წითელი ვერსია
  • 4
  • 3427

დრამა რეპორტაჟის ნაცვლად

17 ნოემბერი 2022

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და დემოკრატიის მკვლევარი უოლტერ ლიპმანი ნაშრომში „საზოგადოებრივი აზრი“ ამბობს, რომ საზოგადოება სამყაროს იცნობს არა უშუალოდ, არამედ საკუთარ გონებაში შექმნილი სურათებით. ამ სურათებს კი საზოგადოება ძირითადად მედიის საშუალებით იღებს.


***


„გაძვირდება თუ არა გაზის საფასური?“ - ამ თემას 16 ნოემბერს „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნეს.


მოვისმინეთ ექსპერტ-ეკონომისტების მოსაზრებები, მოქალაქეების ერთი ნაწილის აზრი, ასევე, წამყვანისა და რეპორტიორის დამაჯერებელი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უმძიმესი ზამთარი ელოდებათ!


ამის მიუხედავად, ცალსახა პასუხი კითხვაზე: „გაძვირდება თუ არა გაზის საფასური?“ - მაინც ვერ მივიღეთ.


რეპორტაჟის დასასრულს კი მოვისმინეთ ის, რაც წესით, მის დასაწყისშივე უნდა მოგვესმინა, თუ კითხვაზე პასუხი გვაინტერესებდა:


დავით ნარმანია (სემეკ-ის თავმჯდომარე): "დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს მოსახლეობისთვის, ვინაიდან ადრე დადგენილ ტარიფს სწორედ დეკემბერში ეწურება ვადა, თუმცა, რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის!"


ასეთ დრამატურგიაში მაყურებელს ისღა დარჩენია, თავად აირჩიოს, სპექტაკლის რომელ პერსონაჟს ენდოს: ჟურნალისტებს, სემეკის თავმჯდომარეს თუ დროს! – რადგან საახალწლოდ დანამდვილებით გვეცოდინება, გაძვირდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი.


***


ცნობისათვის, - 2022 წლის 31 დეკემბერს ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა გეგმიური პროცესია. ეს თარიღი ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ იყო ცნობილი საზოგადოების და მედიისთვის.


შესაბამისად, ის, რომ ტარიფი გადაიხედება, არათუ ახალი და სენსაციური, არამედ საკმაოდ მოძველებული ინფორმაციაა.


რაც შეეხება ექსპერტ-ეკონომისტთა კომენტარებს მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით, მათი მსჯელობა იმდენად სპეკულაციური და თეორიულია, რომ წარმოუდგენელია, ჟურნალისტის მხრიდან ცალსახა დასკვნების საფუძვლად იქცეს.


ამ ფონზე აშკარად ღიმილისმომგვრელია, რომ ჟურნალისტებმა სრულიად უგულებელყვეს და მიჩქმალეს სემეკის თავმჯდომარის მკაფიო განცხადება.


„რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის“ - ამბობს ნარმანია, თუმცა ორი ჟურნალისტი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ გაზზე ფასი გაიზრდება, მოსახლეობა გამათბობელს ვეღარ ჩართავს, ეკონომიკურად კიდევ უფრო გაგვიჭირდება და საერთოდაც, ზამთარი უმძიმესი იქნება!


შესაბამისად, სურათი, რომელიც მედიამ შესთავაზა საზოგადოებას, უფრო სოციალური დრამის ჟანრია, ვიდრე პროფესიული სტანდარტით მომზადებული რეპორტაჟი, სადაც დაცული უნდა იყოს გადმოცემის თანმიმდევრობა და ფაქტების სიზუსტე; ფაქტი და კომენტარი კი - ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული.


ლელა კურდღელაშვილი
  • 4
  • 3427
0 Comments