წითელი ვერსია
  • 3
  • 3524

დისკრედიტაცია ნებისმიერ ფასად

27 ივნისი 2020

26 ივნისს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში „მთავარი 9 საათზე“ პირველი ორი სიუჟეტი დაეთმო ტრაგედიას, რომელიც ეხებოდა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას და პროკურატურის მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით 17 პირის დაკავებას. იმისდა მიუხედავად, რომ უშუალოდ მსხვერპლის მამამ პირდაპირ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა ვიღაცის დასჯა, არამედ სამართლიანობა, პროკურატურას უკვე პირველივე სიუჟეტში დასდეს ბრალი გამოძიების მიზანმიმართულად გაწელვაში; მეტიც, „საიდუმლო წყაროს“ თანახმად, პროკურატურისა და გამოძიების ასეთი შეფერხება დაკავშირებული ყოფილა ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერა ივანიშვილთან. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ სიუჟეტში შაქარაშვილის ტრაგედიამ გამოკვეთილად პოლიტიკური ელფერი შეიძინა, ხაზი გაესვა „ივანიშვილების კლანს“, „ოლიგარქიულ მმართველობას“ და ა. შ.


მეორე სიუჟეტში, რომელშიც უშუალოდ დაკავების პროცესზე იყო საუბარი, მოწმენი გავხდით გამოძიების და ჯერ კიდევ არდაწყებული სასამართლო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობისა; აშკარად შეინიშნებოდა სწრაფვა საზოგადოებაში მომავალი პროცესისადმი უნდობლობის დანერგვისა და იმ მოსაზრების ჩამოყალიბებისკენ, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს არა მხოლოდ დაზარალებულებს, არამედ, ეჭვმიტანილებსაც. საბოლოო ანგარიშით, ხსენებულ სიუჟეტებში არხმა მიზანმიმართულად გააკეთა ყოველივე ის, რაზეც ჯერ კიდევ 2018 წელს სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა იმდროინდელ „რუსთავი-2“-ს: დაიწყო ქვეყნის საგამოძიებო და სასამართლო ინსტიტუტებზე თავდასხმა და აპრიორი იმის მტკიცება, რომ მათი ნდობა არ შეიძლება.


ცნობისათვის: 2018 წელს გამოქვეყნებულ დადგენილებაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მკაფიოდ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ და მისმა თანამოაზრეებმა გამოიყენეს მათ ხელთ არსებული რესურსები სასამართლოს დისკრედიტაციისთვის. ამასთან, სტრასბურგელმა მოსამართლეებმა ყველასთვის გასაგებად თქვეს, რომ დაუშვებელია მედიის მხრიდან სასამართლოზე თავდასხმა და მისი საქმიანობის დაკნინება საკუთარი მიზნების მისაღწევად. როგორც ჩანს, ეს მოწოდებები ქართული მედიის დიდმა ნაწილმა არ შეისმინა.


მეტიც: თუ თვალს გადავავლებთ ქართული ოპოზიციური მედიის მიერ კრიმინალის გაშუქების ტენდენციას თუნდაც მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ნათლად დავინახავთ, რომ ხშირად მიზანი არის არა მაყურებლისთვის ინფორმაციის მოწოდება ან, თუნდაც, კრიტიკული კითხვების დასმა, არამედ ხელისუფლებისა და, მთლიანად, ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაცია. ეს მიზანი განსაკუთრებით ნათელი ხდება, როცა საქმე ეხება პოლიციას ან, ზოგადად, ძალოვან სტრუქტურებს, რომელთა წინააღმდეგაც დღეს მედიაში აშკარად შეინიშნება არა მხოლოდ ინსტიტუციური, არამედ ინდივიდუალური დისკრედიტაციის კამპანიაც.


მაგალითად ე. წ. „კრიტიკული“ ტელევიზიების მიერ მომზადებული სიუჟეტებიდან მაყურებელს რჩება არა მხოლოდ ის შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ „ჭანჭიკები მოუშვა“ და „კრიმინალი გახშირდა“, არამედ იმავე სიუჟეტებში, როგორც წესი, თავად პოლიციის თანამშრომლებიც კი გამოყვანილი არიან როგორც უპასუხისმგებლო ან სულაც მოძალადე ტიპაჟები, რომელთა მიმართაც მაყურებელს მხოლოდ პროტესტი და აგრესია შეიძლება გაუჩნდეს. სწორედ ამგვარი „დრამატურგიის“ თვალსაჩინო ნიმუში იყო ტვ „პირველის“ ეთერში 2 ივნისს გასული სიუჟეტი, სადაც გაისმა ბრალდება, თითქოს პოლიციელებმა ახალშობილი ჩვილი სანაგვე ურნაში გადააგდეს.


ნიშანდობლივია, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს „მთავარ არხზე“ ზემოხსენებულ კამპანიას აწარმოებენ, სრულიად საპირისპირო სულისკვეთებით მუშაობდნენ 2012 წლის ოქტომბრამდე, ანუ არსებული ტენდენცია აშკარად პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი.


რაც შეეხება უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას, ეს საქმე, სამწუხაროდ, უკვე შეიძლება შეფასდეს, როგორც ხორავას ქუჩის საქმის გაგრძელება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქაც და იქაც საქმე გვაქვს ახალგაზრდების მიერ მძიმე დანაშაულის ჩადენასთან, არამედ იმიტომაც, რომ პოლიტიკური განზომილება, სავარაუდოდ, აქაც გადაფარავს სოციალურს, რადგან ეს საქმეც მომენტალურად გახდა ოპოზიციური არხების მიერ სახელმწიფოზე ზეწოლის პოლიტიკური ბერკეტი.


სამწუხაროა, მაგრამ გიორგი შაქარაშვილის საქმის გაშუქების პროცესში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „მთავარი არხი“ ძირითადად ორიენტირებულია საკუთარი პოლიტიკური ინტერესების განხორციელებაზე და არა თუნდაც იმის გარკვევაზე, რა განაპირობებს ახალგაზრდებში ისეთი აგრესიისა და ზიზღის დაგროვებას, რომელიც ზოგჯერ უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში აისახება. აქ აშკარად არასწორია თითის მხოლოდ ერთი მიმართულებით გაშვერა და როდესაც ვლაპარაკობთ მშობლების, განათლების სისტემის ან ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე ეპოქაში მედიაც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების სოციალიზაციის პროცესში და, ალბათ, არც ისე იოლია პასუხისმგებლობით აღსავსე ახალგაზრდა თაობა ჩამოყალიბდეს იქ, სადაც უპასუხისმგებლო მედია ბატონობს.


არჩილ სიხარულიძე
  • 3
  • 3524
0 Comments