წითელი ვერსია
  • 10
  • 4691

გათიშული მიკროფონების წესი

09 სექტემბერი 2024

ცარიელი აუდიტორია, გათიშული მიკროფონები და 2-2 წუთი კითხვებზე პასუხის გასაცემად - ეს დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პირველი საპრეზიდენტო დებატების წესების მცირე ჩამონათვალია.


შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება. ცხელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახლადნომინირებულ დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის პირისპირ დებატები 10 სექტემბერს, ABC News-ის ეთერში, საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით 11 სექტემბრის დილის 5 საათი) გაიმართება.


27 ივნისს, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილ კანდიდატ - პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული ისტორიული დებატები, ბაიდენისთვის კატასტროფულად შეფასდა და მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისიც აღმოჩნდა.


დემოკრატებისთვის ამ რთული გამოცდილების შემდეგ, ამერიკელი ამომრჩეველი და მთელი მსოფლიო, 10 სექტემბრის დებატებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დებატების წარმართვის წესები ABC News-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.


საპრეზიდენტო დებატები ფილადელფიაში, „კონსტიტუციის ეროვნულ ცენტრში“, დამსწრე საზოგადოების გარეშე გაიმართება. მოდერატორები World News Tonight-ის წამყვანი და რედაქტორი დევიდ მუირი და ABC News Live Prime-ის წამყვანი ლინსი დევისი იქნებიან.


დებატებს 90 წუთი დაეთმობა, 2 სარეკლამო ჭრით. მიკროფონი კი თითოეული კანდიდატისთვის მხოლოდ მაშინ იქნება ჩართული, როდესაც მათი საუბრის ჯერი დადგება.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრამპი და ჰარისი ერთმანეთს საუბარს ვერ გააწყვეტინებენ. მოდერატორის კითხვაზე პასუხის გასაცემად, კანდიდატებს 2 წუთი, არგუმენტების წარსადგენად ასევე 2 წუთი, ხოლო პასუხის დასაზუსტებლად დამატებით კიდევ 1 წუთი დაეთმობათ.


საპრეზიდენტო დებატებისთვის დადგენილი წესების თანახმად, კანდიდატებს წინასწარ მომზადებული ჩანაწერების/დოკუმენტების ტრიბუნასთან ატანის უფლება არ ექნებათ. კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს მხოლოდ კალამს და სუფთა ფურცლებს მისცემენ. კითხვები წინასწარ შეთანხმებული არ იქნება. სარეკლამო ჭრების დროს, ტრამპისა და ჰარისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს კანდიდატებთან გასაუბრება ეკრძალებათ.


აღსანიშნავია, რომ დებატების დაწყებამდე, კანდიდატებს მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა, დებატების დასასრულს, შემაჯამებელი სიტყვით გამოვლენ.


ტრიბუნებზე კანდიდატების განაწილებისა და შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის რიგითობა ვირტუალური „მონეტის აგდების“ პრინციპით გადაწყდა. წილისყრა დონალდ ტრამპმა მოიგო და არჩია, რომ შემაჯამებელი სიტყვა ბოლომ წარმოთქვას. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კი ამჯობინა, რომ მარჯვენა ტრიბუნასთან დადგება, ანუ სატელევიზიო ეთერშიც, მონიტორის მარჯვენა ნახევარში გამოჩნდება.


გათიშული მიკროფონების წესი ტრამპი-ბაიდენის დებატებისთვის, ჯო ბაიდენის გუნდმა შეათანხმა, რომ პრეზიდენტს საუბრისას ხელი არ შეშლოდა.


რადგან 27 ივნისის დებატები რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის წარმატებულად შეფასდა და მაყურებელსაც მოეწონა შედარებით „თავშეკავებული“ ტრამპის მოსმენა, მისმა კამპანიამ ჰარისთან დებატებისთვის ამ წესის შენარჩუნება ამჯობინა.


თავად კამალა ჰარისს ე.წ. „ცხელი მიკროფონის“ პრინციპით დებატები ერჩივნა და ოპონენტს მოუწოდა კიდეც, რომ ჩართულ მიკროფონებს დათანხმებოდა.


მოლაპარაკების საფუძველზე, კამალა ჰარისი გათიშული მიკროფონების წესს დათანხმდა.


სააგენტო Reuters-ის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის საარჩევნო შტაბი მაინც იმედოვნებს, რომ 10 სექტემბრის დებატების მსვლელობისას, დისკუსია ისე წარიმართება, რომ მოდერატორები იძულებული გახდებიან, კანდიდატებს მიკროფონები მუდმივ რეჟიმში ჩაურთონ.


შეზღუდული მიკროფონების წესი, შესაძლოა, მომგებიანი აღმოჩნდეს, რადგან ამერიკელ ამომრჩეველს ამ დებატებისგან მეტი საჭირო ინფორმაცია და ნაკლები დრამა სურს.


BBC გამოკითხულ რესპონდენტებზე დაყრდნობით წერს, რომ მაყურებელს ურჩევნია, დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის სამომავლო გეგმების შესახებ მიიღოს ინფორმაცია და ნაკლებად არის დაინტერესებული კანდიდატებს შორის სიტყვიერი თავდასხმებით.


მარიამ გიგანი
  • 10
  • 4691
0 Comments