წითელი ვერსია
  • 4
  • 5235

დეზინფორმაციასთან ბრძოლა თუ მედიის შეზღუდვა?

01 ივლისი 2024

უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, მედიის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის როლი, სულ უფრო იზრდება.


25 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის 81 მედიასაშუალების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის ტერიტორიაზე შეიზღუდება ევროპული მაუწყებლების, ჟურნალ-გაზეთებისა თუ ონლაინ-გამოცემების გავრცელება.


კრემლის მიერ დაბლოკილ მედიასაშუალებებს შორის მოხვდა - Politico, EU Observer, ფრანგული Le Monde და გერმანული Der Spiegel.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ეს მედიასაშუალებები „სისტემატურად ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას“ უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ, რასაც თავად კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, ხოლო „ომის“ ან „შეჭრის“ ხსენება, რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულია.


81 ევროპულ და პანევროპულ მედიასაშუალებაზე წვდომის შეზღუდვით, მოსკოვმა ევროკავშირის მიერ რუსული მედიასაშუალებების დაბლოკვას უპასუხა:


„რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ადგილობრივი ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროება და ევროკავშირში რუსულ მედიაზე დაწესებული გაუმართლებელი აკრძალვები უპასუხოდ არ დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, ბრიუსელმა და ევროპული ქვეყნების დედაქალაქებმა ესკალაციის გზა არჩიეს და აიძულეს მოსკოვი, სარკისებური და პროპორციული საპასუხო ზომები მიეღო,“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


უწყება ასევე აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი რუსულ მედიაზე შეზღუდვებს მოხსნის, მოსკოვიც განიხილავს მის მიერ დაწესებული აკრძალვის გაუქმებას.


ევროკავშირში კი განმარტავენ, რომ რუსული მედიასაშუალებების შეზღუდვა კრემლის პროპაგანდული ქსელის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია.


17 მაისს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, - რომ შეაჩერებს დამატებით ოთხი რუსული მედიასაშუალების (Voice of Europe, РИА Новости, Изве́стия, Российская газета) სამაუწყებლო საქმიანობას.


საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის მიხედვით, ეს გამოცემები „ფართოდ ავრცელებენ და მხარს უჭერენ რუსულ პროპაგანდას და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაცია სისტემატურად არის ჩართული საერთაშორისო მედიაკამპანიასა და საინფორმაციო მანიპულაციაში, ასევე, ფაქტების დამახინჯებაში, რათა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი გაამართლოს, ხოლო მის მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაციის სტრატეგია გააძლიეროს.“


ამ შეზღუდვის საპასუხოდ, რუსეთის მიერ ევროპულ მედიაზე დაწესებულ აკრძალვებს „აბსურდული შურისძიება“ უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა ვერა ჟუროვამ, რომელმაც აღნიშნა, რომ პროპაგანდასა და დამოუკიდებელ მედიას შორის დიდი სხვაობაა. მისი თქმით:


„რუსეთის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, რომელიც რუსეთის სამხედრო დოქტრინის ფარგლებში დეზინფორმაციას ავრცელებს, დამოუკიდებელი მედია არ არის."


უკრაინაში ომის კრემლისეული ნარატივის გაკონტროლების მიზნით, რუსეთმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ, „ფეისბუკსა“ და მსხვილ უცხოურ საინფორმაციო გამოცემებზე, მათ შორის BBC-ზე წვდომა შეზღუდა.


თუმცა, თანამედროვე ეპოქაში, ონლაინ-გამოცემების დაბლოკვა ხშირად, შესაძლოა, აზრს მოკლებული იყოს.


აკრძალვების გვერდის ავლის მიზნით, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეზღუდულ ვებ-გვერდებსა თუ ონლაინ-აპლიკაციებზე, VPN-ის (ვირტუალური კერძო ქსელი) გამოყენებით შევიდნენ.


2022 წლიდან რუსეთში საგრძნობლად მოიმატა მოქალაქეთა მიერ VPN-ის გამოყენების სიხშირემ.


თუმცა, მოსკოვი ცდილობს, საკუთარ მოქალაქეებს ინფორმაციის მოპოვების ეს გზაც მაქსიმალურად გადაუკეტოს და სამი წელია, აქტიურად ტესტავს VPN მომსახურების დაბლოკვის სხვადასხვა მეთოდს.


მარიამ გიგანი
  • 4
  • 5235
0 Comments