წითელი ვერსია
  • 4
  • 4825

განხეთქილების ტომოსი?

17 მაისი 2021

ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკით გამორჩეული ქართული მედიასაშუალებები, რომლებიც თავს უფრო ხშირად „კრიტიკულ მედიად“ მოიხსენიებენ, ბოლო ხანს დაუფარავად აწარმოებენ უმეტესწილად სრულიად დაუსაბუთებელ პოლიტიკურ პროპაგანდას საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ.


2019 წლის შემდეგ მისი მისამართით გამოთქმული ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ბრალდება უკავშირდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის (ტომოსის) აღიარება-არაღიარების საკითხს. სწორედ ტომოსი იყო მთავარი თემა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში 9 მაისს გასული „დროების“ ერთ-ერთი სიუჟეტისა, რომელსაც საკმაოდ დამაბნეველი სახელწოდება ჰქონდა: „არაღიარების არ აღიარება“.


ცნობისთვის: 2019 წლის 5 იანვარს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა ტომოსს (ბრძანებას, განკარგულებას), რითაც აღიარა უკრაინის ტერიტორიაზე ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა და განსაზღვრა მისი სტატუსი. აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, გარდა ახლად შექმნილი ეკლესიისა, მოქმედებს მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში შემავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაც.


ახალი ეკლესიის შექმნა, პირველ რიგში სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის შემცირებას ისახავდა მიზნად, თუმცა ამ პროცესმა, საბოლოოდ, მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განხეთქილებისა და მწვავე რელიგიური კონფლიქტის ფორმა მიიღო.


ამის ერთ-ერთ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ აწ უკვე სკანდალურად ცნობილი „ტომოსის“ გამო რუსეთის ეკლესიამ საერთოდ გაწყვიტა ევქარისტული (საეკლესიო) კავშირი როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ისე ელადის, კვიპროსისა და ალექსანდრიის პატრიარქებთან, რომლებმაც მოგვიანებით ასევე აღიარეს ტომოსი.


საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ისევე როგორც მსოფლიოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების უმრავლესობას, ჯერჯერობით არ უღიარებია ტომოსი (იხ. ცხრილი 1), თუმცა იმის ნაცვლად, როგორ მიმდინარეობს ახალი ავტოკეფალური ეკლესიის ჩამოყალიბების პროცესი და რატომ არ ჩქარობენ ეკლესიები ტომოსის აღიარებას, „დროებაში“ საზოგადოებამ მოისმინა ეჭვებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების კრებული საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ. თანაც, მაყურებელს საშუალება არ მიეცა, სრულყოფილად გასცნობოდა თავად საპატრიარქოს პოზიციასა თუ არგუმენტებს.


სიუჟეტში, რომელსაც საფუძვლად დაედო გადაცემის წამყვანის, გიორგი თარგამაძის 2 მაისის ინტერვიუ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, საქართველოს საპატრიარქოს არგუმენტები დაყვანილი იყო ბანალურ შიშამდე, რომ, თუ ქართული ეკლესია ახლად შექმნილი უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, მაშინ რუსული ეკლესიაც სცნობს ქართულისგან აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას.


ამ მოსაზრებისთვის ზურგის გასამაგრებლად სიუჟეტში ნაჩვენები იყო ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის (იაკობიშვილი) კომენტარი, სადაც ის საუბრობს რუსული ეკლესიის მხრიდან არა იმდენად აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების, არამედ აფხაზეთის ეკლესიის თვითნებური მიერთების საფრთხეზე.


რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მაყურებელი ვერ იგებს, არის თუ არა აფხაზეთის ეკლესიის მიერთების (ან, თუნდაც, აღიარების) საფრთხე ერთადერთი არგუმენტი საქართველოს ეკლესიისთვის, თუ ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მოსაზრებებს შორის, საპატრიარქოს დღევანდელ პოზიციას რომ განაპირობებენ.


ასეა თუ ისე, ინტერვიუსა და მთელი სიუჟეტის მთავარი ინტრიგა იყო შეკითხვა, შეუძლია თუ არა რუსულ ეკლესიას, „აღიაროს“ აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია, რაზეც ჟურნალისტმა პატრიარქისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.


ამ ეპიზოდის შემდეგ მთელი სიუჟეტი, ფაქტობრივად, ემსახურებოდა იმის დამტკიცებას, რომ მოსკოვის საპატრიარქოს არათუ აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარების „უფლება არ აქვს“, არამედ, საერთოდაც, ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის საქართველოს; რომ თვით მსოფლიო მართლმადიდებლობის კონცეფციიდან გამომდინარე ჩვენი ვალია, ვიყოთ პირველები უკრაინის ეკლესიის აღიარების საქმეში; რომ სწორედ დღეს არის ამის დრო, თორემ ხვალ უკვე გვიან იქნება და ა. შ.


ამგვარ განცხადებებს აკეთებდნენ არა მხოლოდ თეოლოგის სტატუსით წარმოდგენილი პირები, არამედ ყოფილი პოლიტიკოსები და დიპლომატებიც, რომლებიც არც მალავდნენ, რომ ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ.


მაგალითად, უკრაინაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა თანამშრომლობის, მეგობრობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებაც კი გაიხსენა და აღნიშნა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერა საქართველოს „მეგობრული ვალია“.


უდავოდ ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთ-ერთმა რესპონდენტმა, გოჩა ბარნოვმა, გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს 1921 წლის შემდეგ საქართველოს არცერთი პატრიარქი არ აურჩევია საქართველოს ეკლესიის სინოდს და თითქოს ყველა მათგანი მოსკოვიდან დაინიშნა. არადა, სწორედ ამ დროს სიუჟეტში ვხედავთ არქივის კადრებს და გარკვევით ისმის ხმა, რომ ილია II ერთხმად არის არჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.


მთლიანობაში, სიუჟეტი იმდენად გადავიდა პოლიტიკური ბრალდებებისა და ლოზუნგების ტერიტორიაზე, რომ მაყურებელმა ვერც საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია შეიტყო, და ვერც ტომოსთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღო პასუხი;


ვერ გაიგო, რა არის ან რა შეიძლება იყოს იმ მართლმადიდებელი ეკლესიების არგუმენტები, რომლებიც ასევე არ ჩქარობენ ტომოსის აღიარებას და რამდენად ემთხვევა ეს არგუმენტები საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას.


იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარეთ მოსაზრებას, რომ საქართველოს ეკლესია ტომოსის აღიარებისგან აფხაზეთში ვითარების გართულების შიშით იკავებს თავს, ეს ვერ დაგვეხმარება ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთისა თუ სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციის გაგებაში.


ლოგიკურად ჩნდება ვარაუდი, რომ უნდა არსებობდეს სხვა, გლობალური მიზეზები და არგუმენტებიც. თუმცა, სიუჟეტში არც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების შესახებ მოგვისმენია რამე და არც ის განუმარტავს ვინმეს, რა დრო სჭირდება ახალჩამოყალიბებული ეკლესიის აღიარებას ყველა სხვა ეკლესიის მიერ.


ცნობისთვის: საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ ჯერ კიდევ 1917 წელს განაცხადა, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ იგი მხოლოდ 1943 წელს აღიარა, ხოლო კონსტანტინოპოლმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა კიდევ უფრო გვიან, 1990 წელს ცნო.


და კიდევ: რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, სიუჟეტში არაფერი თქმულა იმაზე, რა რეაქცია მოჰყვა ტომოსს თავად უკრაინაში და რატომ გამოიწვია მან განხეთქილება ავტოკეფალიის მომხრე უკრაინულ სამღვდელოებაში.


საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ იმ არაერთგვაროვან და, ზოგ შემთხვევაში, მკვეთრად უარყოფით რეაქციაზე, რომელიც ტომოსის მიმართ უკრაინელმა სასულიერო პირებმა გამოხატეს. ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავდა, რომ საპატრიარქოში ტომოსს გაეცნენ, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დაუყოვნებელ მიღებას.


მეტიც, ჯაღმაიძეს მოჰყავს იმ დროისთვის უკრაინის ახლად შექმნილი ეკლესიის საპატიო პატრიარქის, ფილარეტის (დენისენკო) სიტყვები ტომოსის გამოქვეყნების შემდეგ, რომელთა თანახმადაც, ეს არ არის დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის შექმნა და უკრაინას არ სჭირდება „ერთი დამოკიდებულებიდან მეორე დამოკიდებულებაში გადასვლა“ (იგულისხმება გადასვლა მოსკოვის დამოკიდებულებიდან კონსტანტინოპოლის დამოკიდებულებაში). საინტერესოა, რომ ფილარეტი, რომელიც დანარჩენმა მსოფლიომ გაიცნო სკანდალური განცხადებით, რომ უკრაინული მხარე ხელმოწერამდე საერთოდ არ იცნობდა ტომოსის ტექსტს, მოგვიანებით საერთოდ გაემიჯნა ახლად შექმნილ უკრაინულ ეკლესიას.


უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ სხვა კანონიკურ ნიუანსებთან ერთად, ეს გაუგებრობა აშკარად გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციებზე და, თუ გავითვალისწინებთ, რომ, საერთოდ, ეკლესია (მათ შორის, ქართულიც) კონსერვატიული ინსტიტუტია, სადაც ნებისმიერი სიახლის მიღებას დრო სჭირდება, საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაც არ მოგვეჩვენება უცნაურად.



არჩილ სიხარულიძე
  • 4
  • 4825
0 Comments