წითელი ვერსია
  • 5
  • 3386

დანია “დიპფეიკის” წინააღმდეგ

03 ივლისი 2025

თქვენი გარეგნობა და ხმა - თქვენი საავტორო უფლებაა.


ასეთი მიდგომით გეგმავენ დანიაში „დიპფეიკების“ ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ან აუდიომასალის წინააღმდეგ ბრძოლას.


ხელისუფლების ინიციატივით, მოქალაქეების გარეგნობა და ხმა საავტორო უფლებების კანონს დაექვემდებარება. კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობა და პარლამენტში პარტიების უმრავლესობა იწონებს.


იგეგმება საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც “დიპფეიკისა” და ადამიანის იდენტობის ციფრული იმიტაციის გამოქვეყნება უკანონო იქნება. დანიის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ახალი წესები არ გავრცელდება პაროდიასა და სატირაზე.


ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, დანიის მოქალაქეებს შეეძლებათ, ონლაინ-პლატფორმებს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მათი გამოსახულებების წაშლა მოსთხოვონ.


დანიის კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია დაიცავს მოქალაქეების უფლებას, შეზღუდავს დეზინფორმაციის გავრცელებას და ასევე, მკაფიო გზავნილი იქნება ტექნოლოგიური გიგანტებისთვის.


“ჩვენ ვუგზავნით მტკიცე სიგნალს ყველა ჩვენს მოქალაქეს, - თქვენ გაქვთ უფლება საკუთარ სხეულზე, საკუთარ ხმასა და სახის ნაკვთებზე. ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდება და მომავალში კიდევ უფრო რთული იქნება ციფრულ სამყაროში რეალობის ფიქციისგან გარჩევა”, - განაცხადა დანიის კულტურის მინისტრმა იაკობ ენგელ-შმიდტმა.


როგორ მივიდა დანია “დიპფეიკების” რეგულაციის ინიციატივამდე?


საკანონმდებლო ცვლილებების აქტიური მხარდამჭერია დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, რომელიც გასულ წელს პირადად გახდა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი ვიდეოს გავრცელების მსხვერპლი.


გამოქვეყნებულ ვიდეოში მეტე ფრედერიქსენი თითქოს პრესკონფერენციაზე „აცხადებს“, რომ აპირებს სამუშაო დღედ გამოაცხადოს აღდგომა და შობა, უქმე დღედ კი - მუსლიმური დღესასწაული.


აღნიშნული “დიპფეიკი” კონსერვატიულმა „დანიის სახალხო პარტიამ“ გაავრცელა. მართალია ვიდეოზე აღნიშნული იყო, რომ ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა, მის გამოქვეყნებას დანიაში მაინც დიდი რეზონანსი მოჰყვა.


ამ ამბის შემდეგ, სკანდინავიური ქვეყნის პოლიტიკური პარტიების უმეტესობა შეთანხმდა, არ გამოიყენონ “დიპფეიკები” პოლიტიკურ საქმიანობაში და საარჩევნო კამპანიების დროს.


დანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც “დიპფეიკების” რეგულაციაზე მუშაობს.


მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აკრძალულია პორნოგრაფიული ხასიათის “დიპფეიკების” გავრცელება და ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც არის გათვალისწინებული.


2024 წელს ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის აქტი (EU AI Act) მიიღო, რომელიც “დიპფეიკების” გავრცელებას არ კრძალავს, თუმცა სავალდებულოს ხდის მასალის მარკირებას, რომ ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. დარღვევის შემთხვევაში კომპანიას 35 მილიონ ევრომდე ჯარიმა ემუქრება.


ამასთან, ევროკავშირის დირექტივა კრძალავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ნებისმიერი პორნოგრაფიული ხასიათის მასალის გავრცელებას.


2024 წელს საფრანგეთმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რითაც აკრძალა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოკონტენტის გავრცელება, მასზე გამოსახული პირის ნებართვის და სპეციალური მარკირების გარეშე. კანონი ერთ წლამდე პატიმრობას ან 15 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსის ეს ცვლილება ასევე კრძალავს პორნოგრაფიული ხასიათის “დიპფეიკების” გავრცელებას იმ შემთხვევაშიც, თუ ვიდეოზე აღნიშნულია, რომ ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი.


ბრიტანეთში პორნოგრაფიულ “დიპფეიკებთან” გასამკლავებლად რამდენიმე კანონია შემუშავებული და სექსუალური ხასიათის “დიპფეიკის” შექმნა პატიმრობით ისჯება. აკრძალულია ასეთი მასალის ინტერნეტში გაზიარება ან გაზიარების მუქარა.


ინტიმური ხასიათის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი მასალების გასაჯაროებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული აშშ-სა და ავსტრალიაშიც.


ფოტო thetimes.com

ქეთი ჩოხელი
  • 5
  • 3386
0 Comments