წითელი ვერსია
  • 5
  • 3377

კვირის „პოზიციური“ და „ოპოზიციური“ გაშუქება

29 აგვისტო 2021

ქართველი მაყურებლისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ ერთი და იგივე დღე ან კვირა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული აქცენტებით გაშუქდეს.


ეს არის მედიის პოლიტიკური პოლარიზების შედეგი, ხოლო განსხვავება მედიების მიერ წარმოდგენილ სურათს შორის ყოველთვის იზრდება არჩევნების მოახლოებასთან ან სხვა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.


ამ მხრივ საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს აგვისტოს მეორე ნახევარზე დაკვირვებაც: ამ დროს ქართული ტელემედია, როგორც წესი, ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადება და პოლიტიკური გადაცემების ნაწილიც ე.წ. საზაფხულო პაუზის რეჟიმშია, თუმცა მედიის პოლიტიკური პოზიცია და დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მიმართ ნათლად იგრძნობა საინფორმაციო გამოშვებების სტრუქტურასა და შინაარსშიც.


მაგალითისთვის შეგვიძლია შევადაროთ ტელეკომპანია „იმედისა“ და ტვ „პირველის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვებების გამხსნელი (პირველი) თემები 23-27 აგვისტოს შუალედში და ვნახოთ, რა ჩათვალეს ამ მედიასაშუალებებმა დღის მთავარ ამბად:



როგორც ვხედავთ, „იმედის“ შემთხვევაში, რომელიც მმართველი გუნდისადმი პოზიტიურად განწყობილ არხად ითვლება, საინფორმაციო გამოშვებებში აქტიურად შუქდება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ხელისუფლების სხვა აქტივობები, ხოლო რაც შეეხება ტვ „პირველს“, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რადიკალური ანტისახელისუფლებო რიტორიკით გამოირჩევა, ეს მედიასაშუალება ცდილობს დღის მთავარ თემებად გამოიტანოს ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება და სხვა პრობლემები, რაც მას საშუალებას მისცემს გააჟღეროს ბრალდებები მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ.


აღნიშნული ტენდენციები, რაც ამ მედიასაშუალებების სარედაქციო პოზიციით არის განპირობებული, კიდევ უფრო თვალსაჩინო და მკაფიო ხდება, თუ შევხედავთ საინფორმაციო გამოშვებების მთლიან სტრუქტურას:


კერძოდ - „იმედის“ შემთხვევაში ნათელია აქცენტების პოზიტიურ სიახლეებზე გაკეთების მცდელობა და ზოგადი საინფორმაციო სურათის ოპტიმისტურად წარმოჩენა მაშინ, როცა ტვ „პირველის“ შემთხვევაში პოზიტიური სიახლეები ძალიან იშვიათად ან ფაქტობრვად საერთოდ არ გვხვდება.


რაც შეეხება ხელისუფლების გაშუქებას, „იმედი“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხელისუფლების როგორც შიდა, ისე საგარეო აქტივობებს, ხოლო ტვ „პირველზე“ ხელისუფლება ძირითადად მხოლოდ კრიტიკის კონტექსტში შუქდება.


ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტისა და ყირიმის პლატფორმის სამიტის თემა, რომელსაც „იმედმა“ ბევრად მეტი დრო დაუთმო, ვიდრე ტვ „პირველმა“, სადაც ეს ამბავი შემაჯამებელ გამოშვებებში ფაქტობრივად საერთოდ არ გაშუქებულა და აქცენტი მხოლოდ შარლ მიშელთან ირაკლი ღარიბაშვილის არაფორმალურ შეხვედრაზე და მიშელის მიერ საქართველოს ხელისუფლების „გაფრთხილებაზე“ გაკეთდა.


მეორე მხრივ, ტვ „პირველმა“ „იმედთან“ შედარებით ბევრად მეტი ყურადღება დაუთმო პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის თემას და ხელისუფლების კრიტიკის კონტექსტში არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სპეცოპერაციის მიზანი შესაძლოა არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ადამიანების დაკავება, არამედ „ხმებზე ნადირობა“ და წინასაარჩევნოდ ხეობის მოსახლეობის „დატერორება“ ყოფილიყო.


მთლიანობაში, საინფორმაციო გამოშვებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ დროისთვის ორივე მედიასაშუალება აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო „საინფორმაციო ომის“ პროცესში და თუ ტვ „პირველზე“ ძალიან ხშირია ხელისუფლების (ზოგჯერ სრულიად დაუსაბუთებელი) კრიტიკა, „იმედის“ შემთხვევაში ასევე გვხვდება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დისკრედიტაციის მაგალითები, რაც შეიძლება გამოიხატოს მათ მოხსენიებაში „რადიკალურ ჯგუფებად“ და ა.შ.


გარდა ამისა, „იმედი“ საზოგადოებას, როგორც წესი, აუწყებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიღწეული წარმატებებისა და „წარმატების ისტორიების“ შესახებაც, რაც ყოველთვის ამყარებს ხელისუფლებისადმი ნდობას, ხოლო ტვ „პირველის“ მიზანი საზოგადოებაში მაქსიმალური უკმაყოფილების განცდის ჩამოყალიბებაა, რის მიღწევასაც მედიასაშუალება ტრაგედიების აქცენტირებით და „სკანდალური სიუჟეტებით“ ცდილობს.


ქვემოთ მოტანილ ცხილებზე დაკვირვებით შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ როგორც ქართულ მედიაში არსებული პოლარიზების ხარისხზე, ისე ამ პოლარიზების ხასიათზე და იმაზე, თუ რა საშუალებებით ცდილობენ მედიასაშუალებები სასურველი საინფორმაციო ფონის შექმნას.


ტელეკომპანია „იმედი“, „ქრონიკა“:



ტელეკომპანია „პირველი“, „პირველები“:


არჩილ სიხარულიძე
  • 5
  • 3377
0 Comments