წითელი ვერსია
  • 0
  • 2233

ქართული მედია-ინტერაქტივები

29 ნოემბერი 2021

ქართული მასმედია და განსაკუთრებით, სატელევიზიო მედია რომ პოლიტიკურად მიკერძოებულია, ამის შესახებ უკვე ძალიან ბევრია ნათქვამი და დაწერილი. ეს მიკერძოება ვლინდება ფაქტობრივად ყველაფერში - თემებისა და რესპონდენტების შერჩევიდან დაწყებული, იუმორისტული გადაცემების შინაარსისა და ტელესერიალების სათაურების ჩათვლით, თუმცა ამგვარ პოლარიზებულ რეალობაშიც კი ქართული ტელევიზიები ზოგჯერ მაინც აოცებენ მაყურებელს უნიკალური და ხანდახან სრულიად გამაოგნებელი გამოკითხვებით.


ე.წ. სატელევიზიო ინტერაქტივები, სადაც გამოკითხვის შედეგები და პროცენტული განაწილება წინასწარვე სრულად პროგნოზირებადია, ყურადღებას იქცევს ასევე გამოკითხვის ჩატარების ელემენტარული სტანდარტების დემონსტრაციული უგულებელყოფით და ცინიზმით.


ამასთან, აღნიშნული ტენდენცია გვხვდება ფაქტობრივად ყველა ტელევიზიის ეთერში, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოზიცია აქვს და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დამახასიათებელია ტელესივრცის უდიდესი ნაწილისთვის.


მათ შორის, 2020 წლის განმავლობაში ამგვარი ინტერაქტივები ხშირად გვხვდებოდა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში. მაგალითისთვის, გასული წლის 7 აპრილის „ღია ეთერში“ მაყურებელს ინტერაქტივის ფარგლებში ჰკითხეს - „არის თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება ნაც. მოძრაობის მორიგი პოლიტიკური განაჩენი“.


ცხადია, რომ ამ შემთხვევაში კითხვის ფორმულირება უკვე საკუთარ თავში შეიცავს შეფასებას და მაყურებელს მხოლოდ ისღა შეუძლია დააფიქსიროს, იყო თუ არა სტრასბურგის კონკრეტული გადაწყვეტილება ერთ-ერთი პოლიტიკური განაჩენი.


გამომდინარე იქიდან, რომ კითხვის ფორმას შეუძლია გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს პასუხების პროცენტულ განაწილებაზე, ამგვარი ფორმულირების ფონზე სრულიად განჭვრეტად და პროგნოზირებად შედეგად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ პასუხების უდიდესი უმრავლესობა დადებითი იყო.


კიდევ უფრო რადიკალური შეფასების მაგალითები შეიძლება გავიხსენოთ „მთავარი არხის“ ინტერაქტივებიდან. ერთ-ერთი ასეთი გამოკითხვა მიმდინარე წლის ოქტომბერში „მთავარ აქცენტებში“ ვიხილეთ, სადაც მაყურებელს ჰკითხეს - „ვინ უარესია - მეუფე სტეფანე თუ ირაკლი ღარიბაშვილი?“


ამ შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, მედიასაშუალებას მთავარი შეფასება თავად აქვს გაკეთებული და ეს შეფასება კითხვის ფორმულირებაშივე არის მოცემული („ორივე ცუდია“), ხოლო მაყურებელს შეუძლია მხოლოდ „აირჩიოს“, ვინ არის „უფრო ცუდი“.


ინტერაქტივით მანიპულირების კიდევ ერთი გავრცელებული ფორმაა ინტერაქტივის შედეგებზე აპელირება და მათი გამოცხადება საზოგადოებრივ აზრად მაშინ, როცა სრულიად კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ჩატარებულმა სატელევიზიო გამოკითხვამაც კი შეიძლება გვაჩვენოს მხოლოდ კონკრეტული ტელევიზიის აუდიტორიის პოზიციები და არა მთელი საზოგადოების განწყობა.


ამ მხრივ საგულისხმო იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვა ტვ „პირველის“ ეთერში, სადაც ყველაზე მეტი მაყურებლის მხარდაჭერა ნიკა მელიამ მიიღო (69,87), ხოლო კახა კალაძის მიმართ მხარდაჭერა ტვ „პირველის“ მაყურებლის 8,22%-მა გამოხატა.


ამგვარი პროცენტული განაწილება, ბუნებრივია, არ დაემთხვა არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არც ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, თუმცა ამას ტელეკომპანიისთვის ხელი არ შეუშლია ეჭვქვეშ დაეყენებინა თბილისის არჩეული მერის ლეგიტიმაცია საკუთარ ინტერაქტივზე დაყრდნობით.


ამრიგად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატელევიზიო ინტერაქტივი არ ასახავს მთელი საზოგადოების განწყობას და მათი რეალური დანიშნულება, მედიასაშუალებების მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური კვლევების მსგავსად, უფრო საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებაა, ვიდრე მისი ასახვა, ეს კი ფაქტობრივად სხვა არაფერია, თუ არა მანიპულაცია და ირიბი პროპაგანდა ფავორიტი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ.


არჩილ სიხარულიძე
  • 0
  • 2233
1 Comments

Ramaz Khatiashvili

იმედის გამოკითხვები მაგარი სასაცილოა. რაღაცა ასეთია „ხომ არის ნაცმოძრაობა დებილი?“