წითელი ვერსია
  • 2
  • 4692

მედიააურზაური „ონის კასკადის“ გარშემო

12 მაისი 2020

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური პროექტი, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურიც, გარკვეულწილად საფრთხისშემცველია და ეკოლოგიაზე ზემოქმედებას ახდენს. სწორედ ამიტომ, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შემოწმება, რამდენად დაზღვეულია უსაფრთხოება და რა კეთდება საიმისოდ, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარემოზე ზემოქმედების ეფექტი.


ენერგოკრიზისგამოვლილ და ეკონომიკურად ნაკლებადგანვითარებულ ქვეყანაში სადავო არ არის და ვერც იქნება შეკითხვა, გვჭირდება თუ არა საბაზისო ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა? - კითხვაზე პასუხი ცალსახაა: დიახ, გვჭირდება.


თუმცა, ჰესების მშენებლობის საკითხს საზოგადოების საკმაოდ დიდი ჯგუფებისგან უმწვავესი რეაქციები მოჰყვება ხოლმე, რაც სწორედ საფრთხეების შესახებ გაჩენილ შეკითხვებს უკავშირდება.


როდესაც ჟურნალისტი ასეთ სენსიტიურ თემას აშუქებს, მას განსაკუთრებით მართებს ფაქტების და მოცემულობების გადამოწმება.


10 მაისს „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასული ვრცელი სიუჟეტი „მშვიდობით, რაჭა!“ - სათაურში და პირველივე ფრაზიდან გვეუბნება, რომ რაჭის დაღუპვა გარდაუვალია, თუკი მოსახლეობა დაუშვებს მდინარე რიონზე ონის კასკადის აშენებას. ჟურნალისტის წინასწარგანწყობა თავიდანვე მკაფიოდ, ძახილის ნიშნით აღინიშნა და სიუჟეტში მოყვანილი ყველა ე.წ. მტკიცებულება სწორედ ამ აზრის გამყარებას ემსახურებოდა.


სიუჟეტის ავტორმა გამოიყენა ადგილობრივი თემის რამდენიმე წარმომადგენლის ემოციური განცხადება; აღნიშნა, რომ სწორედ ეპიდემიის დროს, 17 მარტს მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოსახლეობისაგან ფარულად, კომპანია „ონის კასკადს“ მშენებლობის ლიცენზია მისცა; ასევე აღნიშნა, რომ მდინარე რიონი შეგნებულად ამოიღეს დაცული ტერიტორიების ნუსხიდან.


ჟურნალისტი მთლიანად და უპირობოდ დაეყრდნო არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალეტრნატივის“ წარმომადგენლების განცხადებებს და საბოლოოდ, რაჭის მოსალოდნელი აპოკალიფსის სურათი დახატა;


სიუჟეტის პათოსი იყო მკაფიო და უეჭველი გზავნილი საქართველოსთვის, რომ რაჭის დაღუპვა გარდაუვალია, თუკი მოსახლეობა დაუშვებს იქ „ონის კასკადის“ აშენებას.


ერთადერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც ჟურნალისტმა სიუჟეტში დაასახელა, - უკავშირდება პროექტის რეგისტრაციის თარიღს, რომელიც არასწორად იყო მითითებული. პროექტი 2017 წლის 29 დეკემბერს დარეგისტრირდა და არა წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს. წლის ბოლო დღის მინიშნება უკავშირდება იმ ეჭვს, რომ პროექტთან დაკავშირებით რაღაც დაფარული და მიჩქმალულია, რადგან კომპანია დაინტერესებულია, გვერდი აუაროს ჰესების მშენებლობის ახალ ევროპულ ნორმატივებს, რომელიც 2018 წლიდან შევიდა ძალაში.


რატომ არის უსაფრთხოების უპირობო გარანტია ევროპული ნორმატივი და რატომ ჩათვალა ჟურნალისტმა ჰესების მშენებლობის ძველი ნორმატივი უვარგისად, ამაზე სიუჟეტში არაფერი თქმულა.


კიდევ უფრო უცნაურია ის ამბავი, რომ სიუჟეტის ავტორი საერთოდ არ დაინტერესებულა, რა დაემართა ე.წ. გზშ-ს.


გზშ, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში კომპანია „ონის კასკადმა“ ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე წარუდგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ ეს დოკუმენტი სამინისტრომ კომპანიას 37 შენიშვნით დაუბრუნა უკან. სამინისტროს მიერ ჩამოთვლილი და იდენტიფიცირებული იყო ის სეისმური, მეწყრული და ეკოლოგიური საფრთხეები, რომელიც პროექტის განხორციელებას უკავშირდებოდა.


რამდენად დააკმაყოფილა „ონის კასკადმა“ ეს შენიშვნები და რა პირობით გაიცა კომპანიაზე ჰესის მშენებლობის ლიცენზია? - ეს საკითხი სიუჟეტში საერთოდ არ გაშუქებულა.


ასევე, ჟურნალისტმა მხოლოდ ფაქტად დაასახელა, რომ ხელისუფლებამ მდინარე რიონი დაცული ტერიტორიებიდან ამოიღო, რაც „ონის კასკადს“, მის უკან მდგარ ბიზნეს-ჯგუფების ინტერესებს დაუკავშირა და ხატოვნად და შიშისმომგვრელად აღწერა მთელი ის ტექნოგენური კატასტროფა, რასაც მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლა, საამისოდ მთების აფეთქება, შემდეგ კი მდინარის გაქრობა გამოიწვევდა.


მდინარე რიონი მართლაც ვერ მოხვდა რაჭის დაცული ტერიტორიების შესახებ მომზადებულ კანონპროექტში, რის მიზეზადაც „მწვანე ალტერნატივა“ ბიზნეს-ინტერესებს ასახელებს, თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ კანონპროექტია, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი შეკითხვა არსებობს და რომელიც პარლამენტს ჯერ არ განუხილავს.


ჟურნალისტის წინასწარგანწყობა და ფაქტების მოწოდების ცალმხრივობა თავიდანვე აჩენდა განცდას, რომ რაჭაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხი არ იყო მის მიერ სათანადოდ გამოკვლეული და სიუჟეტი უფრო საფრთხეების უტრირებას და მოსახლეობის ნეგატიური განწყობების პროვოცირებას ახდენდა;


12 მაისს ცალკე კომპანია „ონის კასკადმა“, ცალკე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებს სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდეს.


„ყველა ფაქტი, რომელიც იყო საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისთვის მიწოდებული, იყო ტყუილი. პირველ რიგში იყო საუბარი იმაზე, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი, - ორივე ფაქტი არის ტყუილი, არ არის პროექტში გათვალისწინებული არც აფეთქება, არც მდინარე რიონის დაკარგვა. გარემოსდაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში არის 100%-ით გათვალისწინებული. როდესაც საუბარი იყო, რამდენიმე წელიწადი ხდებოდაო განხილვა და მარტში გაიცა ნებართვაო, ეს იყო რამდენიმეჯერ გადავადებული, რადგან რამდენიმეწლიანი შესწავლა უძღოდა წინ გადაწყვეტილების მიღების პროცესს...რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და იმ ეკოსისტემას ჩვენ შევინარჩუნებთ აუცილებლად, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.


რა ხდება რეალურად ონის კასკადთან დაკავშირებით? - ამის გამოკვლევა მედიას კიდევ მოუწევს და იმედია, ბოლოსდაბოლოს, შესაძლებელი გახდება საზოგადოებისთვის ობიექტური და დასაბუთებული ინფორმაციის მიწოდება „ონის კასკადისა“ და რაჭის მომავლის შესახებ.


ლელა კურდღელაშვილი
  • 2
  • 4692
1 Comments

Temo Japaridze

საქართველოს ენერგოპოტენციალი სრულად არის გამოსაკვლევი, დღევანდელი პირობების შესაბამისად, ამის შემდგომ შესამუშავებელია სტრატეგიული გეგმა. დიდი კაშხლები აზიანებს გარემოს, შაორის წყალსაცავმა ეკოლოგიური გარემო შეცვალა, გაჩნდა სახსრების დაავადებები, ზემოქმედება იქონია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე და ა.შ. ამიტომ მორჩით ამ "ნიკოლოზის დროინდელი" ენერგომომარაგების სისტემის ხელახლა აღორძინების მცდელობებს, რომ ერთმა მუჭა საბჭოთა ოლიგარქებმა მილიონები მოიგონ და გარემო დააზიანონ. იმას რომ დღევანდელ პირობებში კომპლექსურ გამოკვლევებს ალტერნატივა არ აქვს, ნურავინ იდავებს - ახალი თემებია ქარი, მზე და ა.შ.