წითელი ვერსია
  • 13
  • 23628

ღია თავდასხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანზე

10 ივლისი 2022

7 ივლისს „პირველმა არხმა” საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუ „დღის თემა“ ორ აქტუალურ საკითხს დაუთმო: ეპიდაფეთქების საფრთხე და პოლიტიკური პარტიების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელეს.


გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი თენგიზ ცერცვაძე იყო, მეორეში კი, პოლიტიკურ თემაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა - გიორგი ვაშაძემ და იაგო ხვიჩიამ ცალ-ცალკე ისაუბრეს.


რთული სათქმელია, რამდენად გამოვიდა „საუბარი“ გიორგი ვაშაძესთან, რადგან 37-წუთიანი ინტერვიუს ძირითადი დრო გადაცემის წამყვანმა პოლიტიკოსის თავდასხმების და ბრალდებების მოგერიებას მოანდომა.


როგორც ინტერვიუს დასაწყისში თამთა სანიკიძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრო, მათ შორის იყო „სტრატეგია აღმაშენებელიც“.


- თქვენ დღევანდელი პროცესი რეფორმების იმიტაციად და ფარსად შეაფასეთ, მაგრამ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც გაკეთდა თქვენი კოლეგების მხრიდან, ვგულისხმობ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ხომ არ ნანობთ, რომ დღეს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ იყო წარმოდგენილი (შეხვედრაზე)? იქ იყო ცალკეული მინიშნებები და განცხადებები იმის შესახებ, რომ ყველა საპარლამენტო ბერკეტი, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რათა ხელისუფლებას შევასრულებინოთ ევროკომისიის 12 პირობა, - ასეთი კითხვით მიმართა წამყვანმა გიორგი ვაშაძეს.



- მე მგონი ამ კითხვით მარტო მე კი არ დამცინით, თქვენ თავსაც დასცინით და საზოგადოებას დასცინით! - იყო პოლიტიკოსის პასუხი, რომელმაც მთელი ეთერის განმავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა წამყვანი, მისი და საზოგადოების „დაცინვაში“:


- ჩართვამდე 20 წუთი იძულებით მასმენინეთ აუტანელი კითხვებისთვის, რომელსაც თქვენ სვამდით პირადად. მე ბატონ თენგიზთან (ცერცვაძე) არ მაქვს პრეტენზია, თქვენთან მაქვს პრეტენზია!


- ცოტა კორექტული კითხვები უნდა დასვათ!


- შემდეგ კითხვებს როცა დასვამთ, მანამდე კარგად გადაათვალიერეთ ხოლმე დასავლელი პარტნიორების განწყობები! ჩვენსკენ არის დასავლეთის 100-პროცენტიანი მხარდაჭერა!


- თქვენი კითხვებით უნდა დაასაბუთოთ, რატომ ფინანსდება საზ. მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.


- რამ ჩააგდო ვაქცინაცია ამ ქვეყანაში, რატომ არ მიდის ხალხი ვაქცინაზე? იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი ანტივაქსერია!



მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვანმა არაერთხელ განუმარტა რესპონდენტს, რომ ვაქცინაციის თემა უშუალოდ მის გადაცემაში არაერთხელ გაშუქდა და შეკითხვაც არაერთხელ დაისვა, ვაშაძე მაინც ჯიუტად მოითხოვდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა - პრემიერის ანტივაქსერობის შესახებ, თამთა სანიკიძემ მუდმივად დასვას, რადგან ადრე დასმული შეკითხვებისთვის ვაშაძეს არ მოუსმენია და არც გადაცემებისთვის მიუდევნებია თვალი.


„ახლა უკვე გადავიდეთ შემდეგ საკითხზე! “ - თქვა ვაშაძემ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ გადაცემაში კითხვებიც თავად უნდა დაესვა, რედაქტორიც თავად უნდა ყოფილიყო, ინტერვიუს თანმიმდევრობაც განესაზღვრა, შეფასებებიც ეკეთებინა და პასუხებიც თავადვე გაეცა მის მიერ დასმულ შეკითხვებზე.


ხანგრძლივი დავის და პრეტენზიების შემდეგ, გიორგი ვაშაძე კვლავ დაუბრუნდა თავდაპირველ შეკითხვას, წამყვანს მისი ხელახლა გამეორება მოსთხოვა და დაიწყო იმის ახსნა, რა არის მედიაში ტონი, რომელიც მისივე თქმით, წარმოადგენს „ქოცურ-ოლიგარქულ ნარატივს“ და რომ თამთა სანიკიძე არის მიკერძოებული. ამასთან რესპონდენტისგან ხან იქედნური ჩაქირქილება, ხან ბრძანებითი ინტონაცია, ხანაც უკიდურესად ფამილიარულ-კნინობითი „ჩემო თამთა!“, „ბოდიში!!!“, „აპ-აპ! რატომ ანერვიულდი!!!“, „საბავშვო ბაღში ხომ არა ვარ, არა?!“ - მოვისმინეთ.


ვაშაძემ ასევე აგვიხსნა, რომ ქუჩური სლენგის გამოყენების და წამყვანისათვის თითის ქნევის უფლებას პარლამენტის წევრს ის ფული აძლევს, რომელსაც ბიუჯეტი უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს.


პარლამენტარმა აშკარად არ იცის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება სულაც არ გულისხმობს პოლიტიკოსის, მთავრობის, ან ბიზნესის ნებისმიერი შეკვეთის შესრულებას, უფრო პირიქით: - საბიჯეტო დაფინანსება პირდაპირ ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ნებისმიერ ჟურნალისტს, მკაცრად დაიცვას შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესი, შეინარჩუნოს მიუკერძოებლობა საზოგადოების ობიექტური ინფორმირებისთვის.


რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას, გიორგი ვაშაძემ ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უშუალოდ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული და შესაბამისად, სწორედ პარლამენტში და არა პირდაპირ ეთერში უნდა ხდებოდეს იმის გარკვევა, რამდენად შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა მაუწყებლობის შესახებ კანონით გაწერილ მოთხოვნებს.


თუმცა, როგორც აღნიშნული გადაცემიდან გაირკვა, პარლამენტის წევრს საკმაოდ ზერელე წარმოდგენა აქვს მაუწყებლის სტრუქტურასა და მუშაობის პრონციპებზე, და ისიც კი არ იცის, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სწორედ საპარლამენტო პარტიების მიერ წარდგენილი პირებით კომპლექტდება.


მაუწყებლის საქმიანობაში კიდევ ერთი, აშკარად არაკომპეტენტური ჩარევა, ვაშაძის მიერ „ორშაბათისთვის მოთხოვნილი“ ფართო ფორმატის ეთერია, სადაც ის და მის მიერ შერჩეული მედიაექსპერტები სათითაოდ გაარჩევენ თამთა სანიკიძის გადაცემებს და მის მიკერძოებას დაადასტურებენ.


პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს, რომ:


- შეკითხვების ფორმირება, გადაცემის შინაარსის და სტუმრების განსაზღვრა რედაქციის საქმეა და სარედაქციო დამოუკიდებლობა კანონით არის დაცული;


- მაუწყებლის ბადე და მასში ცვლილებების შეტანა ვიღაცის მოთხოვნით არ ხდება და ამას სერიოზული დასაბუთება ესაჭიროება;


- როდესაც პოლიტიკოსი წამყვანის ტონს იწუნებს, უნდა ესმოდეს თავად ამ ტერმინის მნიშვნელობა. ტონი, რომელიც გიორგი ვაშაძემ თამთა სანიკიძეს დაუწუნა, შეუძლებელია იყოს „ქოცურ-ოლიგარქული“. ტონი არსებობს ნეიტრალური, პოზიტიური და ნეგატიური. სწორედ ამ შინაარსს დებენ მასში მედიის ანალიტიკოსები, როდესაც მიუთითებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტონი ქართულ მედიაში ყველაზე ნეიტრალურია.


რაც შეეხება თამთა სანიკიძის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც პოლიტიკოსმა ჟურნალისტზე თავდასხმის საბაბად გამოიყენა, უნდა ითქვას, რომ შეკითხვის კონტექსტი აშკარად ნეიტრალურია, თუმცა სიტყვა „სინანული“ ნეგატიური ხასიათისაა. მთლიანობაში, წამყვანმა ზუსტად გადმოსცა ის წინაპირობები, რომელმაც მისი შეკითხვის ფორმა განაპირობა, რასაც არაპროპორციული და არაადეკვატური თავდასხმა მოჰყვა პარლამენტის წევრის მხრიდან;


საჯარო ფიგურის თმენის ვალდებულება მედიის მიმართ გაცილებით მაღალია, ვიდრე თავად ჟურნალისტის, რომელმაც თავდასხმების მიუხედავად, შესაშური ოსტატობით შეძლო წონასწორობის შენარჩუნება და ყველა იმ შეკითხვის დასმა, რომელიც 7 ივლისის მთავარ პოლიტიკურ თემას შეეხებოდა.


პოლიტიკოსთა მხრიდან პირველი არხის ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ წამყვანზე თავდასხმა პირველი შემთხვევა არაა.


აღნიშნულ ინტერვიუმდე ერთი კვირით ადრე, არანაკლებ აგრესიული იყო თამთა სანიკიძის მისამართით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც 38-წუთიანი ინტერვიუს განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდა გადაცემის წამყვანისგან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას და დაუფარავად ახდენდა ზეწოლას ჟურნალისტზე პირდაპირ ეთერში.


„თქვენ უნდა იდგეთ ქართველი ხალხის გვერდით!“; „მე მინდა თქვენ დაგეხმაროთ, იყოთ ისტორიის სწორი პროცესის მონაწილე და იყოთ ისტორიის სწორ მხარეს!“ - მოუწოდებდა პირდაპირ ეთერში ნიკა მელია თამთა სანიკიძეს.


პოლიტიკოსთა მხრიდან მსგავს ქმედებებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა - „მაუწყებლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციით და მისი დაფინანსება არის ევროპული პრაქტიკის ანალოგი, რომელზე აპელირება იაფი პოლიტიკური ხერხია და არაფერი აქვს საერთო ორგანიზაციის სარედაქციო პოლიტიკასთან. დაფინანსების არსებული ფორმა იძლევა მყარ გარანტიას, რომ ორგანიზაცია იყოს დამოუკიდებელი მთავრობისა თუ ოპოზიციისაგან“.


ლელა კურდღელაშვილი
  • 13
  • 23628
0 Comments