წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 47

ჩხრეკა ჟურნალისტის სახლში

26 იანვარი 2026

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა გამოცემა The Washington Post-ის რეპორტიორის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. ჟურნალისტი ჰანა ნატანსონი 14 იანვარს, ვირჯინიაში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც მასთან უწყების თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდნენ.


ფედერალურმა აგენტებმა ჩხრეკისას ამოიღეს ჟურნალისტის ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის ტელეფონი, პირადი და სამსახურის ლეპტოპები. თუმცა მოსამართლემ სამართალდამცველებს FBI- რეპორტიორის ელექტრონული მოწყობილობების შემოწმება დროებით აუკრძალა.


აშშ-ის ფედერალურ მთავრობაში აცხადებენ, რომ ამერიკული გამოცემის ჟურნალისტის სახლში საგამოძიებო მოქმედებები პენტაგონის კონტრაქტორისგან საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას უკავშირდება. კონტრაქტორი 8 იანვარს დააპატიმრეს, გასულ კვირას კი ბრალი ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის უკანონო გადაცემასა და შენახვაში წაუყენეს.


აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ამას ტრამპის ადმინისტრაცია არ მოითმენს.


ომის დეპარტამენტის მოთხოვნით, იუსტიციის დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღასრულეს ჩხრეკის ორდერი The Washington Post-ის ჟურნალისტის სახლში, რომელიც მოიპოვებდა და აშუქებდა საიდუმლო და პენტაგონის კონტრაქტორისგან უკანონოდ გაჟონილ ინფორმაციას. ინფორმაციის გამჟღავნებელი ამჟამად ციხეშია”, - განმარტა სოციალურ ქსელში გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ.


პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ დაკავებული, საზღვაო ძალების ვეტერანი, 61 წლის აურელიო პერეს-ლუგონესია, რომელიც ფედერალური უწყებების კონტრაქტორად 2002 წლიდან მუშაობდა. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია და პენტაგონის საიდუმლო მასალებზე წვდომა ოფიციალურად ჰქონდა მინიჭებული.


ბრალდების მხარის განცხადებით, 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრამდე პერიოდში პერეს-ლუგონესმა რამდენჯერმე დაბეჭდა ან სხვა გზით შეაგროვა ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალების შემცველი ანგარიშები და ინფორმაცია რეპორტიორს მიაწოდა. ჟურნალისტმა კი მოპოვებული მასალების საფუძველზე სულ მცირე ხუთი სტატია გამოაქვეყნა.


ჰანა ნატანსონი The Washington Post-ში დონალდ ტრამპის მიერ ფედერალურ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებე და მათ შედეგებს აშუქებს, მათ შორის საჯარო უწყებებიდან თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. გამოძიების მიერ ჟურნალისტის ელექტრონული მოწყობილობების შესწავლის შემთხვევაში, მისი ინფორმატორები შესაძლოა, რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.


ჰანა ნატანსონის თანაავტორობით იანვრის დასაწყისში გამოქვეყნებული ბოლო ორი სტატია კი, ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას ეხება. ერთ-ერთი სტატია ექსკლუზიურ ინფორმაციას შეიცავს და The Washington Post-ის მიერ მოპოვებულ საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტებს ეყრდნობა. სწორედ, ვენესუელის საკითხზე მოპოვებული მასალა წარმოადგენს FBI- გამოძიების განსაკუთრებულ ინტერესს.


ჟურნალისტის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ უწყების დირქტორმა კეშ პატელმა განაცხადა, რომ The Washington Post-ის თანამშრომელმა სამთავრობო კონტრაქტორისგან მოიპოვა და გაასაჯაროვა საიდუმლო, სენსიტიური სამხედრო ინფორმაცია. მოგვიანებით კი, პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ვენესუელასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟონვაში ბრალდებული პირი დაკავებულია.


მართალია, ჰანა ნატანსონის მიმართ სამართალდამცავებს ბრალდებები არ წაუყენებიათ, თუმცა რეპორტიორის სახლში ჩატარებულმა რეიდმა მედიის წარმომადგენლების და უფლებადამცველი ჯგუფების შეშფოთება გამოიწვია.


პრესის თავისუფლებას ქვეყანაში კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს. აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობით, მედიის თანამშრომლებს შეუძლიათ საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნება მაშინაც, როდესაც მათი წყაროების მიმართ, ინფორმაციის გაჟონვის გამო, სისხლის სამართლის დევნა ხორციელდება. ამასთან, აშშ-ში მოქმედიკონფიდენციალობის დაცვის აქტით” (Privacy Protection Act), სამართალდამცველების მიერ ჟურნალისტების ჩხრეკა და მათი სამუშაო მასალების ამოღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დაშვებული, მაგალითად, როდესაც თავად ჟურნალისტია ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის დანაშაულში.


The Washington Post-ის მთავარმა რედაქტორმა მეტ მიურეიმ გამოცემის თანამშრომლის სახლში FBI- ქმედებებს პროვოკაციული და აგრესიული ხასიათის უწოდა. გამოცემამ ჰანა ნატანსონის სახლიდან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობების დაბრუნება მოითხოვა.


პრესის თავისუფლების საკითხზე მომუშავე უფლებადამცველებმა ჩხრეკის ფაქტი მწვავედ გააკრიტიკეს.


სავარაუდო წყაროს დაპატიმრების გამო ჟურნალისტის სახლში რეიდი ავტორიტარიზმის შოკიმომგვრელი აქტია. ამ ქმედებით ტრამპს სურს, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოება პრესის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს, რაც დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“,- აღნიშნავენ გამოცემა Guardian-ში გამოქვეყნებულ წერილშიპრესის თავისუფლების ფონდისწარმომადგენელი სეტ სტერნი და ორგანიზაცია Defending Rights and Dissent-ის პოლიტიკის დირექტორი ჩიპ გიბონსი.


16-მა ორგანიზაციამ კი, The Washington Post-ის რეპორტიორის სახლში ჩხრეკის ფაქტზე გამოძიების მოთხოვნით კონგრესს წერილით მიმართა.


კონგრესის ჩარევა აუცილებელია, რადგან ნატანსონის სახლში გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ 2026 წლის 14 იანვარს ჩატარებული ჩხრეკა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი პრესის წინააღმდეგ მიმართული სახიფათო ფაქტია“, - აღნშნულია კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც მედიის დამცველ სხვა ორგანიზაციებთან ერთად ხელს Amnesty International-იც აწერს.


აღსანიშნავია, რომ გასული წლის აპრილში აშშ-ის იუსტიციის დეპარტმენტმა გააუქმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში მოქმედი პოლიტიკა, რომელიც, ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებული გამოძიებების მიმდინარეობისას, ჟურნალისტების დაკითხვას და მათ სატელეფონო ჩანაწერებზე წვდომას ზღუდავდა. ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად პრაქტიკის ბოროტად გამოყენება დასახელდა.


ქეთი ჩოხელი
  • 0
  • 47
0 Comments