წითელი ვერსია
  • 36
  • 10558

ლარის ამოცანა

05 ნოემბერი 2019

ეს ამბავი ლონდონის ბირჟაზე მოხდა.


ცნობილმა ტრეიდერმა ლაბადა მოისხა და ბირჟის შენობიდან გავიდა.


ახალბედა ტრეიდერები სასწრაფოდ შეიყარნენ და დაიწყეს ბჭობა: ნეტა სად წავიდა? ამ შუაგულ ვაჭრობაში რატომ დატოვა შენობა? და საერთოდ, რატომ აცვია ლაბადა ამ სამოსისთვის შეუფერებელ დროს? ანუ იცის, რომ დღესაც ხანგრძლივად იწვიმებს? შტორმიც იქნება? თუ ასეა, გამოდის, ნავსადგურში გემების შემოსვლა შეფერხდება, შესაბამისად, ხორბლის გადმოტვირთვაც, დეფიციტიც შეიქმნება და ყველა საფუძველია, ვივარაუდოთ, რომ ხორბლის გაძვირება გარდაუვალია!


დომინოს პრინციპით ტალღამ მთელ ბირჟას გადაუარა. არავინ იცოდა, რა მიზეზით, მაგრამ ყველა ხორბლის გაძვირებაზე დებდა ფსონს და მალე ეს განწყობა გადაედო ყველაფერს - შაქარს, ნავთობს, ყავას, მოძრავს, უძრავს, ნაცნობს თუ უცნობს.


ამასობაში ცნობილი ტრეიდერიც მობრუნდა. ხელში გაციების საწინააღმდეგო წამლის შეკვრა ეჭირა. ჰო, ლაბადაც მხოლოდ იმიტომ ეცვა, რომ სურდომ შემოუტია და ყველანაირი თადარიგი დაიჭირა, რომ დაავადებას გამკლავებოდა.


თუმცა, მისი სურდოსგან განსხვავებით, გაძვირების ტალღის გამკლავება უფრო რთული აღმოჩნდა - ისტერია დროულად ვერ ჩაწყნარდა.


და ასე მეორდება წლიდან წლამდე, ქვეყნიდან ქვეყნამდე და კონკრეტული ისტორიიდან კონკრეტულ ისტორიამდე.


ლარის ისტორიაც ასეთია. რაც დაიბადა (1995 წელი), მას მერე ეს კითხვა არ სცილდება - გაუფასურდება თუ გამყარდება აშშ დოლარის მიმართ? და ამაზე მარჩიელობს ყველა, ვისაც არ ეზარება და მედია ამ ნააზრევების ტირაჟირების დაუღალავი და მუდმივად მომართული ინსტრუმენტია.



ისე, თვითონ დოლარი რასა იქმს ამ პერიოდში? ინფლაციის კალკულატორი ცხადყოფს, რომ რასაც 1995-ში აშშ-ში 100 დოლარად იყიდდით, ეხლა 168 დოლარი დაჯდება. ანუ ამ 24 წელიწადში იმ დიდ ძლევამოსილ ეკონომიკაშიც კი ინფლაციის კუმულატიური მაჩვენებელი ლამის 70%-ს აღწევს.


ნახევარსაუკუნოვანი დერეფანი (1962-2011) რომ აიღეს, აი, რა გამოვიდა: ერთი ბოთლი „კოკა-კოლა“ 25 ცენტიდან 2 დოლარამდე გაძვირდა, ახალი მანქანის საშუალო ფასი - 2,6 ათასიდან 32 ათას დოლარამდე, ჰამბურგერი - 20 ცენტიდან 1 დოლარამდე, Levi’s-ის ჯინსი - 5-დან 50 დოლარამდე, თმის შეჭრა კი - 3 დოლარიდან 40-100 დოლარამდე...


მართალია, საქართველო და აშშ განსხვავებულ ვითარებაში არიან; სხვას რომ თავი დავანებოთ, სულ სხვაგვარი მეზობლები გვყავს. მაგალითად, დღეს ეკონომიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების ყველაზე დიდი ალბათობა მსოფლიოს ორ დიდ ეკონომიკაშია - არგენტინაში და თურქეთში.


ეს უკანასკნელი, როგორც მოგეხსენებათ, მეზობელია. თან როგორი მეზობელი? იმპორტში, მაგალითად, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - მის წილად მთელი იმპორტის 17,6% (!) მოდის (1,1 მილიარდი დოლარი). ხომ არ იცით, მეორე ვინ არის? სწორია, რუსეთი - 10,2%-ით (660 მილიონი). ექსპორტში რუსეთი სულაც პირველია - 13,6%-ით (370 მილიონი დოლარი). ჯამურად, ორივეს ერთად, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მეოთხედზე მეტი (25,3%) უკავია - გაცილებით მეტი, ვიდრე აშშ-ს, ჩინეთს და გერმანიას ერთად აღებულს (16,6%).


აბა, ვიღას უკვირს, თურქეთში ლირის ყოველ დაცემინებაზე ლარს რომ სურდო ეყრება, რუსული ავიარეისების დაკეტვის მერე კი ლარი თავისუფალი ცურვიდან თავისუფალ ფრენაში გადადის?


მერე რა ხდება? მერე ლონდონელი ტრეიდერებივით ვიღაც მიდის და დოლარის მორიგი გაძვირების შიშით ყიდულობს იმ უკვე გაძვირებულ დოლარს, რომელიც იმ მომენტში შეიძლება არცკი სჭირდება. ესეც თქვენი ადამიანური ფაქტორის წილი ლარის გაუფასურებაში.


მერე ორ ბანკს წინა წლის სასახელო საქმიანობიდან მიღებული დივიდენდების გასანაწილებლად „უეცრად“ 120 მილიონი დოლარი დასჭირდება. არის ეს დამატებითი წნეხი ლარზე? არის. თქვა ვინმემ? არ მახსოვს.


მერე ინვესტიციები დაეცა - წლევანდელ მეორე კვარტალში 54%-ით ნაკლები შემოვიდა (187 მილიონი დოლარი), ვიდრე შარშან (404 მილიონი). ფულადი გზავნილები კი გაიზარდა (წელს სექტემბერში 150 მილიონი დოლარი ანუ 14%-ით მეტი გადმოირიცხა, ვიდრე შარშან), მაგრამ ნეგატიური სხვაობა ვერ ამოავსო.


ტურიზმი ისე ვერ გაიზრდა, როგორც ველოდით. მეტიც, სადაც ყველაზე მეტ ზრდას ველოდით, იქ ჩავარდა - წელს ივლისში 13%-ით ნაკლები ფული შემოვიდა ტურიზმიდან, ვიდრე შარშან ივლისში (შესაბამისად, 375 მილიონი დოლარი წელს და 433 მილიონი შარშან).


გაგრძელება კიდევ შეიძლება. ყველა ის მონაცემი, რაც მოყვანილია, ღია წყაროებიდანაა. არც ერთს არც სახელმწიფო საიდუმლოს გრიფი ფარავს და არც ფულის გადახდაა საჭირო მათ მოსაძიებლად და მისაღებად.


უბრალოდ, უნდა ნახო და პაზლივით ააწყო. ჰო, ეკონომიკა ცოტა უფრო რთული პაზლია, ცოტა მეტი კომპონენტი აქვს, მეტი ძალისხმევა და კრეატიულობა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ პასუხებს უპირატესად მაღალი სიზუსტით გვაძლევს.


ხშირად გინახავთ მსგავსი ანალიზი მეინსტრიმულ ქართულ მედიაში? მე ნაკლებად. სამაგიეროდ, ზეპირად ვიცი, რომელი პარტია-ფრაქციის რომელი წევრი ან ლიდერი გააკეთებს კომენტარს და გაგიმხელთ, ისიც წინასწარ ვიცი, რას იტყვის ლარის გამყარება-გაუფასურებაზე - მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.

რეზო საყევარიშვილი
  • 36
  • 10558
0 Comments