წითელი ვერსია
  • 0
  • 5942

ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება, ანუ როგორია ქართული მედიის მორალი?

31 იანვარი 2021

„სააკაშვილის სპიკერი ხარ!“

„ბოკერიას ცოლი ღირსების შელახვაზე არ უნდა მელაპარაკებოდეს!“

„რომელი გამოქვაბულიდან გამოხვედი?!“

„მე გამოვედი გამოქვაბულიდან? რამდენი ჩემი მასალა გაქვს განიუსებული?“

„შენ კი არა, გუბაზსაც ვაშუქებ.“

„ჩვენი გამოცემების რეიტინგები მეტყველებს, ვის რამდენი მკითხველი ჰყავს.“

„ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება!“

„ნუ დემაგოგობ.“

„ჩვენ ორში ვინც მეტად დემაგოგობს, იმას რა?“

„შეგიძლია დაიგინო.“

„ტყუილებს ავრცელებ.“

„რაებს ბოდავ? ანალიზის უნარი აბსოლუტურად დაქვეითებული გაქვს!“


ასე წარიმართა 26 იანვარს ტელეკომპანია „ფორმულის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ორი მედიასახის დისკუსია თემაზე: მისაღებია თუ არა ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა, როგორც... პოლიტიკური პროტესტის ფორმა.


შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „ალტერნატივის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, მათ ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს, რადგან დეპუტატი, მათი თქმით, ბოიკოტის იდეას განუდგა.


საგულისხმოა, რომ „ალტერნატიული პროტესტი“ მიუღებელი გამოდგა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისთვის და თვით „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენლისთვისაც კი. მაგალითად, ბრძოლის ამგვარი მეთოდი საჯაროდ გააპროტესტეს სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ, რის გამოც თანაპარტიელების მხრიდან კრიტიკისა და თავდასხმების ობიექტადაც იქცნენ. მაგრამ ფანგანის საქციელს ყველაზე ხმამაღალი მხარდაჭერა, რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მედიამ გამოუცხადა, კონკრეტულად კი „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.


დიახ, გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ პოლიტიკურ ბრძოლაში სავსებით დასაშვებ მეთოდად მიიჩნია, რომ 63 წლის პოლიტიკოსს რამდენიმე ათეული ადამიანი მისდევდეს და ბოლოს ერთ-ერთი მდევარი მას თავზე ნაგავს აყრიდეს. გვარამიამ ოპოზიციის ლიდერებს „ბრძოლოს დროს“ ნულოვანი ტოლერანტობისაკენ მოუწოდა:


მაღალი კულტურა და ჰუმანიზმი ბრძოლის დროს გვერდზე უნდა გადადო ცოტა ხნით, ვიდრე ეს საჭიროა ძალადობის დასამარცხებლად. გახსოვდეს, მოძალადის მთავარი კოზირი სწორედ შენი კულტურა და ჰუმანიზმია, ეს წაგების მთავარი ფორმულაა. ზოგჯერ უარესად უნდა უპასუხო, რომ ამოშანთო და წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თეიმურაზ ხევისთავობა და შემგუებლობაა იმასთან, რომ გაუპატიურებენ. მოიხსენით თეთრი ხელთათმანები! ბრძოლის დროს შეწყვიტეთ მორალური მაქსიმების ქადაგება!“


იზიარებენ თუ არა გვარამიას შეხედულებებს სხვა ოპოზიციური მედიასაშუალებები და მათი მესვეურები? სწორედ ამის გარკვევას შეეცადნენ ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი 26 იანვრის „პოლიტმეტრში“, სადაც სტუმრად ჰყავდათ „ტაბულისა“ და „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორები თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე.


თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ გადაცემაში მთავარ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ გაეცა; სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ქართული მედიასაშუალებები, ფაქტობრივად, ცალკეული პოლიტიკური პარტიების „საინფორმაციო მოკავშირეები“ არიან და საკამათო საკითხებზე მათი პოზიციაც ფავორიტი პარტიის პოზიციის იდენტურია. მთლიანობაში გადაცემამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა დღევანდელ ქართულ მედიაში არსებული მთავარი პრობლემები.


დავიწყოთ თუნდაც „შოუს“ ნაწილით. ფაქტია, რომ ქართული ტელევიზიები ყოველმხრივ ცდილობენ, ნებისმიერი დისკუსია „შოუდ“ აქციონ; ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. თუ გავითვალისწინებთ სტუმრების პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიას, მათ პოზიციას თუნდაც იმავე ბათუმის ინციდენტის საკითხში და დისკუსიის დამახასიათებელ სტილს, თავიდანვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ გადაცემა სანახაობრივადაც და მოსასმენადაც მეტად მწვავე იქნებოდა.


აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ წამყვანებს სწორედ ასეთი გადაცემა, ანუ სკანდალური „შოუ“ სჭირდებოდათ, ხოლო უშუალოდ ეთერის მსვლელობისას გამოთქმული მოწოდებები პერსონალური თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ, ცხადია, ვეღარაფერს შეცვლიდა.


ამ მხრივ გადაცემამ აშკარად გაამართლა: სანახაობა შედგა და მაყურებელმა გაიგო, რომ, მაგალითად, ელისო კილაძე დებატებში ყოველგვარი წესების გარეშე იბრძვის, ხოლო თამარ ჩერგოლეიშვილს შეუძლია მოწინააღმდეგე ერთი ფრაზით „გაანადგუროს“.


გადაცემაში „ქრონიკა+“-ის რედაქტორს საშუალება მიეცა, პირდაპირ ეთერში გამოეთქვა არა მხოლოდ ოპოზიციური (ან თუნდაც რევოლუციური), არამედ ცივილიზებული სამყაროსთვის ყოვლად წარმოუდგენელი იდეები და შეფასებები:


- ეს არ იყო ძალადობა კლასიკური გაგებით... ეს იყო პოლიტიკური აქტი იმ პირის მხრიდან, რომელმაც ლომის წილი ჩადო ჩავლეიშვილის მანდატის მოპოვებაში. ღირსების შელახვა ნაგვის დაყრა არის, თუმცა, ჩავლეიშვილი ნაგავთან ასოცირდება უკვე: ჯერ მემორანდუმს მოაწერა ხელი, საერთო ოპოზიციური შეთანხმების ნაწილი იყო, ეთანხმებოდა ყველაფერს და შემდგომ ეს ღალატი...


ასეთი იყო ელისო კილაძის პოზიცია და მთავარი „არგუმენტი“ დებატებში, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ეთიკური ასპექტის გარდა, ამ განცხადებაში არანაკლებ შემაშფოთებელია დეზინფორმაციის მასშტაბიც, რომელიც, სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანებმა ვერ გამოააშკარავეს: სინამდვილეში ირაკლი ჩავლეიშვილს ოპოზიციის მემორანდუმისთვის ხელი არასდროს მოუწერია.


საბოლოოდ გადაცემა, რომელიც ღირსების შელახვას ეძღვნებოდა, თავად გადაიქცა ღირსების შელახვის „პოლიგონად“, სადაც მაყურებელი, ძირითადად, ორი რედაქტორის ურთიერთბრალდებებსა და ურთიერთშეურაცხყოფას ადევნებდა თვალყურს. შედეგად, ხმაურიანი და რეიტინგული ეთერის მიუხედავად, ვახო სანაიას მიერ დასმული ლოგიკური კითხვა, საერთოდ, რატომ არის თავზე ნაგვის დაყრა კამათის საგანი, პასუხგაუცემელი დარჩა.


ლელა კურდღელაშვილი
  • 0
  • 5942
0 Comments