წითელი ვერსია
  • 11
  • 6029

გაუგებრობა კოსოვოს ირგვლივ

04 აგვისტო 2022

1 აგვისტოს მსოფლიო მედიის ყურადღება კოსოვოსკენ იყო მიმართული.


ამ დღეს ევროპაში კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტის საშიშროება გამოიკვეთა და საკმაოდ მაღალი ჩანდა იმის ალბათობა, რომ სერბეთი და მისგან 2008 წელს გამოყოფილი კოსოვო, რომელსაც ოფიციალური ბელგრადი სერბეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, ურთიერთობებს კვლავ იარაღის გამოყენებით გაარკვევდნენ.


ვითარების გამწვავება ამჯერად კოსოვოს ხელისუფალთა გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, სერბული სანომრე ნიშნები პრიშტინას მიერ რეგისტრირებული სანომრე ნიშნებით უნდა ჩანაცვლებულიყო. გარდა ამისა, იცვლებოდა კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლის წესი ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც ასევე პრიშტინას მიერ გაცემული დოკუმენტებით უნდა ესარგებლათ.


ამ გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა კოსოვოს ჩრდილოეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სერბები შეადგენენ; მიუხედავად იმისა, რომ სერბეთმა ფაქტობრივი კონტროლი კოსოვოზე ჯერ კიდევ 1999 წელს, კოსოვოს ომის შედეგად დაკარგა, ისინი გამონაკლისის სახით დღემდე სერბული დოკუმენტებით და სანომრე ნიშნებით სარგებლობდნენ.


პროტესტის ნიშნად, 31 ივლისს სერბებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან გზა გადაკეტეს, რასაც კოსოვოს ხელისუფლების მხრიდან ტერიტორიაზე საპოლიციო და სპეცდანიშნულების ძალების მობილიზაცია მოჰყვა. ამ მოვლენების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ კოსოვოელი სერბები არასდროს ყოფილან ასეთ რთულ ვითარებაში; კოსოვოში განლაგებულმა, ნატოს საერთაშორისო მისიამ კი გაავრცელა განცხადება, რომ ნატოს ძალები მზად არიან ჩაერიონ, თუ სტაბილურობას საფრთხე შეექმნება...


ქართული ტელეარხების მიერ კოსოვოს მოვლენების გაშუქება კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ პრობლემებს, რომელიც საერთაშორისო ახალი ამბების გადმოცემისას შეინიშნება.


მაგალითად, „რუსთავი2“-ის და „მთავარი არხის“ მიერ, საღამოს შემაჯამებელი გამოშვებისთვის მომზადებულ სიუჟეტებში, ინფორმაცია კოსოვოს მოვლენების შესახებ ყოველგვარი კონტექსტის გარეშე, ზედაპირულად მოგვაწოდეს.


ჟურნალისტებს აუდიტორიისთვის არაფერი უთქვამთ კოსოვოს სამართლებრივ-პოლიტიკური სტატუსის შესახებ;


არადა, რეალურად, დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი და საფუძველი სწორედ კოსოვოს სტატუსის შესახებ მხარეთა პრინციპული შეუთანხმებლობაა: - სერბეთის ხელისუფლება კოსოვოს სერბეთის ნაწილად მიიჩნევს და ცდილობს კოსოვოს ტერიტორიაზე სერბეთის იურისდიქციის ნიშნები შეინარჩუნოს;


თავის მხრივ, კოსოვოს ხელისუფლება გეგმავს საკუთარი სუვერენიტეტის დამადასტურებელი ატრიბუტები გაავრცელოს კოსოვოს მთელ ტერიტორიაზე, რაც, მათ შორის სანომრე ნიშნებს და პირად დოკუმენტაციასაც გულისხმობს.


ისტორიაში კიდევ უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, კონფლიქტი ოფიციალურ ბელგრადსა და კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ ალბანელებს შორის, გასული საუკუნის 90-იან წლებში გამწვავდა, ხოლო 1998 წელს უკვე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1999 წელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით კონფლიქტში ჩაერია ნატო, რომელმაც ბელგრადი აიძულა, კოსოვოდან ჯარები გაეყვანა; ტერიტორია გაეროს მმართველობაში გადავიდა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი ნატოს ეგიდით ჩამოყალიბებულ სამშვიდობო მისიას (KFOR) დაეკისრა.


ომიდან 10 წლის შემდეგ, 2008 წელს კოსოვოს ხელისუფლებამ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც ბელგრადის მწვავე რეაქცია მოყვა;


სერბეთის პროტესტის მიუხედავად, კოსოვოს დამოუკიდებლობა იმავე წელს აღიარეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო მომდევნო წლებში - დასავლური სამყაროს უდიდესმა ნაწილმა (თუმცა არა ყველა დასავლურმა ქვეყანამ).


დღეის მდგომარეობით კოსოვოს დამოუკიდებლობას გაეროს წევრი ქვეყნების თითქმის ნახევარი (მათ შორის აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების უდიდესი ნაწილი) კვლავ არ აღიარებს, ხოლო დისკუსია და კამათი კოსოვოს აღიარების მიზანშეწონილობის შესახებ ამ დრომდე გრძელდება.


იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კოსოვოს არ აღიარებენ, არიან ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოებიც (ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი);


მეორე მხრივ, ე.წ. „კოსოვოს პრეცედენტზე“ ხშირად აპელირებს რუსეთი, - პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სეპარატიზმის მხარდაჭერის და სხვა ქვეყნების შემადგენლობაში მყოფი ტერიტორიების ცალმხრივი აღიარების გასამართლებლად.


დასავლეთთან მჭიდრო პოლიტიკური კავშირის მიუხედავად, კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს საქართველოც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკითხის დელიკატურობას და იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემა საქართველოსთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია.


„რუსთავი2“-სა და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებში კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის შესახებ ასევე არაფერი უთქვამთ;


აღსანიშნავია სიუჟეტების მკვეთრად გამოხატული, ანტისერბული პათოსიც, რაც შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ „რუსეთთან დაპირისპირებულობის მტკიცების“ პროცესში, ქართული მეინსტრიმული მედია, ხშირად ყოველგვარი ანალიზის გარეშე, ავტომატურად იკავებს რუსეთის პოზიციისგან მაქსიმალურად საპირისპირო პოზიციას, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს პოზიცია კონკრეტული სიტუაციისთვის ადეკვატური, ან შეესაბამება თუ არა ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.


სიუჟეტების ავტორები შეეცადნენ აუდიტორიის დარწმუნებას, რომ კოსოვოში სიტუაციის გამწვავების უკან რუსეთი დგას, რომელიც მოკავშირე სერბეთის ხელით ევროპაში დაძაბულობის ახალ კერას ქმნის.


თუმცა ამგვარი დასკვნა აშკარად ეწინააღმდეგება ამავე სიუჟეტებში მოწოდებულ ინფორმაციას, რომ საპროტესტო ტალღა კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია და მოგვიანებით, ასევე კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გადავადებით განიმუხტა.


საგულისხმოა, რომ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად „მთავარმა არხმა“ სიუჟეტში შემოგვთავაზა სამხედრო ანალიტიკოსის სტატუსით ჩაწერილი ენმ-ის წევრის, ნიკო მიქაიას კომენტარი, რომელიც ამბობს, თითქოს „სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ორშაბათიდან კოსოვოში ჯოჯოხეთს დაატრიალებდნენ“.


სინამდვილეში, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა 31 ივლისს განაცხადა, რომ კოსოვოელ სერბებს კოსოვოს ხელისუფლება „უმზადებდა ჯოჯოხეთს“, ანუ მისი სიტყვების შინაარსი სიუჟეტში აშკარად არასწორად და საპირისპირო მნიშვნელობით იყო გადმოცემული.


რაც შეეხება „რუსთავი2-ს“, აქ ჟურნალისტმა გვაცნობა, რომ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან და ცოტა ხნის წინ იგი „იმავე ტერმინოლოგიით საუბრობდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან მიმართებით იყენებს. კერძოდ - ამბობდა, რომ უნდა მოხდეს კოსოვოს დენაციფიკაცია.“


რეალურად, კოსოვოს „დენაციფიკაციის“ შესახებ სერბეთის პრეზიდენტს არასდროს არაფერი უთქვამს. ტვიტი ბალკანეთის „დენაციფიკაციის საჭიროების“ შესახებ დაწერა სერბეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა მმართველი პარტიიდან, ალექსანდრ ჯუკანოვიჩმა, რომელმაც მოგვიანებით საჯაროდ მოიხადა ბოდიში ამის გამო;


რთული სათქმელია, როგორ განვითარებოდა ქართული მედიის ფანტაზია მოვლენების შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, თუმცა როგორც „მთავარმა არხმა“ გვაუწყა, - „ამჯერად ვითარება კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ამერიკის ელჩმა განმუხტა და კოსოვომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება 1 სექტემბრამდე გადადო“.


იმედია, 1 სექტემბრამდე დაპირისპირებული მხარეები ბალკანეთში შეძლებენ ურთიერთმისაღები კომპრომისის გამონახვას; ქართული მედია კი უკეთ გაერკვევა კოსოვოს კონფლიქტის თემატიკაში და უფრო პასუხისმგებლიანად გააშუქებს საერთაშორისო მოვლენებს, რომლებსაც ხშირად იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.



ფოტო bbc.com

ზვიად ავალიანი
  • 11
  • 6029
0 Comments