წითელი ვერსია
  • 11
  • 3041

ყველა სიუჟეტი ერთ თემაზე

14 ოქტომბერი 2021

მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც, როგორც წესი, საღამოობით და საუკეთესო საეთერო დროს გადაიცემა, განსაკუთრებით ბევრი ადამიანი უყურებს. საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ სწორედ ამ გამოშვებაში მიიღებს შემაჯამებელ ინფორმაციას დღის მანძილზე განვითარებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.


აქედან გამომდინარე, მაუწყებელმა მთავარი საინფორმაციო გამოშვება სასურველია ისე დაგეგმოს, რომ მაქსიმალურად მოიცვას მიმდინარე აქტუალური თემები და გაითვალისწინოს საზოგადოებრივი ინტერესი.


ამგვარი სტანდარტისა და საზოგადოების დაკვეთის მიუხედავად, რადიკალურად განსხვავებული სურათი ვიხილეთ 13 ოქტომბერს „მთავარ არხზე“, სადაც 21:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში ყველა სიუჟეტი და მთელი საეთერო დრო მხოლოდ ერთ თემას - პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს დაეთმო.


„შიმშილობის მეცამეტე დღე“, „ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან“, „თავისუფლება მიშას! - მზადება აქციისთვის“, „პეტიცია-თავისუფლება მიშას“, „სინოდის წევრების მხარდაჭერა“ - ამგვარი სათაურებით მომზადებულ თემებში დათმობილი დროის გარდა ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ სიუჟეტების შინაარსი, ძირითადად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერ მოწოდებებზეა აგებული და პირდაპირი პროპაგანდის შთაბეჭდილებას ტოვებს.


ამ მხრივ განსაკუთრებით საგულისხმოა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, თეა ადეიშვილის ეპიზოდი, რომელმაც პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი საკუთარი წერილი წაიკითხა და საჯაროდ დააფიქსირა პოლიტიკური სიმპათია და მხარდაჭერა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.


„გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო! გადავწყვიტე ისევ მიშა დაგიძახოთ. საქართველოში, ალბათ იცით, რომ მხოლოდ დიდ მოღვაწეებს მოიხსენიებენ სახელით და ეს ფამილარობა კი არა, სამუდამო აღიარების და სიყვარულის დადასტურებაა... ვერ წარმოიდგენთ, თქვენი ჩამოსვლის შემდეგ რამდენად სწრაფად დაიწყო საათმა ტრიალი..“.


აღნიშნულ წერილს მოჰყვა მისივე ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც, ფაქტობრივად, იგივე პათოსის გაგრძელებას წარმოადგენდა. დაახლოებით ანალოგიური იყო სხვა ჟურნალისტებისა და წამყვანების დამოკიდებულებაც.


აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საინფორმაციო გამოშვებაში „მთავარი არხი“ მთლიანად გაემიჯნა მიუკერძოებლობის პრინციპს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა პროფესიული ჟურნალისტიკის მიმართ.


გარდა ამისა, ასევე, სრულად უგულებელყო საზოგადოებრივი ინტერესიც, როცა მთელი გამოშვება მხოლოდ ერთ თემას დაუთმო და დღის მანძილზე განვითარებული სხვა მოვლენების შესახებ მაყურებელმა ვერაფერი შეიტყო.


ხათუნა კიღურაძე
  • 11
  • 3041
0 Comments