წითელი ვერსია
  • 4
  • 5170

კანდიდატის სტატუსის „ფორმულა“

18 ივნისი 2022

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რას მოუტანს ის ჩვენს მოქალაქეებს - ამ თემაზე ბოლო დღეებში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინეთ: ვისთვის ეს სტატუსი ბევრი არაფერია, ვისთვის - მხოლოდ ვალდებულება, ვისთვის - ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ვისთვის კი - ბევრი ფული.


რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა, კანდიდატობა, ან რომელიმე სხვა სტატუსი ქვეყნისთვის? - ამაზე ჩვენს მედიაში არსებითი, მრავალმხრივი დებატები თითქმის არ გამართულა, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში არარეალისტური მოლოდინების გაჩენას.


განწყობების მომზადება გადაწყვეტილების გამოცხადებამდე (24 ივნისი) გაცილებით ადრე დაიწყო. მედიამ კი ნაკლებად გამოავლინა უნარი და სურვილი, საზოგადოებას ობიექტური წარმოდგენები შექმნოდა იმ შესაძლებლობებსა და ვალდებულებებზე, რასაც საქართველო ევროკავშირთან დაახლოებით მიიღებს.


13 ივნისს გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ლაიტმოტივი იყო მთავარი თემის, და წამყვანის მიერ დასმული მთავარი შეკითხვისთვის: რატომ უნდა მივიდეს ბევრი ადამიანი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე?


„კანდიდატის სტატუსი ნიშნავს:


მეტ ფულს ჩვენს ჯიბეებში,


სესხზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს, ეს მართლა ნიშნავს იაფ ფულს,


ეს ნიშნავს უკეთეს ჯანდაცვას, - თურქეთში, გერმანიაში..


უფრო მაღალ ხელფასებს,


გაზრდილ პენსიას,


ჩვენს შვილებს ექნებათ არჩევანი, - უნდათ წავლენ როტერდამში, უნდათ წავლენ პარიზში, უნდათ წავლენ მიუნხენში და იქ ისწავლიან უფასოდ ან ძალიან იაფად“ ...


წარსულში დიპლომატის და ამჟამად მკვლევარის, გია ჯაფარიძის ეს გამოსვლა სარეკლამო განცხადების ტექსტივით გაისმა. ამ პათოსს უპირობოდ იზიარებდა და ეთანხმებოდა გადაცემის ორივე წამყვანი;


საბოლოოდ, გადაცემიდან გავიგეთ, რომ ევროკავშირის კანდიდატობა ჩვენი გადასაწყვეტი საქმეა და არა ევროკავშირის. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხი უნდა მიხვდეს, რა სარფიანი რამეა კანდიდატობა და მივიდეს აქციაზე.


***


ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ნამდვილად იძლევა წვდომას ევროკავშირის ფონდებზე და იმ მიმართულებების დაფინანსების შესაძლებლობას, რომელთა რეფორმირების საჭიროებასაც დაადასტურებს კანდიდატი ქვეყანა.


გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის (IPA-ს) ფარგლებში ამგვარი დაფინანსების ლიმიტი კანდიდატი ქვეყნისთვის ამჟამად 2 მილიარდი ევროს ფარგლებშია;


თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ თანხას პირდაპირ ჯიბეში ჩაგვიდებს, ან საპენსიო და სახელფასო ანგარიშებზე ჩაგვირიცხავს ვინმე, - თანხები საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბაზრის დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესებას, სასამართლო და მმართველობითი სფეროს გაჯანსაღებას, გარემოს დაცვის და სხვა მიმართულებებს უნდა მოხმარდეს, თანაც საკმაოდ მკაცრი მონიტორინგის პირობებით.


ევროპული განათლების სისტემაზე არასწორ წარმოდგენებს უქმნის ახალგაზრდებს იმის თქმა, თითქოს ისინი კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე „გეპეიში, თსუ-ში და თავისუფალ უნივერსიტეტში“ კი არა, როტერდამის, მიუნხენისა და პარიზის უნივერსიტეტებში ისწავლიან, თანაც უფასოდ.


ამ უნივერსიტეტებში განათლების მიღება დღესაც შეუძლიათ ჩვენს ახალგაზრდებს, თუ შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და სტიპენდიებს ან სახელმწიფოს დაფინანსებას მოიპოვებენ.


რაც შეეხება ევროპას, იქ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრამდე ჯერ სკოლის დამთავრება მოგიწევთ წარმატებით, რათა სასურველ კოლეჯში მოხვდეთ, შემდეგ კოლეჯის, და ბოლოს, რთული და შრომატევადი სასწავლო პროცესის უნივერსიტეტში, რათა სტიპენდიის შენარჩუნება შეძლოთ.


მოკლედ, მიუნხენის უნივერსიტეტში ჩარიცხვა და სწავლის დასრულება დიდ ძალისხმევას მოითხოვს;


რაც შეეხება დასაქმებას - ევროპაში ლეგალურად დასაქმება სპეციალური განათლების და გადამზადების გარეშე შეუძლებელია; კვალიფიციური შრომა კვალიფიციური განათლებით უნდა იყოს დადასტურებული და ეს ნებისმიერ სფეროს შეეხება.


ასევე, წარმოუდგენელია ევროპულ კეთილდღეობაზე მსჯელობა ამ გაერთიანების სოციალური პოლიტიკის გარეშე. ის მეტ დაცულობას და გარანტირებულ კეთილდღეობას იძლევა, თუმცა, ამ სტაბილურობის ფასი მაღალი გადასახადები და მკაცრი რეგულაციებია.


მაღალი პენსიები, ხარისხიანი ჯანდაცვა, დასაქმებულთა უფლებების დაცვა, მოწყვლადი ჯგუფების და უმუშევრების დაფინანსება - სწორედ ევროპის მოქალაქეთა ხელფასებიდან გადახდილი მაღალი გადასახადებით ხდება.


რაც შეეხება „იაფ ფულს“ და საბანკო კრედიტებს, - კრედიტზე თავისუფალი წვდომა იმ ევროპელ მოქალაქეებს აქვთ, რომლებსაც მუდმივი სამუშაო კონტრაქტი, ან კონკრეტული ქონება გააჩნიათ. სხვა შემთხვევაში, ბანკებიდან კრედიტის აღება იმაზე რთულია, ვიდრე დღეს საქართველოში.


და ბოლოს, რადგან რეგულაციებს შევეხეთ, ევროპისთვის სიტყვის თავისუფლება უზენაესია, მედიარეგულაციები კი მკაცრი - გადაუმოწმებელი ინფორმაციის, არაეთიკურობის, სიძულვილის ენის და მედიასტანდარტების დარღვევის ბევრ სხვა შემთხვევაში.

ლელა კურდღელაშვილი
  • 4
  • 5170
0 Comments