წითელი ვერსია
  • 10
  • 3918

მედია და კრიმინალის სტატისტიკა

02 აგვისტო 2020

ბოლო ხანს საქართველოში „მეოთხე ხელისუფლება“, ანუ მედია, სულ უფრო მეტად ცდილობს, შეითავსოს ხელისუფლების სხვა შტოების ფუნქციები და ხან გამომძიებლის, ხან კი სულაც მოსამართლის სახელით გველაპარაკება.


არადა, მედიის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების ობიექტური ინფორმირებაა. როცა მედია ვერ (ან არ) ასრულებს ამ ფუნდამენტურ ამოცანას და ამა თუ იმ პარტიის დღის წესრიგით ხელმძღვანელობს, ვიღებთ არაინფორმირებულ ან, რაც კიდევ უარესია, არასწორად ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელიც ფიქრობს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან „ყველა იტყუება“, ქვეყანა კი „მკვლელობებმა და კრიმინალმა წალეკა“.


კრიმინალი განსაკუთრებით საყვარელი თემაა „კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის“. მათი მესაკუთრეები ხომ იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, რომელმაც კრიმინალს თავის დროზე „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოუცხადა. თუმცა ნიშანდობლივია, რომ კრიმინალზე საუბრისას ეს მედიასაშუალებები მხოლოდ იშვიათად თუ გვთავაზობენ სტატისტიკურ მონაცემებს და, შესაბამისად, მაყურებელი მოკლებულია საშუალებას, დღევანდელი კრიმინოგენული ვითარება უწინდელს შეადაროს.


ეს ინფორმაცია ნამდვილად საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, მიუხედავად კრიმინალთან დეკლარირებული „შეურიგებლობისა“, უმძიმეს დანაშაულთა სტატისტიკა შევარდნაძის მმართველობის პერიოდთან შედარებით არათუ არ შემცირებულა, არამედ, პირიქით, გაიზარდა. ამაზე მეტყველებს რამდენიმე წყარო, რომელთა შორისაა საქსტატის მონაცემებიც.


ცხრა წლის მანძილზე მკვლელობების მაჩვენებლით განსაკუთრებით მძიმე გამოდგა 2006 და 2007 წლები. „ნაციონალების“ მმართველობის ყველაზე უსაფრთხო წლად კი შეიძლება ჩაითვალოს 2011 წელი, როდესაც ქვეყანაში 90 მკვლელობა მოხდა.


იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კრიმინალის მხრივ ქვეყანაში სახარბიელო მდგომარეობა არ იყო, მეტყველებს თუნდაც პატიმართა სარეკორდო რაოდენობა და გამამტყუნებელი განაჩენებისა თუ საპროცესო შეთანხმებების უპრეცედენტოდ მაღალი სტატისტიკა. 2013 წლიდან კი, პატიმართა რიცხვის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, საქართველოში აშკარად თვალშისაცემია მკვლელობათა და მძიმე დანაშაულთა შემცირების ტენდენცია.


მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში გადანაცვლებული ყოფილი მმართველი ძალა გვიმტკიცებს, თითქოს ქვეყანა კრიმინალმა და მძიმე დანაშაულებმა წალეკა, რიცხვები და გამოკვლევები საწინააღმდეგო სურათს გვთავაზობს. ყველა აღრიცხვით, 2012 წლის შემდეგ აშკარაა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა რაოდენობის კლება, თუმცა, ეს ვერ შენიშნეს იმ ჟურნალისტებმა, ვინც სტატისტიკურ მონაცემებზე მეტად პოლიტიკოსების გადაუმოწმებელ განცხადებებს ენდობა.


რაც ბოლო წლებში მართლაც შეიცვალა, რეგისტრაციის სისტემაა (Crimcase-1 და Crimcase-2), რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას როგორც მსუბუქ, ისე მძიმე დანაშაულზე. ელექტრონული რეგისტრაციის ახალი სისტემის დანერგვისთანავე, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად გაიზარდა წვრილმან და შედარებით მსუბუქ დანაშაულთა სტატისტიკა (ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, „ქურდული სამყაროს“ წევრობა) თუმცა, ამავე პერიოდში (2017-2018 წლებში) მკვლელობების რიცხვი შემცირდა და საგრძნობლად ჩამოსცდა 100-ის ნიშნულს.


თუ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებს კრიმინალის კუთხით შევადარებთ ერთმანეთს, დავინახავთ, რომ მედიას ნამდვილად შესწევს უნარი, შეცვალოს კრიმინალის დონის აღქმა. 2004-2012 წლებში მედიაში დანაშაულის გაშუქების კლებამ გააჩინა ილუზია, თითქოს კრიმინალი ლამის გაქრა, ხოლო, მეორე მხრივ, 2012 წლიდან მოყოლებული კრიმინალის ინტენსიური გაშუქება დღეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მძიმე დანაშაულთა რიცხვი გაიზარდა.


რეალური სურათი ასეთია: 2003-2012 წლებში ქვეყანაში სულ მოხდა 1700 მკვლელობა; 2012 წლიდან დღემდე კი − 800-მდე. ამასთანავე, 2012 წლის შემდეგ გაიზარდა მძიმე დანაშაულების გახსნის სტატისტიკაც. მკვლელობათა სტატისტიკით დღეს საქართველო მსოფლიოში 28-ე ადგილზეა (გერმანიასთან ერთად); „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ქვეყანას 89-ე ადგილი ეკავა.


იმისთვის, რათა ზემოხსენებული სტატისტიკის სანდოობაში დავრწმუნდეთ, შეგვიძლია გადავხედოთ Numbeo-ს საერთაშორისო მონაცემთა ბაზასაც, რომლითაც მსოფლიოს არაერთი წამყვანი მედიასაშუალება და ბიზნესორგანიზაცია სარგებლობს. მონაცემთა ამ გლობალური ბანკის თანახმად, უსაფრთხოების კუთხით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა და ქვეყანაში კრიმინალის ძალიან დაბალი დონეა. მეტიც, Numbeo ქვეყანაში ფეხით მარტო გადაადგილებას ძალიან უსაფრთხოდ მიიჩნევს, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა კრიმინალისა და, კერძოდ, მკვლელობათა მაღალი სტატისტიკის შემთხვევაში.


ლელა კურდღელაშვილი
  • 10
  • 3918
0 Comments