წითელი ვერსია
  • 6
  • 4334

დებატები „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით? რატომაც არა...

23 დეკემბერი 2021

ქართულ მედიაში კლასიკური დებატები იშვიათია, ანუ იშვიათია თავად სიტუაცია, როცა ოპონენტები არგუმენტებით ეკამათებიან ერთმანეთს და მაყურებელს საშუალება ეძლევა თავად შეაფასოს მხარეთა არგუმენტების დამაჯერებლობა.


ამგვარ რეალობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა, ქართული ტელევიზიები, რომლებიც არა მხოლოდ მხარედ, არამედ, როგორც წესი, რადიკალიზებულ მხარედ გვევლინებიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, იშვიათად უთმობენ ეთერს საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფ ფიგურებს, თუნდაც დებატების ფორმატში.


შესაბამისად, ქართულ მედიაში შეიძლება აღმოვაჩინოთ სკანდალზე ორიენტირებული ფსევდოდებატები, სადაც მედიასაშუალება „დაძაბული შოუს“ ელემენტით ცდილობს მაყურებლის მიზიდვას ან დებატების სახელით წარმოდგენილი გადაცემები, სადაც მხარეები არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული, თუმცა არგუმენტირებულ დისკუსიაზე გათვლილი და კეთილსინდისიერად ჩატარებული დებატი საქართველოში ნამდვილად დეფიციტური პროდუქტია.


საგნობრივი დებატებისა და დისკუსიის ამგვარი დეფიციტის გამო ქართულ მედიას იმთავითვე გაუჭირდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული პოზიციების პასუხისმგებლობიანი ასახვა, რადგან მედია ერთი მხრივ, ცდილობს (და უნდა ცდილობდეს კიდეც) საზოგადოებაში არსებული პოზიციების მრავალფეროვნების წარმოჩენას, თუმცა მეორე მხრივ, მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველა პოზიციის გაჟღერება ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ანტივაქსერული პროპაგანდის ტირაჟირებაში და საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახოს როგორც უშუალოდ მედიის რეპუტაციაზე, ისე მთლიანად ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებაზე.


ამის გამო ე. წ. ანტივაქსერული განწყობების მქონე ადამიანების არგუმენტებისა და პოზიციის შესახებ დანარჩენი მოსახლეობა ძირითადად სკანდალზე ორიენტირებული გადაცემებიდან ან ე. წ. „ყვითელი პრესის“ ფურცლებიდან იგებს, რაც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით დამაბნეველია.


სწორედ ასეთი მდგომარეობა შეიქმნა ბოლო პერიოდში „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებითაც, რასაც მოსახლეობის ერთ ნაწილში პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა.


საგულისხმოა, რომ მთლიანობაში მედიამ ამჯერადაც ვერ შეასრულა არგუმენტებზე ორიენტირებული დებატების ორგანიზატორის ფუნქცია, მაგრამ ამჯერად გამოჩნდა გამონაკლისი შემთხვევებიც.


კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ჯერ კიდევ 16 ნოემბერს სცადა მაყურებლისთვის შეეთავაზებინა დებატები „მწვანე პასპორტის“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, თუმცა მედიასა და მთლიანად საზოგადოებაში ამგვარი გამოცდილების დეფიციტის გამო პირველი მცდელობა წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს გადაცემაში მონაწილეობაზე და დებატებისთვის განკუთვნილი საეთერო დრო, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლებმა გამოიყენეს.


მიუხედავდ ამისა, რამდენიმე კვირის შემდეგ, 21 დეკემბერს პირველ არხზე უკვე ვიხილეთ დებატების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით დაგეგმილი და ორგანიზებული დისკუსია იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვსა და ე. წ. მწვანე პასპორტების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად ტომარაძეს შორის, სადაც საზოგადოებას საშუალება მიეცა ყოველგვარი სკანდალურობისა და შოუს ელემენტების გარეშე მოესმინა და შეეფასებინა ორივე მხარის არგუმენტები.


აღსანიშნავია, რომ დებატებს ამჯერადაც მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია საზოგადოებისა და მედიის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ რამდენად მიზანშეწონილია ეთერის დათმობა ადამიანებისთვის, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებებსა და რეკომენდაციებში, თუმცა მთლიანობაში გადაცემამ დაამტკიცა, რომ პროფესიონალურად დაგეგმილი დებატების შემთხვევაში ამგვარ დისკუსიას საზოგადოებისთვის მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე საფრთხე.


დაბოლოს - ინფორმაციულ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელია საზოგადოებაში არსებული რომელიმე პოზიციის იგნორირება. შესაბამისად, სასურველია მედიამ საზოგადოების ინტერესები დაიცვას არა თუნდაც არასწორი მოსაზრებების „დამალვით“, არამედ მისი პირდაპირი დაპირისპირებით სხვა პოზიციებთან, სადაც თავად საზოგადოებას მიეცემა საშუალება შეაფასოს თითოეული მხარის მტკიცებულებები და არგუმენტები.


არჩილ სიხარულიძე
  • 6
  • 4334
0 Comments