წითელი ვერსია
  • 3
  • 2980

ერთი "ტვიტის" ამბავი

17 მარტი 2023

“თუ თავისუფლება საერთოდ რამეს ნიშნავს, მაშინ ეს არის უფლება, უთხრა სხვებს ის, რისი მოსმენაც მათ არ სურთ”, - ეს ცნობილი ციტატა ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმიდან”, ლონდონში, BBC-ის ცენტრალური ოფისის შენობის კედელზეა ამოტვიფრული, ავტორის ქანდაკების გვერდით.


ამ წარწერასთან გადაღებულ ფოტოს, “ტვიტერში” პროფილის ფოტოდ იყენებს ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, BBC-ის სპორტული გადაცემის პოპულარული წამყვანი და კომენტატორი გარი ლინეკერი, რომელიც გასულ კვირაში, მთავრობის მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო სატელევიზიო ეთერს ჩამოაშორეს.


დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ ლინეკერი სოციალურ ქსელებში ქცევის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.


ამ გადაწყვეტილების გამო BBC მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა.


გადაცემა Match of the Day-ის („დღის მატჩი“) წამყვანი, 62 წლის სპორტსმენი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა გაერთიანებულ სამეფოში და ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანია, რომელიც 24 წელია, BBC-ის სახეს წარმოადგენს.


სკანდალის მიზეზი გარი ლინეკერის „ტვიტი“ გახდა, რომელშიც მან მთავრობის მიგრაციული პოლიტიკა გააკრიტიკა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ლა-მანშის სრუტის გავლით, ნავებით ქვეყანაში ჩასული მიგრანტების მიმართ ბრიტანეთის მთავრობის მკაცრი მიდგომა 30-იანი წლების გერმანიის რიტორიკას შეადარა.


„ჩვენ ვიღებთ ბევრად ნაკლებ ლტოლვილს, ვიდრე სხვა მსხვილი ევროპული ქვეყნები. ეს არის წარმოუდგენლად სასტიკი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ყველაზე დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ, იმ ენაზე, რომელიც არ განსხვავდება გერმანიის მიერ 30-იან წლებში გამოყენებული ენისგან“, - დაწერა გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, სადაც მას მილიონამდე გამომწერი ჰყავს.


BBC-მ ლინეკერი მაუწყებლის სოციალური ქსელების გამოყენების წესების დარღვევაში დაადანაშაულა.


ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციაში მოქმედი წესების თანახმად, თანამშრომელმა სოციალურ ქსელებში აქტიურობისას არ უნდა დაარღვიოს მიუკერძოებლობის პრინციპი. კერძოდ, იკრძალება მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო მოსაზრების გამოხატვა ნებისმიერ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე პოლიტიკური დებატების საგანს წარმოადგენს; ასევე იკრძალება სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი კონკრეტული პოზიციის დაცვა.


„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გარის არ უნდა გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ მან თავი უნდა შეიკავოს ამა თუ იმ პოზიციის დაკავებისგან ისეთ საკითხებში, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს ან რეზონანსულ პოლიტიკურ დავებს ეხება“, – ნათქვამი იყო BBC-ის განცხადებაში.


თავად ლინეკერი ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში მოსაზრებების გამოხატვა არ ეზღუდება, რადგან არ არის საინფორმაციო ან პოლიტიკური გადაცემის წამყვანი და თანაც, შტატგარეშე თანამშრომელია.


ლინეკერის ეთერიდან ჩამოშორების გამო, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის სპორტულ გადაცემებს ბოიკოტი გამოუცხადეს ცნობილმა კომენტატორებმა, სპორტსმენებმა და BBC-ის პერსონალმა, რის გამოც, გასულ შაბათს გადაცემა „დღის მატჩი“ შემოკლებული ფორმატით, წამყვანის გარეშე გავიდა ეთერში. შეკვეცილი საფეხბურთო ეთერის გამო, გენერალურმა დირექტორმა ტიმ დეივიმ ბოდიშიც მოუხადა სალიცენზიო მოსაკრებლის გადამხდელ მაყურებლებს და აღიარა, რომ ეს მაუწყებლისთვის რთული დღე იყო.


საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, არხის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, დათმობებზე წასულიყო. გენერალურმა დირექტორმა ტიმ დეივიმ განაცხადა, რომ გადაიხედება მაუწყებლის სოციალურ მედიაში ქცევის წესები, გარი ლინეკერი კი ეკრანს დაუბრუნდება.


პრობლემა მოგვარდა, თუმცა დარჩა კითხვები BBC-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის ირგვლივ, რომელსაც მაუწყებლობის 100-წლიანი ისტორია აქვს და მსოფლიოს არაერთი მედიასაშუალებისთვის ეტალონს წარმოადგენს.


თემთა პალატაში დებატების დროს ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ლიუსი პაუელმა ლინეკერის ეთერიდან ჩამოშორების ამბავი „პუტინის რუსეთსაც“ კი შეადარა. თუმცა გენერალური დირექტორი ტიმ დეივი მთავრობის მხრიდან ზეწოლას უარყოფს.


აღსანიშნავია ისიც, რომ BBC აქტიურად აშუქებდა მის გარშემო აგორებულ სკანდალს.


სოციალურ ქსელებში ქცევის სახელმძღვანელოს გადახედვას და თანამედროვე ეპოქასთან მორგებას BBC-ის ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოც ურჩევს. Ofcom-ის ხელმძღვანელი მელანი დოუსი სამაუწყებლო კორპორაციას მიუკერძოებლობის აუცილებლობასთან ერთად, გამოხატვის თავისუფლებასაც ახსენებს:


„მათ უნდა გადახედონ ამ სახელმძღვანელოს და ნახონ, სწორია თუ არა ის კვლავ მსოფლიოში, სადაც სოციალური მედიის გამოყენება მზარდია. კიდევ ერთხელ გადახედონ, რას ითხოვენ კონტრიბუტორებისგან და თავიანთი თანამშრომლებისგან. საჭიროა ძალიან მკაცრი წესები ახალი ამბების წამყვანებისთვის, თუმცა როგორც კი ამის ფარგლებს გასცდები, აქტუალური ხდება გამოხატვის თავისუფლების საკითხი“.


ლინეკერის მიერ „ტვიტერში“ გამოთქმული მოსაზრებები BBC-სთვის „თავის ტკივილის“ მიზეზი პირველად არ ხდება. 2022 წელს მან სოციალურ ქსელში გააზიარა მაშინდელი საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განცხადება, რომელშიც ის რუსეთში დაგეგმილი „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის ბოიკოტის მოწოდებით გამოდიოდა.


„და მისი პარტია დააბრუნებს რუსი დონორებისგან მიღებულ შემოწირულობებს?“ - დაწერა ლინეკერმა.


მაშინაც ეს საკითხი მაუწყებლის შესაბამისმა განყოფილებამ შეისწავლა და დაადგინა, რომ ლინეკერის „ტვიტი“ არ შეესაბამებოდა BBC-ის მიუკერძოებლობის სარედაქციო სტანდარტებს.


თუმცა მიგრაციის საკითხი არის თემა, რომელზეც ლინეკერი ყველაზე ხშირად გამოთქვამს მკაფიო პოზიციას. მას თავად ჰყავდა სახლში შეფარებული ორი ლტოლვილი და მიაჩნია, რომ აუცილებელია იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც უცხო ქვეყანაში გაჭირვების გამო ჩადიან.


გასულ კვირას ეთერიდან დროებით ჩამოშორების შემდეგ, ვეტერანმა ფეხბურთელმა თქვა, რომ გააგრძელებს „იმ უბედურთა ნაცვლად საუბარს, რომლებსაც ხმა არა აქვთ“.


ფოტო nationalworld.com

ქეთი ჩოხელი
  • 3
  • 2980
0 Comments