წითელი ვერსია
  • 7
  • 7821

ევგენი და ვანო

12 მარტი 2023

ევგენი კისელიოვი პოსტსაბჭოთა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაა. მისი კარიერის „ოქროს ხანა“ პრეზიდენტ ბორის ელცინის მმართველობის პერიოდს უკავშირდება. თავად ჟურნალისტი დადებითად აფასებდა ელცინის პოლიტიკას და ერთადერთი, რაშიც არ ეთანხმებოდა რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, პუტინის ხელისუფლებაში მოყვანა იყო.


კისელიოვს არასოდეს გაუკრიტიკებია ელცინის რუსეთი, არც ჩეჩნეთის სისხლიანი ომები, არც ელცინის მიერ საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკა. მედიაწრეებში კისელიოვი ცნობილ მედიამაგნატ ვლადიმერ გუსინსკისთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა.


რუსეთში პუტინის რეჟიმის გაძლიერების შემდეგ კისელიოვი უკრაინაში გადავიდა და იქ განაგრძო ჟურნალისტურ საქმიანობა. 2022 წლის თებერვლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციის „რუსეთის ანტისაომარი კოალიციის“ წევრი გახდა. რამდენიმე კვირაში, ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკისთან ერთად, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა და მასზე ძებნა გამოაცხადა.


***


8 მარტის საღამოს, რუსთაველის გამზირზე, უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებიების ფონზე, ევგენი კისელიოვმა საკუთარ იუთუბ-არხზე ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა ვანო მერაბიშვილთან, სათაურით: „ეს პროტესტი საქართველოს გაათავისუფლებს! მოთმინების ფიალა აივსო - კრემლის აგენტს ძალით გადააგდებენ!“


ინტერვიუდან გავიგეთ, რას ფიქრობდა ვანო მერაბიშვილი ე.წ. „რუსულ კანონზე“, ივანიშვილის რუსეთთან ურთიერთობებზე და როგორი იყო მისი პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.


ევგენი კისელიოვი: „საქართველოში, როგორც ჩანს, ნამდვილი რევოლუციაა! ყოველ შემთხვევაში, იქ უპრეცედენტო, მასობრივი, მხურვალე პროტესტია უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ, რომელიც ზედმიწევნით არის გადაწერილი სახელგანთქმული რუსული კანონიდან. რა ხდება სინამდვილეში, ამის შესახებ დაწვრილებით ვისაუბრებთ საქართველოს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან ვანო მერაბიშვილთან. ახლა ის ერთ-ერთი იმათგანია, ვინც პრორუსულ პროტესტს უდგას სათავეში - სწორად ვთქვი, რომ ამჟამად საქართველოში პრორუსული რეჟიმია?“


ხანგრძლივი ინტერვიუს მსვლელობისას მერაბიშვილმა არაერთგზის ახსენა მმართველი პარტიის დამოკიდებულება რუსეთზე. თუმცა, როცა ჟურნალისტი შეეცადა გაერკვია, რა იყო ამ დამოკიდებულების მიზეზი, მერაბიშვილს პასუხი არ აღმოაჩნდა:


კისელიოვი: რატომაა, რომ ივანიშვილი და მისი მომხრეები პარლამენტში ექვემდებარებიან მოსკოვის დიქტატს? რას ჰპირდებიან - ფულს?


მერაბიშვილი: - არა, არა! ფულის შემთხვევაში პირიქითაა. მთელი ეს მოქმედება მათ სანქციებით ემუქრება. ალბათ, რაღაც დიდი შიშია! სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი და არ მესმის!


ინტერვიუში მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერია და მხარს უჭერს აქციაზე მყოფთა მოთხოვნებს. თუმცა ორჯერ გაიმეორა, რომ საქართველოში აგენტების შესახებ კანონი, რუსეთისაგან განსხვავებით, არაეფექტური იქნება:


მერაბიშვილი: ...დიდი ალბათობით, ეს არის მოსკოვის დავალება, რადგან საქართველოს პროკურატურას, მთავრობას არ აქვს პრობლემა, აღძრან სისხლის სამართლის საქმეები აგენტის სტატუსის გარეშე. საქართველოში ეს მანქანა ძალიან კარგად მუშაობს.


თან, რუსეთში რომ პრობლემებს ქმნის უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი, საქართველოში ასე არ არის: - ის, ვისაც რეკლამა მიაქვს ოპოზიციურ ტელევიზიებში, კვლავ მიიტანენ, მაშინაც კი, როცა ისინი იქნებიან უცხო ქვეყნის აგენტები, რადგან საქართველოში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. საქართველოში ცოდვად არ ითვლება, იყო მედასავლეთე, ამერიკელების მეგობარი, პირიქით, ეს პრესტიჟია, აქ საერთოდ განსხვავებული სიტუაციაა. ეს არის პატარა ქვეყნის სიტუაცია, რომელიც ოცნებობს შევიდეს ევროკავშირში... რუსეთში შესაძლოა პუტინს მისცა ამ კანონმა რაღაც, მაგრამ საქართველოში ეს კანონი მთავრობას არაფერს მისცემს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენთან მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლებაა, არა! უბრალოდ, სხვანაირი ვითარება გვაქვს, აქ არავისთვისაა პრობლემა იყოს „აგენტი“.


აქ კისელიოვს აშკარად მოსწყინდა რესპონდენტის ბუნდოვანი პასუხები, რომლებშიც მკაფიო გზავნილები არ იკითხებოდა.


და ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტი თავადაც გარკვეულიყო და საკუთარი მაყურებელიც გაერკვია ქართული პოლიტიკის შინაარსში, ის ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე დაინტერესდა, აპირებდნენ თუ არა თბილისში „ბასტილიის“ და „მაიდანის“ მოწყობას.


კისელიოვი: - ვანო, თქვენ არსად გიხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი და მისი ბედი. არის თუ არა ამჟამინდელი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლოზუნგი „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“?


კისელიოვი: - თუ აქციაზე გამოსული ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც ახლა გამზირზე იმყოფებიან, წავლენ იმ სპეციალური ციხის თუ იზოლატორის საავადმყოფოსკენ, სადაც აწამებენ სააკაშვილს, რომ აიღოთ ის, როგორც ბასტილია - არ მოგსვლიათ თავში ასეთი აზრი?


კისელიოვი: - იქნება თბილისური მაიდანი? როდესაც ადამიანები შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და არ დაიშლებიან?


ჟურნალისტის მიერ გამოყენებულმა ამ ტექნიკამ გაჭრა: - მერაბიშვილი კისელიოვს ცალსახად დაეთანხმა და განავრცო მის მიერ „ჩაწოდებული“ თემები:


მერაბიშვილი: ამ აქციების ერთ-ერთი მიზანი იქნება სააკაშვილის გათავისუფლება. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ახლა სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის ნახევარ საათში დასრულებას...


...არ აქვს მნიშვნელობა, სად მოხდება პოლიციელების კორდონის „გარღვევა“ - პარლამენტთან თუ ჰოსპიტალთან. კორდონის ნებისმიერი „გარღვევა“ არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება.


...ახლა მე დაზუსტებით ვერ ვიტყვი, ეს (მაიდანი) მოხდება დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეჟიმის დღეები დათვლილია!“


რა გაიგო ევგენი კისელიოვის იუთუბ-არხის მაყურებელმა ამ ინტერვიუდან? თუ გამოხმაურებებს გადავხედავთ, ისინი მიესალმებიან საქართველოში დაწყებულ პროტესტს და გამარჯვებას უსურვებენ მერაბიშვილს და მის თანამოაზრეებს „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.


ლელა კურდღელაშვილი
  • 7
  • 7821
0 Comments