წითელი ვერსია
  • 11
  • 6964

გეოგრაფიის გაკვეთილები

02 აგვისტო 2023

2 აგვისტოს "ტვ პირველის” 11 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტს მიეძღვნა, რომელიც წამყვანმა ასე წარადგინა:


„ჩინეთის შემდეგ ყაზახეთი, პრემიერის ვიზიტი რუსეთის გავლენების მქონე ქვეყნებში გრძელდება, ღარიბაშვილმა ალმა-ატაში ოფიციალური შეხვედრები უკვე გამართა. საუბრის თემა ე.წ. შუა დერეფანია - ახალი მარშრუტი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ასავლელად. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი ჯერ ჩინეთში და ახლა უკვე ყაზახეთში, რუსეთის ინტერესებში შედის, მიზანი კი ოკუპანტისთვის სანქციების გვერდის ასავლელად პირობების შექმნაა“.


ანუ, „ტვ პირველმა“ „შუა დერეფანი“ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მარშრუტად გამოაცხადა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა და აი რატომ:


„შუა დერეფნის“ ოფიციალური სახელწოდებაა „საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი“(TITR).


2013 წელს „შუა დერეფანს“ საფუძველი ჩაუყარეს ყაზახეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიებმა.


2014 წელს ინიციატივას შეუერთდა თურქეთის რკინიგზა, ასევე ყაზახეთის, საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის საზღვაო პორტები.


2016 წელს საკოორდინაციო კომიტეტი ასოციაციად გარდაიქმნა, რომლის დამფუძნებლები და მუდმივი წევრები არიან ყაზახეთის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და უკრაინის სახელმწიფო რკინიგზები. ასოცირებულ წევრებში კი არიან მუდმივი წევრი ქვეყნების პორტები, ასევე ჩინეთის, პოლონეთისა და რუმინეთის რკინიგზები. ასევე შეიქმნა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ლოჯისტიკური კომპანიების კონსორციუმი ტვირთების და კლიენტების მოსაზიდად.


„შუა დერეფნის“ (TITR) უმთავრესი ამოცანაა რკინიგზების და პორტების კოორდინაცია, ინტეგრირებული ლოჯისტიკური პროდუქტების განვითარება, სატრანზიტო და საგარეო სავაჭრო ტვირთების მოზიდვა, გადაზიდვის პროცესის ერთიანი ტექნოლოგიის შექმნა და ტვირთების მოძრაობისას ადმინისტრაციული ბარიერების შემცირების ხელშეწყობა.


„ტვ პირველის“ რედაქციას კარგად რომ შეესწავლა „შუა დერეფნის“ მიზნები და ამოცანები, აღმოაჩენდა არა მხოლოდ „შუა დერეფნის“ შექმნის თარიღსა და ამოცანებს, არამედ ამ ინიციატივაში უკრაინის ჩართვას და იმ ფაქტს, რომ მასში არ მონაწილეობს რუსეთი (ისევე როგორც ყირგიზეთი).


უფრო მეტიც, - „შუა დერეფნის“ უმთავრესი პოლიტიკური მისია სწორედ არასანდო და საფრთხეების შემცველი რუსული მარშრუტის ალტერნატივის შექმნა იყო.


აქვე განსაკუთარებით აღსანიშნავია, რომ ინიციატივა „რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი“ (როგორც „ტვ პირველი“ მას უწოდებს), ყაზახეთიდან წამოვიდა.


„შუა დერეფანში“ პოლონეთის და რუმინეთის მონაწილეობა კი ადასტურებს ევროკავშირის ამ წევრი ქვეყნების ინტერესს ალტერნატიული მარშრუტის მიმართ.


„ტვ პირველის“ რედაქციამ, როგორც ჩანს, არ იცის, რომ ჩინეთის სარკინიგზო ტრანზიტი ევროკავშირში, ომის მიუხედავად, დღემდე ძირითადად რუსეთის და ბელარუსის გავლით ხორციელდება და შედის პოლონეთში. და თუ რუსეთს სურს არალეგალური პროდუქციის შეტანა, მას არ სჭირდება „შუა დერეფნის“ გამოყენება.


მიკროჩიპების მეორე მწარმოებლად სახელდება ირანი, მაგრამ ირანიც არ არის ჩართული „შუა დერეფანში“ და გეოგრაფიის ელემენტარული ცოდნაა საკმარისი, ამ სახელმწიფოთა ტვირთბრუნვის უმოკლესი გზის სანახავად. რუსეთსა და ირანს, შუამავლების გარეშე აკავშირებთ კასპიის ზღვა.


რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბიზნესის ნაწილი დააინტერესა TITR-ის ალტერნატივით და ტვირთბრუნვა კავკასიისა და შუა აზიის მიმართულებით ნაწილობრივ გაიზარდა, რაც აჩენს პერსპექტივას, გაიზარდოს „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა და განხორციელდეს ინვესტიციები, მათ შორის საქართველოში.


ეს კი საერთო ჯამში, კიდევ უფრო გააიაფებს რუსეთის მარშრუტის ალტერნატიულ დერეფანს და შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსეთზე.


შესაბამისად, TITR-ის გააქტიურება გამოიწვია დასავლეთის და ჩინეთის ბიზნესის შიშმა არასტაბილური რუსეთის მიმართ და არა რუსეთმა, რომლის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება „შუა დერეფანი“.


რაც შეეხება სანქციებს:


იმისათვის, რომ ევროპულმა ბიზნესმა რუსეთში პროდუქტის შესატანად თავი აარიდოს სანქციებს, საერთოდ არაა საჭირო „შუა დერეფანი“, რადგან ბევრად უფრო იაფია ტვირთის შეტანა თურქეთში და თურქეთიდან საზღვაო გზით შეტანა რუსეთში.


იგივე მარშრუტს იყენებს რუსეთი, როცა სურს სანქცირებული ტვირთის გატანა ევროპაში.


არც თურქეთი და არც ჩინეთი არ შეერთებიან სანქციებს. ჩინეთს რუსეთთან აქვს საზღვარიც და აქტიურად მოქმედი ტრანზიტიც.


ჩრდილოეთ კორეას ასევე აქვს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან. ირანს აქვს პირდაპირი საზღვაო კავშირი რუსეთთან (საზღვაო გადაზიდვები სარკინიგზო და სააავტომობილო გადაზიდვებზე იაფია).


ყაზახეთი ცდილობს, აკონტროლოს რუსეთში სანქცირებული ელექტროტექნიკისა და სმარტფონების შეტანა, რასაც დღესაც აქვს ადგილი, თუმცა ამ მარშრუტზე მას საქართველო, ისევ გეოგრაფიიდან გამომდინარე, არ გამოადგება (დასავლური ელექტროტექნიკა და ავტომობილები ყაზახეთში შედის ემირატებიდან და ინდოეთიდან. ჩინური ტექნიკა შედის ჩინეთიდან).


ის ფაქტი, რომ ასტანა საკმარისად ვერ აკონტროლებს ყაზახეთ-რუსეთის 7 644 კილომეტრიან საზღვარს და ხდება სანქცირებული ტვირთის შეტანა რუსეთში, არ ნიშნავს, რომ ყაზახეთი რუსეთის გავლენის ქვეშ არის.


მითუმეტეს, ჩინეთი. არავის, „ტვ პირველის“ გარდა, არ ჩაუთვლია ჩინეთი რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ სახელმწიფოდ.


შარშან რუსეთმა აკრძალა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი, დაემუქრა ყაზახეთს ლათინური ანბანის შემოღებისთვის და ხელს უშლის თურქეთთან და ჩინეთთან დაახლოებაში. ასევე, ტრადიციად იქცა რუსული პროპაგანდის თავდასხმები ყაზახეთზე და პრეტენზიები ჩრდილოეთ ყაზახეთის მიწებზე.


ამ ფონზე, „შუა დერეფნის“ პრორუსულად გამოცხადება სიცრუეა და მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.


დავით კობახიძე
  • 11
  • 6964
0 Comments