წითელი ვერსია
  • 4
  • 2485

ქართული მედია და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

19 ნოემბერი 2021

შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავებისას პოლარიზებული ქართული ტელესივრცე და მისი საინფორმაციო დღის წესრიგი, ფაქტობრივად, მთლიანად ივსება ქვეყნის შიგნით მომხდარი ამბებით, რა დროსაც შესაძლოა მედიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდეს რეგიონსა და უახლოეს სამეზობლოში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები.


მიმდინარე კვირა დაძაბული აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიისთვის: 14-15 ნოემბერს შეტაკებები განახლდა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის, რაც ყველაზე მასშტაბური ესკალაცია აღმოჩნდა ერთი წლის წინ დასრულებული ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ.


ვითარების სიმწვავეს ნათლად წარმოაჩენს ის გარემოება, რომ ოფიციალურმა ერევანმა 16 ნოემბერს დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, რომელთანაც მას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება (ОДКБ) აკავშირებს, ხოლო სომხეთში განლაგებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, რუსული და სომხური წყაროების მიხედვით, საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი.


17 ნოემბერს, მხარეებმა გაავრცელეს ინფორმაცია მსხვერპლისა და დანაკარგების შესახებაც: აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ესკალაციის დროს 7 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ათი დაიჭრა. რაც შეეხება სომხურ მხარეს, ოფიციალური ერევნის ცნობით, აღნიშნული დროისთვის დადასტურებული იყო ერთი ჯარისკაცის გარდაცვალება, 13 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდა, ხოლო 24 ადამიანის ბედი გაურკვეველი იყო.


ესკალაციას მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება: 17 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ „ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას განიხილა არსებული ვითარება და სასწრაფო დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის სრული დაცვის მოწოდებით გამოვიდა.“


იმავე დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ: "რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე ცეცხლი შეწყდა და ვითარება შედარებით სტაბილურია“ - ვკითხულობთ სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.


მიუხედავად თემის მნიშვნელობისა, ეროვნული ტელემაუწყებლების უდიდეს ნაწილს ( მათ შორის ტელეკომპანია „იმედს“, „მთავარ არხს“, ტვ „პირველსა“ და „ფორმულას“) მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში მაყურებლისთვის მთელი კვირის განმავლობაში არაფერი უთქვამთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი, რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის შესახებ.


ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ 17 ნოემბერს გაშუქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის 21:00 საათის „მოამბეში“ და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის 21:00 საათის „კურიერში“.


მანანა მჭედლიშვილი
  • 4
  • 2485
0 Comments