წითელი ვერსია
  • 13
  • 17661

დებატებამდე და შემდეგ

10 ივლისი 2024

CNN, MSNBC, The New York Times - ამერიკული მედიასაშუალებები, რომლებიც ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში, თეთრი სახლის მეთაურის პოლიტიკურ იმიჯს იცავდნენ და მისი ასაკის გამო, სხვა გამოცემებსა თუ სოციალურ ქსელში აგორებულ ანტი-კამპანიას გმობდნენ, 27 ივნისის საღამოს, 90-წუთიანი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, ბაიდენის ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობების მთავარ კრიტიკოსებად იქცნენ.


დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის დებატების დასრულებისთანავე, CNN-ის უფროსმა კორესპონდენტებმა და ტელეწამყვანებმა, ექსპერტებთან ერთად, დებატების გაანალიზება დაიწყეს.


ხანგრძლივ დისკუსიაში, CNN-ის ჟურნალისტები და ტელეწამყვანები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ღიად საუბრობდნენ, რომ დებატებზე ბაიდენის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში, დემოკრატიულ პარტიაში ნამდვილი პანიკა დაიწყო.


ჟურნალისტებმა ბაიდენის გამოსვლას კატასტროფული, მტკივნეული და მისი პოლიტიკური იმიჯისთვის საზიანო უწოდეს. მეტიც, მათ პრეზიდენტის კოგნიტური უნარებიც გააკრიტიკეს.


„ბაიდენის პასუხები ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული იყო, რაც ძალიან პრობლემურია. მან ვერ შეძლო საკმაოდ პირდაპირ კითხვებზე გასაგები პასუხების გაცემა. არსებობს შეშფოთება, რომ ბაიდენს ამ დებატებზე ისეთი ზიანი მიადგა, რომელსაც ვეღარ გამოასწორებს,“- აღნიშნა ები ფილიპმა, CNN-ის ღამის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.


პრეზიდენტის კატასტროფული დებატების შემდეგ, CNN-ის ეთერში, დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორეს დებატების ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ჯო ბაიდენმა, მოდერატორის კითხვაზე პასუხის გაცემისას, წინადადების წარმოთქმა ვერ შეძლო. ეს ვიდეო-რგოლი იმის მტკიცებულებად გამოიყენეს, რომ პრეზიდენტს, სავარაუდოდ, კოგნიტური პრობლემები აქვს.


რაც შეეხება ამერიკულ გამოცემებს, დებატების შემდეგ გამოქვეყნებულ ყველა სტატიაში ბაიდენის კრახზე და მის ფიზიკურ თუ გონებრივ შესაძლებლობებზე იყო საუბარი.


არაერთხელ დაისვა შეკითხვა - შეძლებს თუ არა 81 წლის პრეზიდენტი ქვეყნის კიდევ 4 წლით მართვას?


არადა, ჯერ კიდევ დებატებამდე, როდესაც ჯო ბაიდენის ასაკზე იყო საუბარი, ლიბერალურად განწყობილ მედიაში ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ მისი მთავარი ოპონენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტზე მხოლოდ 3 წლით არის უმცროსი.


დებატების შემდეგ კი ამავე მედიასაშუალებებმა არაერთი ინფორმაცია მოიპოვეს ბაიდენის ფიზიკური მდგომარეობის შესაძლო პრობლემებზე.


მაგალითად,


21 ივნისს, New York Times-მა თავის სტატიაში მწვავედ გააკრიტიკა ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო-რგოლები, სადაც ყურადღება ბაიდენის ასაკზე იყო გამახვილებული.


„პრეზიდენტ ბაიდენს არაერთი მტერი ჰყავს ამ არჩევნებში. მათ შორის არის მისი რესპუბლიკელი ოპონენტი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ასევე პრეზიდენტის დამახინჯებული ონლაინ-ვერსია, რომელიც ამ ვიდეოებშია წარმოჩენილი და ხალხი შეცდომაში შეჰყავს. ეს კი ამომრჩეველს უმძაფრებს შეშფოთებას მის ასაკსა და შესაძლებლობებზე,“ - ვკითხულობთ სტატიაში.


უკვე 2 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში New York Times წერს:


„პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკურად დამანგრეველ დებატებამდე კვირებითა და თვეებით ადრე, რამდენიმე მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომლებმაც იგი დახურულ კარს მიღმა ნახეს, შენიშნეს, რომ პრეზიდენტი სულ უფრო დაბნეული და უენერგიოა და საუბრისას აზრი ეკარგება.“


8 ივლისს, ამავე გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „პარკინსონის დაავადების ექსპერტი თეთრ სახლს 8 თვეში რვაჯერ ესტუმრა“.


ამერიკული მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ფონზე, თეთრი სახლის პრეს-მდივანს არაერთხელ მოუხდა განმარტება ჯო ბაიდენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.


პრეზიდენტთან ნევროლოგის ხშირ ვიზიტებს გეგმიური და რუტინული პროცედურა უწოდეს. ისიც თქვეს, რომ ბაიდენი ევროპული ტურნეს შემდეგ ძალიან გადაღლილი იყო. თავად პრეზიდენტმა კი, დებატების შემდეგ, დემოკრატ გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ყველაფერი რიგზე აქვს.


ადმინისტრაციის განმარტებების მიუხედავად, მედიაში კითხვები არ წყდება;


იმავდროულად, კითხვები გაჩნდა თავად ამერიკული მედიის მისამართით.


ამერიკელმა მილიარდერმა ბილ ეკმანმა, რომელსაც სოციალურ ქსელ X-ში 1.3 მილიონი გამომწერი ჰყავს, მედიაგიგანტები - CNN, MSNBC, CBS და New York Times მიკერძოებაში დაადანაშაულა;


და აღნიშნა, რომ მედიამ პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ იცოდა, მაგრამ ხელს აფარებდა მას.


ეკმანმა ამერიკელებს მიმართა:


„მემარცხენე მედიას ჰქონდა აბსოლუტური და სრული წვდომა პრეზიდენტთან, მის პერსონალთან და ადმინისტრაციასთან. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, თუმცა თქვენ სხვა რამეს გეუბნებოდნენ. პირდაპირ გატყუებდნენ. როდესაც Wall Street Journal-მა სტატია გამოაქვეყნა და საფუძვლიანად გამოიკვლია პრეზიდენტის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, მემარცხენე მედიამ ამას პროპაგანდა უწოდა. ახლა დაფიქრდით, სინამდვილეში ვინ გკვებავდათ პროპაგანდით,“ - წერს ბილ ეკმანი.


ამასობაში, ამერიკულ მედიაში ჯო ბაიდენის შრომისუნარიანობასთან დაკავშირებული შფოთი გრძელდება.


Washington Post წერს, რომ ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტი იქნება ბაიდენის ფიზიკური თუ მენტალური შესაძლებლობების გამოცდა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერების წინაშე უნდა ჩააბაროს.


ფოტო deadline.com

მარიამ გიგანი
  • 13
  • 17661
0 Comments