წითელი ვერსია
  • 6
  • 4197

დეზინფორმაცია, როგორც გლობალური საფრთხე

23 იანვარი 2024

ნდობის აღდგენა - ასეთი იყო წელს დავოსში გამართული „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ მთავარი თემა.


მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ნდობის აღდგენა, თუკი დეზინფორმაციის, ყალბი ამბების გავრცელებასთან ერთად, საზოგადოების უნდობლობა ინსტიტუტებისა და ინფორმაციის მიმართ სულ უფრო მზარდია?


უახლოეს ორ წელიწადში მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა კლიმატური ცვლილებები ან სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები, არამედ დეზინფორმაცია და ყალბი ამბები იქნება.


ასეთ დასკვნამდე მივიდნენ „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ გლობალური რისკების ყოველწლიური ანგარიშის ავტორები. ანგარიში ჩვეულებრივ, დავოსის ფორუმის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნდება და მასში მსოფლიოს მთავარი გამოწვევებია მიმოხილული.


2024 წლის ანგარიშში დეზინფორმაცია მოკლევადიანი რისკების სიაში პირველ ადგილს იკავებს, მას მოსდევს ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები.


მოკლევადიან პერიოდში მთავარ გამოწვევებს შორის მესამე ადგილზეა საზოგადოების პოლარიზაცია, რაც დეზინფორმაციის გავრცელებასთან მჭიდრო კავშირშია.


ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ „ციურიხის სადაზღვევო ჯგუფსა“ და ნიუ-იორკში განთავსებულ საკონსულტაციო კომპანია Marsh McLennan-თან თანამშრომლობით შეადგინა. კვლევაში გათვალისწინებულია 1400-ზე მეტი ექსპერტის, პოლიტიკოსისა და ინდუსტრიის ლიდერის მოსაზრება.


2024-2025 წლებში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნებია დაგეგმილი. დეზინფორმაციას, ინფორმაციულ მანიპულაციას და ყალბ ამბებს კი შეუძლია, ამ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს.


მომავალ ორ წელიწადში არჩევნები უნდა ჩატარდეს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, ასევე ინდოეთში, ინდონეზიასა და მექსიკაში.


„ამ საარჩევნო პროცესებში დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელებამ შესაძლოა, ახლადარჩეული მთავრობების სერიოზული დესტაბილიზაცია მოახდინოს, რაც ქმნის პოლიტიკური არეულობის, ძალადობის, ტერორიზმის და დემოკრატიული პროცესების გრძელვადიანი ეროზიის რისკს“, - ნათქვამია დოკუმენტში.


კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციამ და ყალბმა ამბებმა შესაძლოა რადიკალურად შეარყიოს საარჩევნო პროცესი რამდენიმე ქვეყანაში.


ამასთან, ინფორმაციის, მედიის, ასევე მთავრობის, როგორც ინფორმაციის წყაროს მიმართ მზარდი უნდობლობა პოლარიზაციას გააღრმავებს. ამან კი შესაძლოა ბიძგი მისცეს სამოქალაქო მღელვარებას და დაპირისპირებას.


ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ქმნის რეპრესიების და ადამიანის უფლებების შელახვის რისკს, თუმცა მეორე მხრივ, რისკები ახლავს ყალბი ამბების გავრცელებაზე უმოქმედობასაც.


ინფორმაციით მანიპულაციის ზიანი ძლიერდება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად.


მზარდი საფრთხეების ფონზე, მთავრობები ახალი რეგულაციების დანერგვას ცდილობენ ონლაინ-პლატფორმების და ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მასალებისთვის. თუმცა „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ექსპერტები შიშობენ, რომ რეგულაციების დანერგვის სიჩქარე ვერ ეწევა ტექნოლოგიური განვითარების ტემპს.


ხელოვნური ინტელექტის და ადამიანის მიერ შექმნილი მასალის ერთმანეთისგან გარჩევა კი სულ უფრო რთული ხდება, არა მხოლოდ ციფრულ ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული პირების, არამედ სპეციალური ამომცნობი მექანიზმებისთვისაც.


ექსპერტები საუბრობენ ახალი ტიპის დანაშაულების გავრცელების საფრთხეზეც, როგორიცაა მაგალითად, „დიპფეიკ-პორნოგრაფია“ ან საფონდო ბირჟებით მანიპულაცია.


ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მავნე შედეგები ანგარიშში გრძელვადიანი, ანუ მომავალი ათწლეულის რისკების ჩამონათვალში მეექვსე ადგილზეა.


თუმცა საფრთხეებთან ერთად ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიტომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა. ევროკომისიამ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ინიციატივა 2021 წელს წარადგინა და კანონპროექტი უკვე ევროპარლამენტში განიხილება.


„უპირველეს ყოვლისა, მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ასევე არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, თუკი მისი გამოყენება პასუხისმგებლობით მოხდება. მე ტექნო-ოპტიმისტი ვარ და როგორც განათლებით ექიმმა, ვიცი, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე ახდენს რევოლუციას ჯანდაცვაში. ეს კარგია. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, უპრეცედენტოდ გაზარდოს პროდუქტიულობა. გლობალური რბოლა უკვე დაწყებულია. ჩვენი მომავალი კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია ყოველდღიურ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე. ევროპამ უნდა გააუმჯობესოს თამაში და აჩვენოს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენების გზა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბორგე ბრენდე კი მოიჩნევს, რომ გლობალური გამოწვევების დაძლევა თანამშრომლობით არის შესაძლებელი.


„მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ გლობალური რისკების ანგარიში წელს უკვე მეცხრამეტედ გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მოკლევადიანი რისკების ჩამონათვალში პირველ ადგილს ფასების ზრდის კრიზისი იკავებდა, დეზინფორმაცია პირველ ათეულშიც კი არ შედიოდა.


გრძელვადიანი და მოკლევადიანი რისკების ჩამონათვალში ყოველწლიურად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კლიმატური ცვლილებები და ბუნებრივი კატასტროფები. 2024 წლის კვლევაში ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები გრძელვადიანი რისკების პირველ ოთხეულშია.


ქეთი ჩოხელი
  • 6
  • 4197
0 Comments