წითელი ვერსია
  • 7
  • 5172

ილონ მასკი Google-ის წინააღმდეგ

03 აგვისტო 2024

ილონ მასკი აცხადებს, რომ Google თავის საძიებო სისტემაში დონალდ ტრამპის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ზღუდავს და ამ გზით, დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.


ამ თემაზე მან სოციალურ ქსელ X-ში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა.


ამერიკელ მილიარდერს Google-ის საძიებო სისტემაში ფრაზების ავტომატური შეთავაზების ფუნქციასთან აქვს პრეტენზიები.


29 ივლისს მასკმა გამოაქვეყნა ფოტო-სქრინი, რომელზეც ნაჩვენებია, რომ საძიებო ველში „პრეზიდენტ დონალდის“ ჩაწერის შემდეგ სისტემა ძებნის ვარიანტებად მომხმარებელს არ სთავაზობს “ტრამპს”, თუმცა ჩამონათვალში ჩანს „პრეზიდენტი დოლანდ რეიგანი“ ან „პრეზიდენტი დონალდ დაქი“.


„ვაუ, Google-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საძიებო სისტემაში ძებნაზე აკრძალვა აქვს! არჩევნებში ჩარევა?“ – წერს მასკი.


Google რამე სახის ჩარევას და ძებნის შედეგების გაფილტვრას უარყოფს.


კომპანიის წარმომადგენლებმა ამერიკულ მედიასთან კომენტარში თქვეს, რომ ორშაბათს, 29 ივლისს, ავტო-შეთავაზების ფუნქციას გარკვეული პრობლემები ჰქონდა.


„ავტომატური დასრულების ფუნქცია ამჟამად არ მუშაობს სათანადოდ რამდენიმე ყოფილი პრეზიდენტისა და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის სახელების ძებნის შემთხვევაში. ჩვენ ვსწავლობთ ამ ანომალიებს და ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე, რაც, ვიმედოვნებთ, რომ მალე ამოქმედდება. ჩვენი ავტომატური დასრულების სისტემები დინამიურია, ასე რომ, შეთავაზებები შეიცვლება საერთო და ტრენდული მოთხოვნების შესაბამისად“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც NBC News ავრცელებს.


NBC News-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ როდესაც ამავე დღეს საძიებო ველში ჩაწერეს სიტყვა “პრეზიდენტი”, სისტემამ მათ პირველ ვარიანტად “პრეზიდენტი ტრამპი” შესთავაზა.


თუმცა ილონ მასკის ბრალდებები ამით არ დასრულებულა.


სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა Google 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებაში დაადანაშაულა.


მასკმა რამდენიმე მომხმარებლის პოსტები გააზიარა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დონალდ ტრამპის შესახებ ახალი ამბების ძებნისას Google მათ კამალა ჰარისის შესახებ ამბებს სთავაზობდა.


ამ ბრალდებას კომპანიამ მასკის კუთვნილ სოციალურ ქსელ X-ში უპასუხა და აღნიშნული შემთხვევები იმით ახსნა, რომ არაერთ სტატიაში კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ერთად არიან ნახსენები.


„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს ხდება მრავალ საკითხზე, როგორიცაა ოლიმპიადა, სხვა საჯარო პირები, კომპანიები და სხვა“, - ამბობენ Google-ში.


ილონ მასკი Google-ს დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვის ბრალდებებსაც უყენებს და ამით არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე მიუთითებს.


აღნიშნულ ბრალდებებს იზიარებს როგორც თავად ტრამპი, ისე რამდენიმე რესპუბლიკელი პოლიტიკოსიც.


აღსანიშნავია, რომ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის შესახებ მასალებთან დაკავშირებით ხარვეზები აღიარა როგორც Google-მა, ისე Facebook-ის მფლობელმა Meta-მ.


„ჩვენს სისტემას აქვს დაცვა ძებნის ავტომატურად დასრულების ფუნქციაში, პოლიტიკურ ძალადობასთან დაკავშირებული ვარიანტებისგან, რომელიც გეგმის მიხედვით მუშაობდა ამ საშინელ მოვლენამდე. ჩვენ ვმუშაობთ მის გასაუმჯობესებლად, რათა სისტემები უფრო განახლებული იყოს“, - განაცხადეს Google-ში.


ილონ მასკი, რომელმაც დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, თავისი სოციალური ქსელის პირად ანგარიშზე, ტრამპის სასარგებლოდ აქტიურ კამპანიას აწარმოებს.


რამდენიმე დღის წინ მან კამალა ჰარისის შესახებ პაროდიული ვიდეო გააზიარა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იყო შექმნილი.


ვიდეოკლიპი საარჩევნო კამპანიის კადრებით, გახმოვანებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ხმით, რომელიც კამალა ჰარისის ხმას ჰგავს.


კრიტიკის შემდეგ მალევე, მასკმა აღნიშნა, რომ ეს პაროდიაა, ხოლო პაროდია ამერიკაში ლეგალურია.


თუმცა, მილიარდერის მიერ ვიდეორგოლის გაზიარებამ ამერიკულ მედიაში გაააქტიურა დისკუსია წინასარჩევნო პერიოდში, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, პოლიტიკაში ჩარევის საფრთხეებსა და მისი რეგულირების საჭიროებებზე.


აშშ-ში სარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. სოციალური ქსელები ამ საარჩევნო ორთაბრძოლის ძირითადი ველია, სადაც ხშირად, საინფორმაციო ნაკადში სიყალბის, მანიპულაციისა და ტექნოლოგიური ჩარევის გარჩევა არცთუ ისე მარტივი საქმეა.


ფოტო DailyLoud

ქეთი ჩოხელი
  • 7
  • 5172
0 Comments