წითელი ვერსია
  • 3
  • 4646

მასკი „ტიკ-ტოკის“ გადასარჩენად?

18 იანვარი 2025

იყიდის თუ არა ილონ მასკი „ტიკ-ტოკს“?


SpaceX-ის, Tesla-ს და X-ის მფლობელი შესაძლოა ერთადერთი ადამიანი იყოს, ვისაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ აპლიკაციის ფუნქციონირების გადარჩენა შეუძლია.


ამერიკელი ინფლუენსერები თუ რიგითი მომხმარებლები „ტიკ-ტოკს“ უკვე ემშვიდობებიან. ვიდეო-გაზიარების პოპულარულ პლატფორმაზე აკრძალვა შეერთებული შტატების მასშტაბით ძალაში 19 იანვარს შედის.


"ტიკ-ტოკი" შეერთებულ შტატებში, უკვე წლებია, ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკო აპლიკაციად მიიჩნევა. ამერიკელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ამ პლატფორმის მეშვეობით, ჩინეთს ამერიკელების მონაცემების შეგროვება და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა შეუძლია.


„ტიკ-ტოკის“ მომხმარებელთა უკანასკნელი იმედი, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო კანონის ამოქმედებას დროებით მაინც შეაჩერებდა, არ გამართლდა.


17 იანვრის გადაწყვეტილებით, კანონი, თავისი ვადებითა და პირობებით ძალაში დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ 170 მილიონზე მეტ ამერიკელს „ტიკ-ტოკ“-ზე წვდომა აღარ ექნება.


ინფლუენსერები დიდ აუდიტორიას დაკარგავენ, მცირე, საშუალო თუ მსხვილი მეწარმეები კი - მარკეტინგისთვის საკმაოდ ხელსაყრელ პლატფორმას.


ჩინური კომპანია Bytedance-ის კუთვნილი აპლიკაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს, ეროვნული უსაფრთხოების რისკების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის აპრილში მოაწერა ხელი. კანონის თანახმად, თუკი ვიდეო-გაზიარების პლატფორმა არაჩინელ მესაკუთრეზე არ გასხვისდება, მისი მოხმარება შტატებში უნდა აიკრძალოს.


ჩინური კომპანია ამ დრომდე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „ტიკ-ტოკის“ გაყიდვის იდეას.


თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, ByteDance-მა შესაძლოა მათთვის და ჩინეთის მთავრობისთვის მისაღებ პოტენციურ მყიდველს მიაგნო.


საუბარია ილონ მასკზე.


Bloomberg-ის ინფორმაციით, განიხილება „ტიკ-ტოკის“ ამერიკული ოპერაციების მიყიდვა მასკის X-ისთვის.


გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასხვისებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში არა მხოლოდ ByteDance, არამედ ჩინეთის მთავრობაც მონაწილეობს. მათთვის კი, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან დაახლოებულ ილონ მასკთან ხელშეკრულების გაფორმება გარკვეულწილად, მიმზიდველი იდეაა.


განიხილავენ ასეთ სცენარს: შეერთებული შტატების მასშტაბით, „ტიკ-ტოკზე“ კონტროლი მასკის X-ს ექნება და ბიზნესს ერთობლივი ძალებით წარმართავენ.


მოვლენათა მსგავს განვითარებაზე წერს Wall Street Journal-იც, თუმცა ჯერ უცნობია მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები პოტენციურ შეთანხმებაზე, ილონ მასკს, ByteDance-სა და ჩინეთის მთავრობას შორის. ამ თემაზე კომენტარი ჟურნალისტებმა ვერც თავად X-ის მფლობელისგან მიიღეს.


ილონ მასკი „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას არ ემხრობა. ეს მოსაზრება მან ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, კანონის მიღების პერიოდში დააფიქსირა:


„ჩემი აზრით, აშშ-ში „ტიკ-ტოკ“ არ უნდა აიკრძალოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა X-ის პლატფორმისთვის მომგებიანი იყოს. ვფიქრობ, აკრძალვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება“- აღნიშნა მასკმა.


ილონ მასკი, რომელმაც 2022 წელს, გამოხატვის თავისუფლების დაცვის სახელით, Twitter (დღევანდელი X) 44 მილიარდ დოლარად შეიძინა, „ტიკ-ტოკის“ ყიდვას რომც დათანხმდეს, აკრძალვის ძალაში შესვლამდე ეს, დიდი ალბათობით, ვეღარ მოესწრება.


„ტიკ-ტოკის“ 17 იანვრის განცხადებაში ვკითხულობთ:


„თუკი ბაიდენის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ არ გააკეთებს განცხადებას და არ დააკმაყოფილებს ყველაზე კრიტიკული სერვისის მიმწოდებლებს იმით, რომ აკრძალვა არ აღასრულოს, სამწუხაროდ, “ტიკ-ტოკი“ იძულებული იქნება, რომ 19 იანვარს ჩაბნელდეს.“


აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა, რომლის ადმინისტრაცია თავის დროზე ამ აკრძალვის ინიციატორი იყო, საკუთარი პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას აღარ ეთანხმება.


20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპს ექნება უფლებამოსილება, რომ აკრძალვა 90 დღით გადაავადოს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ნასყიდობის შეთანხმებაზე მხარეებს (მაგალითად, ილონ მასკსა და ByteDance-ს) უკვე იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებები ჰქონდეთ გამზადებული.


მარიამ გიგანი
  • 3
  • 4646
0 Comments