წითელი ვერსია
  • 20
  • 3786

კორონაეკონომიკის მედია-ტესტი

13 მარტი 2020

მხოლოდ ფაქტები. ბევრი ფაქტები. თითქმის კომენტარის გარეშე.


ყველა მსხვილ ქართულ ტელევიზიას (იგულისხმება თითქმის ყველა, ვინც თბილისიდან მაუწყებლობს, მთელ ქვეყანას ფარავს და სოლიდურობაზე პრეტენზია გააჩნია) ფონად ყოველთვის აქვს ერთი კედელი, სადაც სხვადასხვა წამყვანი მაუწყებლების ეთერია ჩართული. ეს ფაქტია.


მათ შორის, თითქმის ყოველთვის ერთ-ერთი CNN-ია. ესეც ფაქტია.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი COVID-19 პანდემიად გამოაცხადა ოთხშაბათს, 11 მარტს. ესეც ფაქტია.


CNN-მა COVID-19-ის მასშტაბები ჯერ კიდევ ორშაბათს, 9 მარტს შეაფასა, როგორც პანდემია. ესეც ფაქტია.


ამ ბმულიდან ჩანს, რომ CNN-ის მთავარმა სამედიცინო ექსპერტმა სანჯაი გუპტამ სწორედ 9 მარტს განაცხადა, რომ ეს პანდემიაა იმის მიუხედავად, რომ არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და არც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი ჯერ ამ ტერმინს არ იყენებდნენ.


პანდემიაა იმიტომ, რომ უკვე 9 მარტს პანდემიის სამი საყოველთაოდ აღირებული კრიტერიუმი სახეზე იყო: 1) ვირუსი იწვევს ავადობას ან სიკვდილს, 2) სტაბილურად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და 3) არსებობს ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელების ფაქტები.


9 მარტს COVID-19 ყველა ამ პარამეტრს შეესაბამებოდა. ესეც ფაქტია.


ეს ინფორმაცია CNN-მა საყოველთაო, ღია არხით გაავრცელა. ესეც ფაქტია.


ეს ის შემთხვევაა, როცა მედიამ ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციას დაასწრო და სწორი დიაგნოზი დასვა. ესეც ფაქტია.


ქართულ ტელევიზიებს რაკი ეს გამოეპარათ, ნიშნავს, რომ CNN-ის მაუწყებლობა სულ ტყუილად აქვთ ჩართული და უპირატესად მხოლოდ ფონს ალამაზებენ. სამწუხაროდ, ესეც ფაქტია.


უკვე 3 კვირაა, გადაბმულად ვუყურებთ ტელეეკრანებზე კორონასთან ბრძოლის სამი ენდემური საყრდენის - გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძის მარტვილობას და ყველა მოსალოდნელი თუ მოულოდნელი შეკითხვის ფონზე, მაინც მოვისმინეთ შეკითხვა „პანდემია რა არის?“ და არ გაგვიკვირდა. ესეც ფაქტია.


ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა ბარი ეიჰენგრინმა უკვე გამოგვიცხო დღევანდელობის ამსახველი ახალი ტერმინი - კორონანომიკა (Coronanomics). ესეც ფაქტია.


ასევე გააანალიზა, რით განსხვავდება ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისი 2008 წლის კრიზისისგან.


12 წლის წინანდელი ვითარებისგან განსხვავებით, როცა კრიზისი იპოთეკური ბაზრის ჩამოქცევამ გამოიწვია და მის გამოსწორებას ცენტრალური ბანკების მხრიდან საფინანსო სექტორში ფულის „ჩასხმამ“ უშველა, დღეს ვითარება ბევრად მძიმეა: წარმოება (მათ შორის, უპირველსად მსოფლიოს უდიდესი ფაბრიკა - ჩინეთი) გაჩერდა და ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტების გამოყენება ვერც კარანტინის გამო დაკეტილ ქარხნებს ააგუგუნებს მყისიერად, ვერც მყიდველებს დააბრუნებს სავაჭრო ცენტრებში და ვერც ტურისტებს - თვითმფრინავებში.


ასეა, რადგან დღეს ამოსავალი არა ღირებულება, არამედ უსაფრთხოებაა. და ესეც ფაქტია.


ეს ძალიან საინტერესო ანალიზიც სრულიად უსასყიდლო და ძალიან პოპულარულ ინტერნეტ-რესურსზე იდო, მაგრამ ქართული მედიის თვალსაწიერს ისევ ასცდა. ესეც ფაქტია.


და კომენტარი? როგორც ასეთ ვითარებაში ხშირად ამბობენ ხოლმე, კომენტარი თქვენთვის მომინდვია.



რეზო საყევარიშვილი
  • 20
  • 3786
0 Comments