წითელი ვერსია
  • 6
  • 5557

მაკრონი და გეოპოლიტიკა

21 ივნისი 2022

ქართული საზოგადოების რეაქცია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებულია და უმეტესად, ემოციებით გაჯერებული. ზოგადად, პრაგმატული და მშვიდი რეაგირება ამა თუ იმ მოვლენასა თუ ინფორმაციაზე, საზოგადოებრივი და მედიასივრცის ძლიერი მხარე არ არის..


საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას იმის შესახებ, რომ „უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არიან“, ერთსულოვანი აღშფოთება მოჰყვა მედიასა და სოციალურ ქსელებში.


რა შეიძლება იდგეს მაკრონის ამ სიტყვების უკან? რამდენად ლეგიტიმურია ეს ხედვა დღეს?


საფრანგეთის პრეზიდენტმა ალბათ ნაკლებად იცის ჩვენი საზოგადოების ფსიქო-ემოციური, ისტორიული და, მე ვიტყოდი, საკრალური დამოკიდებულება, რაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ისტორიულად ახასიათებს.


სულხან-საბა ორბელიანის ევროპული ვოიაჟი ქართულ პოლიტიკურ დისკურსში დღემდე აქტუალურია და ეს საკმარისი მაგალითია, დავრწმუნდეთ - რიგითი ქართველისთვის მისი ევროპასთან კუთვნილება, ან არკუთვნილება მგრძნობიარე თემაა და განსაკუთრებით - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში.


სწორედ ამ კონტექსტში გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმაც აღნიშნული განცხადება.


მაკრონის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენენ - საზოგადოებრივი ვნებათაღელვის საგანი გახდა.


საინტერესოა, რა შეიძლება იდგეს ამ „ფრანგული ხედვის“ უკან და რა შეიძლება „მაგრად ეშლებოდეს“ საფრანგეთის პირველ პირს.


შევეცადოთ განვიხილოთ ემოციების გარეშე.


მაშ ასე, არის თუ არა საქართველო გეოპოლიტიკურად მოწყვეტილი ევროპას?


დასაწყისისთვის ვთქვათ, რომ გეოპოლიტიკის, როგორც მეცნიერების გაჩენა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, განპირობებული იყო არა მხოლოდ სამეცნიერო აზროვნების განვითარების ლოგიკით, არამედ პირველ რიგში, ახალი პოლიტიკური რეალიების გააზრების აუცილებლობით.


ეს მეცნიერება გაჩნდა მაშინ, როდესაც სამყარო ძირითადად გადანაწილებული იყო ურთიერთდაპირისპირებულ ძალთა ცენტრებს შორის. გეოპოლიტიკის ცნება შვედმა მეცნიერმა რუდოლფ ჩელენმა შემოიტანა; ამ ტერმინში ის მოიაზრებდა „დოქტრინას, რომელიც განიხილავს სახელმწიფოს, როგორც გეოგრაფიულ ორგანიზმს ან სივრცით ფენომენს“.


გეოპოლიტიკა არის მეცნიერება მიწისა და პოლიტიკური პროცესების ურთიერთქმედებაზე. ის გეოგრაფიის ფართო ფუნდამენტზე იბადება და მისი მიზანია, მიმართულება მისცეს პოლიტიკურ ცხოვრებას მთლიანად.


თუმცა, თეორიის მიღმა, თანამედროვე გეოპოლიტიკა სახელმწიფოს განიხილავს არა მხოლოდ სტატიკაში, როგორც უცვლელ წარმონაქმნს, არამედ დინამიკაშიც - როგორც ცოცხალ ორგანიზმს.


საქართველოს გეოპოლიტიკური მისწრაფებებიც, დიდი ხანია განპირობებულია არა მხოლოდ მისი სტატიკური გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ ღირებულებითი არჩევანითაც - სახელმწიფოს, რომელიც შენდება ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებზე და მისწრაფებებზე, იზიარებს დასავლეთის და ევროპული სახელმწიფოებრივი მოწყობის უმთავრეს იდეალებს, შეუძლია გახდეს ევროპის ნაწილი.


რაც არ უნდა ეკლიანი და მძიმე იყოს საქართველოს ეს გზა, გუშინდელი დემონსტრაციაც ცხადყოფს, რომ ევროპა და ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანია, და ეს არაერთი გამოკითხვითაც დასტურდება.


თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათის გათვალისწინებით, სახელმწიფოების კუთვნილება ამა თუ იმ გეოგრაფიულ, ან გეოპოლიტიკურ სივრცესთან დიდი ხანია არ ებმის მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას.


განსაკუთრებით „ცივის ომის“ დასრულების დროიდან, ახალი სახელმწიფოები თავად ირჩევენ არა მხოლოდ იმ იდენტობას, რაზეც დაფუძნდება მათი კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი საფუძვლები, არამედ ალიანსებს და საგარეოპოლიტიკურ მისწრაფებებსაც.


რუსეთ-უკრაინის ომის მნიშვნელობა სამყაროსთვის სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი, ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის უარყოფას, თამაშის წესების გადაწერას და ისეთი სამყაროს აღდგენას ცდილობს, სადაც მცირე სახელმწიფოები პირდაპირ მოსკოვის ზეგავლენას დაექვემდებარებიან.


სახელმწიფოების ბრმა მიკუთვნება, - ამ სახელმწიფოთა მოსახლეობის გაცხადებული მისწრაფებების უგულებელყოფის გზით, წარმოადგენს ხედვას, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის მიხედვით, პირდაპირ ჯდება რეალიზმის კლასიკურ ჩარჩოებში.


ანუ, - სამყაროს მოდელში, სადაც საგარეოპოლიტიკური არჩევანი და აქტივობა მხოლოდ ძლიერი და დიდი სახელმწიფოების ინტერესების დინამიკით განისაზღვრება და სადაც, საქართველოს მსგავს მცირე სახელმწიფოებს, უწევთ მათი დიდი მეზობლების გავლენის სფეროში არსებობა, საკუთარი მისწრაფებების გვერდზე გადადებით.


დღეს ეს რომ ასე არ არის, კარგად ჩანს იგივე რამშტაინის სამხედრო ბაზის შეკრებებზე, სადაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხზე იკრიბებიან სხვადასხვა სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრები. ამ შეკრების შემადგენლობა, ფაქტობრივად, მთელ დედამიწას ფარავს - ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად სხედან კოლუმბია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, იაპონია, მაროკო და ა.შ.


რაც მთავარია, იქვეა საქართველოც.


ამ სახელმწიფოთა არასრულ ჩამონათვალს, თუ მაკრონისეული კლასიკური გეოპოლიტიკური, ანუ რეალიზმის ჭრილში დავინახავთ, არაფერი უნდა ესაქმებოდეს ამდაგვარ შეკრებებზე.


თუმცა ამ ქვეყნებს აერთიანებს სწორედ ჩვენს მიერ ნახსენები, ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებები და საგარეოპოლიტიკური ვექტორები. საზოგადოებები, რომლებსაც გააჩნია საკუთარი უნიკალური იდენტობა და ამავდროულად თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ ან აშენებენ. ეს ქვეყნები თანამედროვე სამყაროში წარმოადგენენ ერთ გეოპოლიტიკურ სივრცეს, გნებავთ ერთ გეოპოლიტიკურ ღერძს.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გეოგრაფიულად ევროპის პერიფერიაზე იმყოფება, მთელი მისი ისტორია და აწმყო, სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისადმი მისწრაფებებით არის გამსჭვალული.


რაც მთავარია, ის არის უმნიშვნელოვანესი ევროპული ინსტიტუტების წევრი, სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და უკვე მკაფიოდ მიეცა კონკრეტული ევროპული პერსპექტივაც. ასევე აქვს მკაფიო დაპირება, რომ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რაც ასევე მიაკუთვნებს მას ევროატლანტიკური სივრცის გეოპოლიტიკურ ღერძს.


აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ემანუელ მაკრონის განცხადებები ხანდახან საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე რუსეთისთვის სასარგებლო რიტორიკას და ეს, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში არაერთხელ მოხდა.


რაც შეეხება მაკრონის კიდევ ერთ იდეას, - შეიქმნას ევროპული სახელმწიფოების ახალი თანამეგობრობა - ეს პირდაპირ უკავშირდება მის მცდელობას, ევროპაში საფრანგეთის პოზიციების გაძლიერების მიმართულებით.


არც გერმანიის კანცლერ შოლცის მოწოდება უნდა დავივიწყოთ - ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურულ გამარტივებაზე.


გეოპოლიტიკური თვალთახედვით, კაცობრიობის ისტორია შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც გეოპოლიტიკური ეპოქების, ან როგორც მას უწოდებენ, - ძალისმიერი ველების თანმიმდევრული ცვლა. თითოეულ გეოპოლიტიკურ ეპოქას თავისი ძალთა ბალანსი, გავლენის ზონები და საზღვრები აქვს.


თანამედროვე დინამიური გეოპოლიტიკური ეპოქა, გლობალიზაციის და საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში, ამა თუ იმ ქვეყანას კონკრეტულ გეოპოლიტიკურ სივრცეს აღარ მიაკუთვნებს მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო.


ჩვენი საზოგადოების გათვითცნობიერებით, მედიაწიგნიერების გაძლიერების გზით, აუცილებელია განვმარტოთ ხოლმე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც თანამედროვე სამყაროში საქართველოს ადგილს და მომავალს ეხება.


რაც შეეხება ბატონ მაკრონს, ერთი კარგი ლექცია გეოპოლიტიკასა და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე არც მას აწყენდა.


გიორგი ანთაძე
  • 6
  • 5557
0 Comments