრცეში ადგილი ყოველთვის მოიპოვება.


რეზო საყევარიშვილი
  • 3
  • 3200
0 Comments