წითელი ვერსია
  • 6
  • 5467

კონსპირაციული კავშირების ძიებაში

11 აპრილი 2022

ქართულ მედიაში მომრავლებული ე.წ. ჟურნალისტური „გამოძიებების“ დიდი ნაწილი საბოლოოდ ისევე მართლდება, როგორც ამინდის პროგნოზები. ამას უკვე ყველა მივეჩვიეთ, მაგრამ როცა საქმე სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას ეხება, რომელსაც შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვეს, შევთანხმდეთ, რომ ჟურნალისტს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.


„როგორ მოახერხა რუსეთმა, რომ ამ მძიმე სანქციების ფონზე, რომელიც ამ ორი თვის მანძილზე მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა, მოეძებნა უფრო მარტივი დერეფნები, რომ ტვირთი მიიღოს... და როგორ აღმოჩნდა საქართველო ამ ყველაფერში ჩართული“, - ასე წარადგინა წამყვანმა „შაბათის ფორმულაში“ რეპორტაჟი, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთისთვის კონტრაბანდული ტვირთის შესაძლო მიწოდებას ეხება.


წამყვანმა მტკიცებითი ფორმით აღნიშნა, რომ მოქმედების „სქემა“ მათ რამდენიმე წყარომ მიაწოდა და ამ პროცესს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია აკონტროლებს.


არაერთი წყარო, სინამდვილეში ორი აღმოჩნდა:


წყარო #1 - ხმა სამარიდან


ანონიმური წყარო (ჩაბნელებული და ხმაშეცვლილი), გვამცნობს, რომ მარტის დასაწყისში ფოთის პორტში რუმინეთიდან გემი შემოვიდა, რომელმაც რუსეთისთვის განკუთვნილი „საეჭვო“ ტვირთი ჩამოიტანა. წყაროს მტკიცებით, ეძებდნენ „ასობით“ სანდო პირს, რომლებიც ტვირთს სახმელეთო გზით დანიშნულების ადგილზე გადაზიდავდნენ და ამაში სოლიდურ თანხას, 4 ათას დოლარს, იხდიდნენ. წყარო, სავარაუდოდ, ტრაილერის მფლობელი, აღნიშნულ შეთავაზებას არ დათანხმდა.


ლოგიკურად, ჟურნალისტი აღნიშნული ტვირთის კვალს ფოთის ნავსადგურში უნდა გაჰყოლოდა, გადაემოწმებინა, რომელი გემი/გემები შემოვიდა მარტის დასაწყისში რუმინეთიდან, ან საერთოდ შემოვიდა თუ არა. თეორიულად, ალბათ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებოდა, გაერკვია ტვირთის დანიშნულება და მისი მიმღები პირები.


ჟურნალისტი მართლაც გაეშურა ტერმინალისკენ, სადაც რიგით ოპერატორს ჰკითხა, სად ასაწყობებენ რუსეთში გასატან ტვირთს (ზოგადად). შესაბამისად, მიიღო პასუხიც - რომელიღაც N ტერმინალებში. ამით დასრულდა პირველი კვალი, დასკვნით: „ტერმინალზე და საბაჟოზე ტვირთების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ ოკუპანტების ტვირთებს კვლავ ემსახურებიან“.


ანუ, არანაირი დამატებითი დეტალი „მითიური“ ტვირთის შესახებ, ხელთ შეგვრჩა მხოლოდ (სავარაუდოდ) მძღოლის პირადი აღქმა. ცალკე სამსჯელო თემაა, რომ ამ ამბავში საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ გაერია რუმინეთიც, რომელიც ევროკავშირის ქვეყანაა, საერთაშორისო სანქციებს მიერთებულია და წესით, მკაცრად უნდა აკონტროლებდეს საგარეო ვაჭრობას და გადაზიდვებს.


რეპორტაჟის მეორე ნაწილი ეთმობა ხელისუფლების ჩართულობის ძიებას სანქცირებული ტვირთების გადაზიდვის პროცესში.


როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანია, რომელიც რუსულ ტვირთებს ემსახურება, ჩინური გადამზიდავის, „კოსკო შიფლაინის“ წარმომადგენელი საქართველოში, „ჯი ენ ეს ჯორჯიაა“. ავტორმა გაარკვია, რომ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი ვინმე დავით წიწილაშვილია, რომელიც ფოთის მაჟორიტარ ირაკლი ხახუბიასთან დაახლოებული პირია. მათ ოჯახს ადრე საერთო ბიზნესიც ჰქონდათ.


უფრო მეტიც, წიწილაშვილმა „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 280 ათასი ლარი შესწირა. ჟურნალისტს თავი არ შეუწუხებია, დაესახელებინა წყარო ამ კავშირის დასამტკიცებლად (სავარაუდოდ, ეყრდნობოდა „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ერთ-ერთ კვლევას. თუმცა, იმ კვლევაში ისიც იყო აღნიშნული, რომ წიწილაშვილი თავის დროზე გულუხვად აფინანსებდა მაშინდელ მმართველ პარტიას ენმ-საც).


წყარო #2 – აპრობირებული „ექსპერტი“


ანტიკორუფციული კვლევის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე აღმოჩნდა ე.წ. ღია და ერთადერთი წყარო, რომელმაც „გაშიფრა“ კონტრაბანდული მიწოდების „სქემა“ საქართველოდან, რაღა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე, - ვარაუდების დონეზე.


მისი თქმით, „უბრალოდ მოხდება შეფუთვა იმგვარად, რომ ეს არაა სანქცირებული ტვირთი, ან დანიშნულების შეცვლა მოხდება, თითქოს საქართველოში მოხვდება და არა რუსეთში, საქართველოში შემოსვლის შემდეგ მიმართულება შეიცვლება და რეექსპორტით წავა რუსეთში“, - აი ასე, ძალიან უბრალოდ და მარტივად.


ვასო ურუშაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ზემოხსენებულ დეპუტატ ხახუბიასა და მის „კლანზე“, რომელიც შესაბამისი ბიზნესისა და სახელისუფლებო გავლენების წყალობით, ფოთში გადაზიდვებს სრულად აკონტროლებს.


ჟურნალისტი, რომელმაც პრაქტიკულად დაადანაშაულა პარლამენტის წევრი და მასთან კავშირში შემჩნეული ბიზნესმენი საერთაშორისო სანქციების დარღვევაში, რეპორტაჟში აღნიშნავს, რომ ხახუბია და წიწილაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, შესაბამისად, მათი პოზიცია ვერ გაგვაცნო. ისიც არ ვიცით, შეეცადა თუ არა მათ სხვა არხებით დაკავშირებოდა.


მოპასუხედ ავტორმა ჩაწერა თავად „ჯი ენ ეს ჯორჯიას“ წარმომადგენელი, რომლის თქმით, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, მათი კომპანიაც ემსახურება რუსული ტვირთის გადაზიდვას, გარდა სანქციებს დაქვემდებარებული სახეობების, ან იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც „შავ სიაში“ მოხვდნენ. რადგან აკრძალული არ არის მსგავსი ტიპის გადაზიდვები, მოსადავებელი არაფერი რჩება. მაგრამ რეპორტაჟში არის ჩადებული პატარა დაშვება/უზუსტობა, რომელმაც მანიპულაციის ელფერი მიიღო.


კერძოდ,


ექსპერტი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ „ნებისმიერი ტვირთი შეიძლება გახდეს ორმაგი დანიშნულების და შეიძლება იყოს სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებული“. - აქედან გამომდინარე, ალბათობა, რომ ეს დაინტერესებულმა გადამზიდავმა სათავისოდ გამოიყენოს, მაღალია.


სინამდვილეში, - ევროკავშირის გვერდზე დეტალურადაა ჩამოთვლილი სანქცირებული პროდუქციის სია, მათ შორის, ორმაგი დანიშნულების ჩათვლით.


სიუჟეტში საერთოდ არ ფიგურირებს შემოსავლების სამსახური, რომელიც, როგორც ჟურნალისტს თავად კომპანია „ჯი ენ ესშიც“ განუცხადეს, მთავარი პასუხისმგებელია საზღვარზე შემოსული ტვირთების კონტროლზე. არადა, ჟურნალისტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ განბაჟების პროცედურებში არსებული ხარვეზები უნდა ყოფილიყო. მას არ მოუთხოვია არც უწყების ახსნა-კომენტარი.


კაბინეტში მჯდარი ექსპერტის ნაცვლად (რომლის პოლიტიკური გემოვნება და ობიექტურობაც ცალკე საკამათო თემაა), სჯობდა, სხვა გადამზიდავი კომპანიების, ან ექსპორტიორებისთვის მიემართა, რომლებიც უფრო მეტად არიან ჩახედული ლოჯისტიკისა და განბაჟების საქმეში.


რეპორტაჟის დასასრულს, ავტორი აღნიშნავს, რომ 4 აპრილს უკრაინის დაზვერვის სამსახურმა საქართველოს გავლით რუსეთისთვის კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვის შესახებ განცხადება გაავრცელა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ეს ბრალდება მხოლოდ ოთხდღიანი დუმილის შემდეგ უარყო (იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს, მეორე დღეს კი სუს-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები ჟურნალისტს გამორჩა).


ფინალში სამი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი რგოლი კონსპირაციულად იკვრება, რაც იყო კიდეც, დიდი ალბათობით, სიუჟეტის მიზანი:


არაიდენტიფიცირებული გემი საეჭვო ტვირთით რუმინეთიდან → კომპანია „ჯი ენ ეს ჯორჯია“, რომლის დამფუძნებლის უკან პარლამენტის დეპუტატია და ყველა გადაზიდვას აკონტროლებს → კონტრაბანდის მფარველობაში „ბრალდებული“ პრემიერი, რომელიც უკრაინასთან თანამშრომლობას და ვითარების გარკვევას არ შეეცადა.


ნატა მინდელი
  • 6
  • 5467
0 Comments