წითელი ვერსია
  • 3
  • 9689

ბასილაშვილის საქმე

27 მაისი 2020

მსოფლიოს 27-ე ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახური კონფლიქტი სწრაფი ტესტი აღმოჩნდა იმის დასადგენად, როგორ აშუქებს მედია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ მეტად მგრძნობიარე თემებს.


ამჯერად ჟურნალისტებს პირველად მოუწიათ საერთაშორისო რეზონანსის მქონე საქმის გაშუქება, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენის პირად ცხოვრებას ეხება.


ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის გამო 22 მაისს დააკავეს. 24 მაისს ბასილაშვილი მოსამართლემ 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ცნობა სპორტსმენის დაკავების შესახებ 24 მაისს დილით გაავრცელა პროკურატურამ. ამ დრომდე საქმის შესახებ საზოგადოებისთვის არაფერი იყო ცნობილი.


მსოფლიოს 27-ე ჩოგნის პატიმრობამ მედიასივრცეში ყველა სხვა თემა გადაფარა. სანამ სასამართლომ წინასწარი პატიმრობის შესახებ საქმის განხილვა დაასრულა, მედიამ იმდენი შეძლო, რომ უკვე შუადღისას მთელი საქართველო ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ურთიერთობების გარჩევით იყო დაკავებული.


24 მაისს „რუსთავი 2“-ის დღის საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა დაზარალებული ნეკა დოროყაშვილის სატელეფონო ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც მას დაწვრილებით მოაყოლა საქმესთან დაკავშირებული დეტალები. ინტერვიუდან ისიც შევიტყვეთ, რომ მამამთილი მას რაღაც დიდტარიანი საგნით გამოეკიდა. რა იყო ეს საგანი, ამას დაზარალებული ვერ აკონკრეტებდა.


მიუხედავად ამისა, უკვე მომდევნო გამოშვებაში ჟურნალისტმა მაყურებელს აცნობა - „ყოფილი რძალი ნოდარ ბასილაშვილს ადანაშაულებს, რომ მან იძალადა და გაეკიდა ნაჯახით“. ამავე შინაარსის კითხვა დაუსვა მან სპორტსმენის მამას სატელეფონო ინტერვიუში - „თქვენი ყოფილი რძალი გადანაშაულებთ, რომ მასზე იძალადეთ და ნაჯახით გაეკიდეთ“.


სასამართლო პროცესიდან გამოსული ადვოკატები თავდაპირველად საერთოდ არ აპირებდნენ საქმესთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებას, თუმცა, მედია ისეთი მონდომებით განაგრძობდა სხვადასხვა ვერსიების განვითარებას, რომ მხარეებს შორის პოლემიკა მთავარ მედიათემად იქცა.


ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოება მხარეების ადვოკატების დაპირისპირებას უსმენს პირდაპირ ეთერებში. შედეგად, ბასილაშვილ-დოროყაშვილის პირადი ცხოვრებიდან ისეთი დეტალები საჯაროვდება, რასაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათ შორის, ბასილაშვილის და დოროყაშვილის საქმიანობის და გატაცებების შესახებ;


ასევე ვიხილეთ, როგორ ემალება ეზოსა და აივანთან ჩასაფრებულ კამერებს ნეკა დოროყაშვილი, როგორ გაურბიან სახლთან ჩასაფრებულ ჟურნალისტებს ბასილაშვილის მეგობრები, რას ფიქრობენ ოჯახის შესახებ მეზობლები.


26 მაისს უკვე "ტვ პირველის“ შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში გადაიცა სიუჟეტი სახელწოდებით: „ქონებრივი დავის ზღვარზე“, რომელიც ნეკა დოროყაშვილის სახელზე გაფორმებულ ქონებას მიეძღვნა და გამოითქვა ვარაუდი, რომ ქალი იმ ფართის გამო დავობს, რომლის გადაფორმებაც შეჩერებულია. ამასთან, დოროყაშვილის ნებართვის გარეშე გავრცელდა მის პირად ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.


საბოლოოდ, სახეზე გვაქვს სიტუაცია, როდესაც მედიამ არასწორი აქცენტების დასმით უკვე მოახერხა და ხელი შეუწყო სრულიად არაჯანსაღ დისკუსიას საზოგადოებაში. ეს, ერთი მხრივ, შესაძლო მსხვერპლის დისკრედიტაციას უწყობს ხელს; მეორე მხრივ კი შეიცავს საფრთხეს, რომ საზოგადოებრივი განწყობები გავლენას მოახდენს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე.


ცალკე თემაა საქმეში ჩართული არასრულწლოვანის ინტერესები: სატელევიზიო დისკუსიებში ჩათრეულმა ადვოკატებმა საკმაოდ ფაქიზი დეტალები გაასაჯაროეს არასრულწლოვანის დაკითხვისა და ნეკა დოროყაშვილის ოჯახური ცხოვრების შესახებ.


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიამ ვერ უზრუნველყო ოჯახური ძალადობის გაშუქებასთან დაკავშირებული სტანდარტების და რეკომენდაციების დაცვა. ამით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობაც დაამძიმა; რთული სათქმელია, რამდენად გაბედავენ ისინი საკუთარი პრობლემის შესახებ სამართალდამცველი სტრუქტურების ინფორმირებას, მით უმეტეს, თუ მათი საქმეც მეტნაკლებად ცნობილ სახესთან იქნება დაკავშირებული.


ლელა კურდღელაშვილი
  • 3
  • 9689
0 Comments