წითელი ვერსია
  • 8
  • 4635

კვლავ „ფარული ჩანაწერები“?

15 სექტემბერი 2021

ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაშუქება მედიის მხრიდან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რათა აუდიტორია დეზინფორმაციის ან სულაც, პროვოკაციის მსხვერპლი არ აღმოჩნდეს.


ამავე დროს, მედიას შეუძლია ფარულად მოპოვებული მასალების გასაჯაროებით საზოგადოებას სარგებლობაც მოუტანოს, თუმცა ამისთვის მედია უნდა ხელმძღვანელობდეს რეალური საზოგადოებრივი ინტერესით და არა ვიწროპოლიტიკური სარედაქციო დღის წესრიგით.


ამ მოცემულობის მიუხედავად, საქართველოში „ფარული ჩანაწერებისადმი“ მედიის მიდგომა ძირითადად თავად მედიასაშუალების სარედაქციო პოზიციითაა განპირობებული და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.


ასე, მაგალითად, ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკით გამორჩეული მედიასაშუალებები მსგავსი თემების გაშუქებისას, როგორც წესი, სრულიად უგულებელყოფენ სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის ნაწილს და გავრცელებული მასალების ავთენტიკურობის დადგენამდე გაურკვეველი წარმომავლობის ნებისმიერ ინფორმაციას მაყურებელს ისე აწვდიან, როგორც დადასტურებულ და დამტკიცებულ ფაქტს.


ამას მათი მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ბრალდებების გაჟღერება მოსდევს, ხოლო მტკიცებულებების წარმოდგენის საბაბით ხშირია თავად მასალებიდან ამოკრებილი პერსონალური ინფორმაციის შემცველი ცნობების გასაჯაროებაც, რამაც შესაძლოა შექმნას კონკრეტული ადამიანებისა და ინსტიტუტების დისკრედიტაციის საფრთხე.


სწორედ ამგვარი პროცესი დაიწყო ქართულ მედიაში 13 სექტემბერს, როცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ამსახველმა მასალებმა „გამოჟონა“.


აღნიშნული ჩანაწერები, რომლებიც მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და სხვა პირებს ეხება, დღის განმავლობაში ქართული ტელემედიის დიდი ნაწილის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა, საღამოს შემაჯამებელ გამოშვებებში კი ტელეარხებმა აღნიშნულ თემაზე ვრცელი სიუჟეტები მოამზადეს, სადაც მკაფიოდ გამოიკვეთა მედიასაშუალებების სარედაქციო პოზიცია და პრიორიტეტები:


მაგალითად, 13 სექტემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ 20:00 საათის შემაჯამებელ გამოშვებაში წამყვანმა მაყურებელს თემა შემდეგი სიტყვებით წარუდგინა:


„ქვეყანა დღეს თავზე დაგვემხო. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს... დღეს კიდევ უფრო ბნელ ქვეყანაში გავიღვიძეთ... დღეს დადგინდა, რომ ხელისუფლება ფარულად უსმენს და აგენტობას აიძულებს მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს, მიტროპოლიტს, პატრიარქის მდივანს და უწმინდესთან ყველაზე ახლოს მდგომ ადამიანს - მამა დავით ჭინჭარაულსაც. უსმინო მას - ნიშნავს, უსმინო პატრიარქს. ქართული ოცნების ხელისუფლებამ საპატრიარქოს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის რეპუტაცია ლამის მიწასთან გაასწორა.“


თემას მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია „პირველმა“ 20 წუთზე მეტი დრო დაუთმო და სამი სიუჟეტი მიუძღვნა („’ქართული ოცნების’ იერიში ეკლესიაზე“, „’ქართული ოცნება’ მღვდლების პირად ცხოვრებას იღებდა“ და „’ქართული ოცნების’ ისტორიული კრიზისი“), თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში მაყურებელმა მხოლოდ ერთხელ მოისმინა ირიბი დაშვება იმისა, რომ „გაჟონილი მასალები“ და წარმოდგენილი ვერსია შესაძლოა, ნამდვილი არც იყოს.


20:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში თემა ვრცლად გააშუქა ტელეკომპანია „ფორმულამაც“, რომელმაც „პირველების“ მსგავსად მაყურებელს მტკიცებით ტონში ამცნო ქვეყანაში „ტოტალური მოსმენების“ შესახებ.


„ანონიმური წყარო სუს-იდან ათასობით ფაილს აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, რომ ‘ქართული ოცნების’ ხელისუფლების პირობებში სასულიერო პირებსაც მასობრივად უთვალთვალებენ.“


საგულისხმოა, რომ ამ ვერსიის დასასაბუთებლად მაუწყებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „სულ უფრო მეტი ადამიანი ადასტურებს მასალებში აღწერილი საუბრების ავთენტიკურობას“, თუმცა საუბრის ფაქტი ცხადია, თავისთავად არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ ვინ მოიპოვა ან გაავრცელა ინფორმაცია ამ საუბრების შესახებ.


თემას „ფორმულამაც“ სამი სიუჟეტი მიუძღვნა - „საპატრიარქო და რუსული კვალი“, „სუს-ი საპატრიარქოს წინააღმდეგ“ და „ტოტალური მოსმენების ეპოქა“, ხოლო ავთენტიკურობის დადგენის საკითხს „პირველების“ მსგავსად, „ფორმულაც“ მხოლოდ ერთი წინადადებით შეეხო („ავთენტიკურობის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება ნიშანი, რომ ‘ქართული ოცნება’ ტოტალურ მოსმენებს აწარმოებს“).


რაც შეეხება „მთავარ არხს“, 13 სექტემბერს ტელეკომპანიას არა მხოლოდ ზემოხსენებული მასალებისა და მათი წარმომავლობის გავრცელებული ვერსია არ დაუყენებია ეჭვქვეშ, არამედ მაუწყებლის მტკიცებით, მან იმ პირის ვინაობაც დაადგინა, რომელმაც ფაილები სუს-იდან გამოიტანა.


21:00 საათის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება სწორედ ამგვარი „ექსკლუზივით“ დაიწყო: „ფაქტები (?!) ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანი, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშაულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.“


მეორე მხრივ, ბუნდოვანი სახით მოხვდა აღნიშნული თემა ტელეკომპანია „იმედის“ საღამოს გამოშვებაში. კერძოდ, 20:00 საათის „ქრონიკაში“ მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული ბრიფინგი, რომელზეც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.


„მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, მამუკა მდინარაძე პარტიული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ფაბრიკაციად აფასებს“ - აღნიშნა გამოშვების წამყვანმა ბრიფინგის დასრულების შემდეგ.


ამავე თემაზე „ქრონიკაში“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის გამოხმაურებაც მოხვდა, თუმცა, კონკრეტულად რა მასალას და ფაილებს ეხმაურებოდნენ მდინარაძე და ჯაღმაიძე, საღამოს „ქრონიკის“ მაყურებელმა მკაფიოდ ვერ შეიტყო.


გავრცელებული ფაილების შესახებ 13 სექტემბერს საზოგადოებამ, ფაქტობრივად, ვერაფერი შეიტყო „რუსთავი 2“-ის 21:00 საათის შემაჯამებელ „კურიერში“, სადაც მაყურებელს თემასთან დაკავშირებით მხოლოდ მამუკა მდინარაძის ბრიფინგის ფრაგმენტები შესთავაზეს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში დააზუსტა, რომ საუბარი არა დადასტურებულ, არამედ სავარაუდო ინფორმაციას ეხებოდა.


„ერთ-ერთ ვებპორტალზე დოკუმენტური ფაილები ქვეყნდება, რომლებიც სუს-იდან გაჟონილი სავარაუდო ფარული მიყურადების მასალებად არის წარმოდგენილი“ - გვაცნობა „მოამბის“ წამყვანმა.


სიუჟეტში „სავარაუდო ფარული მიყურადების საქმე - გავრცელებული ფაილები“ დასაწყისშივე ითქვა, რომ მასალა „სახელდახელოდ შექმნილ პორტალზე გამოქვეყნდა“ და „ერთი შეხედვით, საქმე ფარულ უკანონო მიყურადებას ეხება“, დასკვნით ნაწილში კი ჟურნალისტი კიდევ ერთხელ შეეხო მასალების ნამდვილობის თემას და აღნიშნა, რომ „ავთენტიკურობის ანალიზი გასცემს პასუხს საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას - რასთან გვაქვს საქმე - უკანონო ფარულ მიყურადებასთან თუ მასალების ფალსიფიცირებასთან, რომლის მიზანიც საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაციაა.“


ამასთან, „მოამბის“ ინფორმაციით, „ფაილებში მხოლოდ ტექსტებია“ და „არც ერთი გავრცელებული დოკუმენტი ვიდეო-აუდიო მასალას არ შეიცავს“, თუმცა საწინააღმდეგო ცნობა გაავრცელა „მთავარმა“, რომელმაც მაყურებელს აუწყა, რომ ფაილებში არის „ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალებიც“.


მანანა მჭედლიშვილი
  • 8
  • 4635
0 Comments