წითელი ვერსია
  • 6
  • 6282

დროება - 2

03 მაისი 2020

26 აპრილს „ფორმულას“ ეთერში ერთ დროს ძალიან პოპულარული გადაცემა „დროება“ დაბრუნდა; თუმცა ალბათ უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ძველი „დროების“ წამყვანი გიორგი თარგამაძე, იგივე სახელწოდების გადაცემას უკვე „ფორმულაზე“ უძღვება.


„დროების“ ეთერში დაბრუნებამ საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და ეს ბუნებრივია - 2007 წლამდე „დროება“ ბევრი ადამიანისთვის იყო არა მხოლოდ გადაცემა, არამედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებთან ასოცირებული ძალადობის, უსამართლობის და ამ უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოებრივი პროტესტის ერთგვარი სიმბოლოც.


„დროების“ სიმბოლური მნიშვნელობა არათუ არ გამქრალა, პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერდა 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის და არხის ფაქტობრივი ეგზეკუციის შემდეგ.


ასეთი პრეისტორიის ფონზე, „დროების“ „ძველი მაყურებელი“ ცხადია, გამადიდებელი შუშით აკვირდება მისი ავტორისა და წამყვანის თითოეულ ნაბიჯს და მისგან გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას და პრინციპულობას მოითხოვს, ვიდრე თუნდაც იგივე ტელეკომპანია „ფორმულას“ სხვა ჟურნალისტებისგან, რომელთა პოლიტიკური სიმპათიები და საზოგადოებრივი პოზიცია ისედაც ყოველთვის ცხადი და გარკვეული იყო.


თუ დავაკვირდებით საზოგადოების რეაქციას მედიასა თუ სოციალურ ქსელებში, დავინახავთ, რომ ძველი „დროების“ მაყურებლის უდიდესი ნაწილისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან პრინციპულად დაპირისპირებული და დარბეული არხის ერთერთი მთავარი სახის თანამშრომლობა იმავე ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ფრთასთან ასოცირებულ ტელევიზიასთან; მითუმეტეს, როცა ეს სახე, როგორც არხის გენერალური დირექტორის მოადგილე, გარკვეულწილად თავად განსაზღვრავს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას.


ზემოთქმულის გათვალისწინებით, „დროების“ ეთერში დაბრუნებას ალბათ უფრო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, როგორც მაყურებლის, ისე წამყვანისთვის; იმთავითვე ცხადი იყო, რომ ახალ და ძველ „დროებას“ ძირითადად სხვადასხვა მაყურებელი ეყოლება.


ეს, სავარაუდოდ, კარგად იცის თავად გადაცემის ავტორმაც, რადგან გიორგი თარგამაძის (ტრადიციულად) დახვეწილ და კარგად გამართულ შესავალ სიტყვაში იყო ერთი პასაჟი, რომელმაც „დროების“ ძველი მაყურებელი განსაკუთრებით გააღიზიანა და შეუძლებელია, გამოცდილ ჟურნალისტს ეს ვერ გაეთვალა.


შესავალი სიტყვის ყველაზე მნიშვნელოვან და დამაინტრიგებელ ნაწილში, ანუ იქ, სადაც ავტორმა უპასუხა მთავარ კითხვას და საზოგადოებას აუხსნა, რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტიკაში დაბრუნება, გიორგი თარგამაძემ თქვა, რომ „ქართულ მედიას დამოუკიდებლობის ისტორიაში ისეთი რთული პერიოდი არასდროს ჰქონია, როგორც ახლა“.


ცხადია, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჩათვალოს, რომ მედია დღეს უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, მაგრამ გიორგი თარგამაძის შემთხვევაში ამ ფრაზას განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია სწორედ ზემოხსენებული პრეისტორიის გამო მოჰყვა: - ამ ფრაზით ჟურნალისტი თითქოს გაემიჯნა საკუთარ „ძველ მაყურებელს“, რომლისთვისაც ნაციონალური მოძრაობა იმდენად მიუღებელ ფენომენად რჩება, რომ მასთან ნებისმიერი ხელისუფლების შედარება, 2003-2012 წლების სისტემური ძალადობის გაფერმკრთალებად, გაუბრალოებად ან საერთოდაც, ნაციონალური მოძრაობის პირდაპირ მხარდაჭერად აღიქმება.


ასეა თუ ისე, გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემას ქმნის არა მხოლოდ ავტორი და სახელწოდება, არამედ ასევე მაყურებელის დაკვეთა, მედიასაშუალების სულისკვეთება და სხვა მრავალი ფაქტორის კომბინაცია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი „დროება“ ნამდვილად არ იქნება ძველი „დროების“ პირდაპირი მემკვიდრე ან გაგრძელება. ეს იქნება და ფაქტობრივად, უკვე არის კიდეც სხვა გადაცემა, - განსხვავებული მიზნებით და განსხვავებული აუდიტორიით.



ზვიად ავალიანი
  • 6
  • 6282
0 Comments