წითელი ვერსია
  • 6
  • 3894

მანიპულაციური რეპორტაჟი სანქციების თემაზე

25 მაისი 2023

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-11 პაკეტი წარადგინა. ამჯერად ევროკავშირი ფოკუსირებულია სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. კონკრეტულად, ახალი პაკეტი მესამე ქვეყნების დახმარებით რუსეთში სანქცირებული ევროპული საქონლის შეტანის, ან რუსეთიდან ევროპაში ექსპორტის მექანიზმების აკრძალვას შეეხება.


დასავლური წყაროების ინფორმაციით, განხილვის მსვლელობისას გამოიკვეთა სხვადასხვა ხასიათის წინააღმდეგობები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან. განსაკუთრებით საყურადღებოა ჩინეთის შემთხვევა: - უკვე გამოვლენილია 8 ჩინური კომპანია და არსებობს მტკიცებულებები მათი მხრიდან სავაჭრო სანქციების გვერდის ავლის შესახებ, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ერიდება პეკინის გაღიზიანებას.


მე-11 პაკეტი, რომელიც სანქციების გვერდის ავლის მექანიზმების და სქემების წინააღმდეგაა მიმართული, შესაძლოა შეეხოს ცენტრალური აზიის, კავკასიის ქვეყნებს, ჩინეთს, თურქეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. კანონპროექტით, რომელიც ჯერ შეთანხმების ეტაპზეა, სანქციები კონკრეტულ ქვეყნებს არ შეეხება, თუმცა, დასანქცირდებიან კონკრეტული პირები და კომპანიები, რომელთა ვინაობაც ჯერ არ სახელდება.


***


24 მაისს „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში ვრცელი რეპორტაჟი გადაიცა სათაურით: „შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირის სანქციები დაუწესდეს/ ივანიშვილი შესაძლო სანქციების ჩამონათვალშია“.


რეპორტაჟი მთლიანად ვარაუდებს ემყარება. ვერც ჟურნალისტი, ვერც მისი წყაროები და მის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ვერ გვეუბნება იმაზე მეტს, რაც ისედაც ცნობილია საზოგადოებისთვის: - მესამე ქვეყნებში, რომლებსაც მე-11 პაკეტი შეეხება, მოხსენიებულია კავკასიაც.


მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ყველა მოსაზრებას სავარაუდოს და შესაძლებელს უწოდებს, პარალელურად, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გვიმტკიცებს, რომ - „საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტული კომპანიები ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.“


მისი თხრობა იმდენად წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანია, რომ მაყურებლის დაბნევას და დაეჭვებას იწვევს.


ჟურნალისტი: "ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი, რომელიც ამბობს, რომ ბრიუსელში ძალიან კარგად იციან ყველაფერი, თუ რა ხდება საქართველოში, თუ როგორ ეხმარება საქართველოს ხელისუფლება თუ კონკრეტული კომპანიები რუსეთს იმაში, რომ მათ სანქციებს გვერდი აუარონ და ამიტომ, სანქციების მოლოდინი, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ასევე ბრიუსელიდან ამბობენ იმას, რომ თუ სანქციები არ იქნება საქართველოსთან მიმართებით, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირი, ქართველ ხალხს სურს რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამიტომ საქართველოსთან ამ დიპლომატიურ ურთიერთობას და ძაფებს არცერთ შემთხვევაში ევროკავშირი არ გაწყვეტს.“


ჟურნალისტის წყარო ამ შემთხვევაში თამარ გუგულაშვილია, ევროპარლამენტში „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველი, რომელიც ასევე არ საუბრობს, კონკრეტულად რა იგულისხმება „საკმარის საფუძვლებში, რომ საქართველო დასანქცირდეს როგორც ქვეყანა, ან როგორც კომპანიები“.


რეპორტაჟის განმავლობაში არაერთი პოლიტიკოსის ვარაუდი მოვისმინეთ საქართველოს შესაძლო დასანქცირებაზე, დასასრულს კი თავად ჟურნალისტისგან შევიტყვეთ, რომ მთელი ეს რეპორტაჟი ქვეყნის შესაძლო დასანქცირებაზე - სპეკულაციაა:


„ერთადერთი ინფორმაცია, რაც ამ დროისთვის არის გამოსული, არის ის, რომ იქ (კანონპროექტზე სანქციების შესახებ) სავარაუდოდ, წერია კავკასიის ქვეყნები, და ამავდროულად, ახლა კონკრეტულად არ შეეხება არცერთ შემთხვევაში კონკრეტულ სახელმწიფოებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ ეს ყველაფერი შეეხება კონკრეტულ კომპანიებს და კონკრეტულ პირებს, ვინც ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.“


აქ უკვე ჟურნალისტმა იმის მტკიცება დაიწყო, რომ ბიძინა ივანიშვილი „მოიაზრება იმ ადამიანად, რომელიც შეიძლება იყოს უახლოეს პერიოდში დასანქიცრებული.“


ჟურნალისტის თქმით, ამას მოწმობს უკრაინული საიტზე „ომი და სანქციები“ გამოქვეყნებული „სია სავარაუდო ადამიანების, ვინც შეიძლება იყვნენ დასანქცირებული და მათ შორის, მოხვედრილია ბიძინა ივანიშვილიც, რაც ადრე არ ფიქსირდებოდა ხოლმე“.


თუმცა ზემოხსენებულ უკრაინულ პორტალზე ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოქვეყნდა. შესაბამისად, ჟურნალისტის ინფორმაცია, რომელმაც აღნიშნული მონაცემი ახლახანს დამატებულად გამოაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება და მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.


ლელა კურდღელაშვილი
  • 6
  • 3894
0 Comments