წითელი ვერსია
  • 4
  • 5346

ერთი ინტერვიუს ორი ვერსია

17 ივლისი 2025

მედიაკომპანია Paramount Global 16 მილიონ დოლარს გადაიხდის პრეზიდენტ ტრამპთან სამართლებრივი დავის დასარეგულირებლად.


დავა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის ინტერვიუს უკავშირდება.


დონალდ ტრამპმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის ოქტომბერში, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის დროს შეიტანა.


როგორც ის ამტკიცებდა, ტელეარხის რედაქციამ გადაცემა „60 წუთში“ გასულ ინტერვიუში შესწორებები იმგვარად შეიტანა, რომ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოების თვალში უკეთ წარმოჩენილიყო.


ტრამპმა ეს, არჩევნებში ჰარისის სასარგებლო ჩარევად შეაფასა და მაუწყებლობის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალი უწოდა.


კომპანია Paramount Global, რომელიც CBS-ის მფლობელია, სარჩელს თავიდანვე უსაფუძვლოს უწოდებდა და სასამართლოსგან საქმის დახურვას ითხოვდა. თუმცა საბოლოოდ, სამართლებრივი ბატალიების გაგრძელებას, შეთანხმება არჩია. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეთანხმება ბოდიშის მოხდას არ ითვალისწინებს.


შეთანხმების მიხედვით, მედიაჰოლდინგის მიერ გადახდილი 16 მილიონი დოლარი ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას უნდა მოხმარდეს.


შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მომავალში, CBS-ის მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატთა ინტერვიუების ტრანსკრიპტის გამოქვეყნების პირობას.


ტრამპის გუნდის იურისტმა სამართლებრივ შეთანხმებას ყალბი ახალი ამბების მედიაზე ამერიკელი ხალხის გამარჯვებაუწოდა.


CBS-მა და Paramount Global-მა გააცნობიერეს ამ ისტორიული საქმის მთელი სერიოზულობა და არ ჰქონდათ სხვა არჩევანი, დავის დარეგულირების გარდა. დონალდ ტრამპი ყოველთვის უზრუნველყოფს, რომ არავის შერჩეს ამერიკელი ხალხის მოტყუება“, - განუცხადა მედიას ტრამპის დაცვის მხარის წარმომადგენელმა.


დონალდ ტრამპი თავდაპირველად 10-დან 20 მილიარდ დოლარამდე ითხოვდა კომპენსაციის სახით.


რა თქვა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რა დარედაქტირდა ინტერვიუში?


კამალა ჰარისის ინტერვიუს სადავო ნაწილი ისრაელსა და “ჰამასს” შორის საომარ მოქმედებებს ეხება.


დონალდ ტრამპის სარჩელის თანახმად, რომელიც მან ტეხასში ფედერალურ სასამართლოში წარადგინა, CBS-მა ეთერში გაუშვა ჰარისის ინტერვიუს ორი ვერსია, აქედან ერთი - შემოკლებული.


პირველი ვერსია გადაცემა Face the Nation-ში გავიდა, მეორე კი - „60 წუთში“.


დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ კამალა ჰარისის პასუხი ერთ-ერთ ვერსიაში დარედაქტირდა, რათა ის საზოგადოების ნეგატიური რეაქციისგან დაეცვათ.


თავდაპირველად, CBS უარს აცხადებდა ჰარისის ინტერვიუს სრულად გასაჯაროებისგან, თუმცა მოგვიანებით, კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მოთხოვნით გამოაქვეყნა.


ჟურნალისტი კამალა ჰარისს ღაზაში მიმდინარე ომის კონტექსტში, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობასთან აშშ-ის ურთიერთობებზე ეკითხება.


ინტერვიუს სრულ ვერსიაში რესპონდენტის პასუხი გრძელია და ბუნდოვანი, რასაც დონალდ ტრამპმა სიტყვების სალათი უწოდა.


გადაცემა “60 წუთში” გასული ვარიანტი კი - მოკლე და მკაფიოა.


ჩვენ არ შევწყვეტთ იმისკენ სწრაფვას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეერთებული შტატების პოზიცია ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით მკაფიო იყოს , - ამბობს ჰარისი რედაქტირებულ ვერსიაში.


ვიცე-პრეზიდენტის პასუხის სრული ვერსია ასეთი იყო:


ჩვენს მიერ გაწეულმა სამუშაომ გამოიწვია ისრაელის მიერ ამ რეგიონში არაერთი მოძრაობა, რაც დიდწილად მრავალი ფაქტორით იყო გამოწვეული, ან იყო შედეგი ბევრი რამის, მათ შორის ჩვენი მხარდაჭერის იმის მიმართ, რაც უნდა მოხდეს რეგიონში. ჩვენ არ შევწყვეტთ იმისკენ სწრაფვას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეერთებული შტატებისთვის პოზიცია ამ ომის დასრულების აუცილებლობასთან დაკავშირებით მკაფიო იყოს“.


CBS-ში ამბობდნენ, რომ ჰარისის პასუხი ქრონომეტრაჟის გამო დარედაქტირდა, რათა სატელევიზიო ახალი ამბების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანათ. მაუწყებელი აცხადებდა, რომ ჟურნალისტები რეგულარულად არედაქტირებენ ინტერვიუებს ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით და აზრის მკაფიოდ გადმოსაცემად.


ამ რედაქტირების დროს, “60 წუთიყოველთვის ხელმძღვანელობდა ჭეშმარიტებით და იმით, რაც იქნებოდა ყველაზე ინფორმაციული საზოგადოებისთვის. ასევე, ტელევიზიის მაუწყებლობის ჩარჩოების გათვალისწინებით”, - ნათქვამი იყო CBS-ის განცხადებაში.


„დათმობა“, „კაპიტულაცია“, „ქრთამი“ - ასეთი შეფასებები მოჰყვა ტრამპსა და Paramount-ს შორის დადებულ გარიგებას, ამერიკელი ჟურნალისტებისა და მედიის ადვოკატთა ნაწილის, ასევე ზოგიერთი დემოკრატი კანონმდებლისგან.


ტრამპის ოპონენტთა ნაწილი შიშობს, რომ პრეზიდენტმა მსგავსი სასამართლო დავები შესაძლოა, მომავალში მედიაზე ზეწოლისთვის გამოიყენოს.


თავად ტრამპი კი სასამართლო დავით ამჯერად CNN-სა და The New York Times-ს ემუქრება, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო.


ქეთი ჩოხელი
  • 4
  • 5346
0 Comments