წითელი ვერსია
  • 8
  • 8338

გადადგა, მაგრამ არ გადამდგარა - მედია გამყრელიძეზე

29 ივნისი 2021

მედიას შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია წყაროს საშუალებით, რომლის ვინაობასაც არ ამჟღავნებს - ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა, თუმცა ინფორმაციის გავრცელებამდე მედია ასევე ვალდებულია ყოველმხრივ გადაამოწმოს თავად წყაროც და მის მიერ მოწოდებული ცნობაც, რათა გამორიცხოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფრთხე.


ამ სტანდარტისა და ვალდებულების გვერდის ავლით, ქართულ მედიაში ხშირად ვრცელდება არა მხოლოდ გადაუმოწმებელი ამბავი, არამედ ისეთი ინფორმაციაც, რომლის გადამოწმებაც მედიამ სცადა, მაგრამ წყაროს მიერ მოწოდებული ცნობა არასწორი აღმოჩნდა. ცხადია, რომ ასეთ დროს აუდიტორია არა „ექსკლუზიურ ინფორმაციას“, არამედ ურთიერთგამომრიცხავ სათაურებს ან საერთოდ დეზინფორმაციას იღებს.


სწორედ ამგვარი გაშუქების მაგალითია რამდენიმე მედიასაშუალების მიერ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის (ზოგან - „გადაყენების“) შესახებ ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია.


ონლაინგამოცემა newpost.ge-მ 28 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ: „ნიუპოსტისთვის’ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან გადააყენეს. როგორც ჩვენი წყარო ‘ნიუპოსტთან’ საუბარში აცხადებს, გამყრელიძეს ხელმძღვანელის პოსტი დაკარგული ვაქცინების გამო დაატოვებინეს.“


ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით newpost.ge დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც „გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ „გამყრელიძე დილიდან თათბირს ატარებს“, თუმცა ამის მიუხედავად, მედიასაშუალებამ მკითხველს აღნიშნული ინფორმაცია მაინც ამგვარი სათაურით შესთავაზა: „ნიუპოსტის’ ინფორმაციით ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან გადააყენეს.“


newpost.ge-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მოგვიანებით სხვა მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მაგალითად, ინფორმაცია უცვლელად გაავრცელა კიდევ ერთმა ონლაინმედიასაშუალებამ tia.ge-მ და ინფორმაციაში ისიც მიუთითა, რომ გამყრელიძის გადადგომის ამბის პირველწყარო newpost.ge იყო.


იმავე საღამოს, საინფორმაციო გამოშვებაში თემა გააშუქა „მთავარმა არხმაც“, რომელიც თავის მხრივ, „უწყებიდან საკუთარ კონფიდენციალურ“ წყაროს დაეყრდნო და ინფორმაციაც ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: „მთავარის’ ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან მიდის“.


ტელეკომპანიის ვერსიით, „გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირებას ეწირება“. „ვაქცინაციის პრობლემები, ბოლო დროის ვაქცინების სკანდალი და აუდიტის სამსახურის შემოწმება. ეს არის ფორმალური მიზეზები, რომელთა გამოც გამყრელიძე იძულებულია, წავიდეს, მაგრამ ზეწოლის მიუხედავად მთავარმა ეპიდემიოლოგმა დღეს გადადგომის განცხადება არ გააკეთა,“ - გვაუწყებენ სიუჟეტში.


„მთავარმა არხმა“ მაყურებელს თავად ამირან გამყრელიძის კომენტარიც შესთავაზა, რომელმაც მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა: „როგორც ხედავთ, ჩვეულებრივ რეჟიმში ვარ, ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ“, თუმცა, „მთავარმა არხმა“ მაინც საკუთარი ვერსია განავითარა და დასძინა, რომ გამყრელიძემ „თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა ეს გადაწყვეტილება გასაჯაროვდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეპირებული ვაქცინები ჩამოვა“.


მოგვიანებით, „მთავარი არხის“ ეთერში გასულ კომენტარზე დაყრდნობით newpost.ge-მ ინფორმაცია განაახლა და მკითხველს აცნობა, რომ გამყრელიძე თანამდებობის დატოვების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, ხოლო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ tia.ge-მ ინფორმაცია საკუთარი ვებგვერდიდან საერთოდ წაშალა და სამაგიეროდ გაავრცელა ახალი ინფორმაცია სათაურით „ვმუშაობ ჩვეულებრივ რეჟიმში' - ამირან გამყრელიძე გადადგომას არ ადასტურებს".


ცნობისთვის: ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, 29 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავად ამირან გამყრელიძეს დაუსვა კითხვა მისი გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რაზეც მისგან საკმაოდ ირონიული პასუხი მიიღო: „რამდენჯერ უნდა მკითხოთ? გუშინ ხომ დამხვდით და მკთხეთ, დღეს აგერ თქვენს წინაშე ვარ და ვლაპარაკობ. ჯერ არ გადავმდგარვარ და რა ვქნა ეხლა? არ ვიცი, თქვენ რომელ არხს წარმოადგენთ, ძალიან თუ გინდათ, მითხარით, თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას, რომ ძალიან მინდა, რომ ამირან გამყრელიძე გადადგეს. იქნებ, გაგიწიოთ ანგარიში მერე“.


აღსანიშნავია, რომ newpost.ge-ს ვებგვერდზე ამირან გამყრელიძის მიერ 29 ივნისის ბრიფინგზე გაკეთებული კომენტარი კვლავ დამაბნეველი და პროვოკაციული სათაურით გამოქვეყნდა: „ხელმძღვანელმა მითხრას, იქნებ გავუწიო ანგარიში - გამყრელიძე გადადგომაზე“.


ამ სათაურში არ ჩანს და გაუგებარია, ვის ხელმძღვანელზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ინფორმაციის პარალელურად, newpost.ge-ზე კვლავ განთავსებულია ცნობა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.


მანანა მჭედლიშვილი
  • 8
  • 8338
0 Comments