წითელი ვერსია
  • 14
  • 5796

ხორბლის ბაზრის ანატომია

29 აგვისტო 2022

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, თუმცა, ნახევრად ნათქვამი სიმართლეების შეკრებით, ან მცირე ინტერპრეტაციით (დამახინჯებით) დიდი ტყუილის გამოცხობა რთული სულაც არ არის;


ამის კლასიკური მაგალითია 28 აგვისტოს ტვ „პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი, რომლის ინსპირაცია სურსათის გლობალური უსაფრთხოების კუთხით აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კერი ფაულერის „ამერიკის ხმისთვის“ მიცემული ინტერვიუ გახდა.


საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი, ერთი - რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო და მეორე, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით“ -


ფაულერის ამ სიტყვებით იწყება სიუჟეტი, რასაც მოყვება ჟურნალისტის „ვერდიქტი“:


„ამ შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა ქართულმა ხელისუფლებამ, რომელმაც წლების განმავლობაში საქართველო რუსულ ხორბალზე დამოკიდებული გახადა“.


მთავრობის წინდაუხედავი გათვლა არასტაბილურ რუსულ ბაზარზე - ეს რეპორტაჟის ავტორის, წამყვანის და თითქმის ყველა რესპონდენტის (ტრადიციულად, ოპოზიციური პარტიების წევრის ან აფილირებული პირის) მთავარი და ერთადერთი მესიჯია.


ჟურნალისტის თქმით, თვით აშშ-ის წარმომადგენელიც კი „არ ერიდება ღიად ილაპარაკოს კრიზისზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობის გამო დაუდგა“.


რეპორტაჟში აღინიშნა კერი ფაულერის მიერ ნახსენები ამერიკული დახმარების პროგრამები, რომლებიც საქართველოში ხორბლის წარმოების განვითარებას ხმარდება. ჟურნალისტის მტკიცებით, ხელისუფლებამ მეგობარი ქვეყნისგან მიღებული მილიონები გაფლანგა, იმის მაგივრად, რომ ადგილობრივი წარმოების გაფართოებაზე მიემართა. შესაბამისად, დღეს რუსეთიდან ხუთჯერ მეტი ხორბალი შემოგვაქვს.


„სად წავიდა თანხა, არავინ იცის, არადა, პური წელს ხუთჯერ გაძვირდა. ფასი კიდევ აიწევს, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ მწარე გაკვეთილით ჭკუას ვერ ისწავლის“, - ასკვნის ჟურნალისტი სიუჟეტის დასასრულს.


ზედაპირული დასკვნების მიღმა, რთული და კომპლექსური პრობლემებია, რომელიც სულ სხვა რეალობას გვიჩვენებს. თუმცა, მისი ანალიზით ჟურნალისტს და მის რესპონდენტებს თავი არ შეუწუხებიათ.


კერძოდ,


1. რუსეთი მსოფლიო ხორბლის ექსპორტიორთა ხუთეულში შედის და 124 ქვეყანას ამარაგებს. ის საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელია, სულ მცირე, ბოლო 30 წლის განმავლობაში. 2007 წლამდე მასზე საქართველოს ხორბლის იმპორტის 75-80% მოდიოდა. ეს დამოკიდებულება შედარებით შემცირდა 2010-2012 წლებში, როცა რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე საბაჟო განაკვეთი გაზარდა/ემბარგო დაადო, მოუსავლიანობის გამო. საქართველომ მაშინ ალტერნატიული ბაზრების სახით ყაზახეთი, უკრაინა და ევროპის რიგი ქვეყნები მოიძია. თუმცა შემდგომ წლებში ფასები დასტაბილურდა, რის შედეგადაც რუსეთის წილი 2021 წელს იმპორტში 92%-მდე გაიზარდა.


2. რუსული ხორბალი ქართველი მეწარმეებისთვის მიმზიდველია დაბალი ფასის გამო. მისი ჩანაცვლება ყაზახური ხორბლით, როგორც სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი ითხოვდა, ეკონომიკურად მომგებიანი არაა. ტერიტორიული სიახლოვის გამო, 1 ტონა რუსული ხორბლის ტრანსპორტირება 20 დოლარი ჯდება, რაც ყაზახურთან შედარებით ხუთჯერ იაფია.


3. ყაზახეთის საექსპორტო პოტენციალი რუსეთთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ამავე დროს, მის პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა უშუალო მეზობლებში - ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსა და ირანში, რომლებიც გაცილებით მსხვილი შემსყიდველები არიან და საქართველოს მათთან კონკურენცია უჭირს.


4. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, საქართველოს მთავრობა 2018-2019 წელს შეეცადა ყაზახეთთან მოლაპარაკებით საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მოეხდინა. ყაზახურმა მხარემ აღუთქვა ტრანსპირტირების სუბსიდირება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს თანამშრომლობა, როგორც ჩანს, ვერ შედგა.


5. ხორბალზე დეფიციტის აღმოფხვრის მეორე ალტერნატივა საკუთარი წარმოების გაზრდაა. ჟურნალისტი ამ მიმართულებით მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. თუმცა, არ ჩაუხედავს ოფიციალურ სტატისტიკაში: ხორბლის წარმოება 2001 წლიდან 2010 წლამდე 307 ათასიდან 48 ათას ტონამდე შემცირდა. მას შემდეგ მცირე, მაგრამ მზარდი ტენდენცია შეინიშნება. 2021 წელს ხორბლის წარმოებამ 136 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია. რაც შეეხება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს, 15%-ს მიაღწია (2010 წელს ეს მაჩვენებელი 6% იყო).


6. ლეგიტიმურია, დავსვათ კითხვები: - რამდენად დამაკმაყოფილებელია სტრატეგიული პროდუქციის წარმოების ტემპები, ან რამდენად სწორად დაიგეგმა მისი განვითარების სტრატეგია. თუმცა ხელაღებით მტკიცება, რომ ამერიკული მილიონები უშედეგოდ გაიფლანგა, მართებული არაა. მით უფრო, რომ ჟურნალისტს არც კი გაურკვევია, რა პროგრამებზე იყო საუბარი კონკრეტულად;


7. სპეციალისტების გათვლებით, მცირემიწიანობის გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე, საქართველოს შეუძლია, ხორბლის საკუთარი მოხმარების მაქსიმუმ 50-60%-ით დაკმაყოფილება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გაზაფხულზე პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა მთავრობის პრიორიტეტია. მარცვლეულის წარმოების განვითარებაში დახმარების თხოვნა იყო რამდენიმე კვირის წინ, აშშ-ში საქართველოდან დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც. ინტერვიუში ამ საკითხზე ყურადღება კერი ფაულერმაც გაამახვილა, მაგრამ ეს ფრაგმენტი ტვ „პირველის“ ჟურნალისტის ინტერესის არეალში ვერ მოხვდა;


8. და ბოლოს, რუსეთ-უკრაინის კრიზისისა და მწირი მოსავლის ფონზე, პური მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში და ჩვენს მეზობლადაც გაძვირდა. მათ შორის, აზერბაიჯანში 37-39%-ით (წლის დასაწყისიდან), სომხეთში 21%-ით (წინა წელთან შედარებით), ლატვიაში 30%-ით, ბრიტანეთში 18%-ით, აშშ-ში 14%-ით. ყველაზე მეტად ამ მხრივ აფრიკის ქვეყნები და სირია დაზარალდნენ (ფასები 50%-იდან 100%-მდე გაიზარდა). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში საქართველოში, წინა წელთან შედარებით, პური 27%-ით გაძვირდა.


ნატა მინდელი
  • 14
  • 5796
0 Comments