წითელი ვერსია
  • 8
  • 6531

არცოდნა თუ მანიპულაცია?

06 მაისი 2023

4 მაისს „მთავარი არხის“ საიფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ბუდაპეშტში CPAC-ის კონფერენციაზე.


ჟურნალისტმა ნატალი ჯახუტაშვილმა მაყურებელს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა:


„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ღიად მოუწოდებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ ის არ ჩასულიყო პრორუსულ სახელმწიფო უნგრეთში და არ მიეღო მონაწილეობა იმ ანტიდასავლურ კონფერენციაში, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებების შელახვას და ფაშისტური და ნაცისტური იდეების გავრცელებას, ამჯერადაც ირაკლი ღარიბაშვილმა დააიგნორა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოწოდებები, ის მაინც ჩავიდა ბუდაპეშტში და მიიღო მონაწილეობა იმ ფორუმში, რომელსაც ესწრებოდნენ ულტრამემარჯვენე რადიკალები. მათ შორის ამ კონფერენციაზე იმყოფებოდა უნგრეთის პრორუსი პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანიც. ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი სპიკერიც კი იყო დღეს ამ ფორუმზე.


მისი გამოსვლა სრულად ანტიდასავლური რიტორიკით იყო გაჟღენთილი. ის აჟღერებდა ევროპულ ფასეულობებთან შეუსაბამო გზავნილებს, ერთი ერთში იმეორებდა რუსულ პროპაგანდას და ახმოვანებდა კრემლის მესიჯ-ბოქსებს. ყველაფერთან ერთად, ღარიბაშვილმა ჰომოფობიური განცხადებებიც გააკეთა, პრაქტიკულად მან პირდაპირ შელახა უმცირესობების უფლებები და გაილაშქრა ლგბტ თემის წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერს ლგბტ პროპაგანდას. რუსეთის რეჟიმი ბევრი წელია, მსგავს პროპაგანდას აჟღერებს...ირაკლი ღარიბაშვილი გამოსვლისას მანიპულაციურად იყენებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და იესო ქრისტეს სახელებს.“


აღსანიშნავია, რომ „მთავარ არხს“ არ უჩვენებია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის სრული ვერსია, ხოლო ის ფრაგმენტები, რომლებიც ეთერში გავიდა, ჟურნალისტის შეფასებებთან თანხვედრაში არ არის და მთლიანად მანიპულაციას წარმოადგენს.


კერძოდ,


1. CPAC თეორიულადაც ვერ ჩაითვლება ანტიდასავლურ კონფერენციად, რადგან ორგანიზაცია დაფუძნებულია აშშ-ში, ამერიკელი კონსერვატორების მიერ, ხოლო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია კალიფორნიის მაშინდელი (1974) გუბერნატორი რონალდ რეიგანი, რომელიც შემდგომში აშშ-ის პრეზიდენტი გახდა;


სხვადასხვა დროს CPAC-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოდიოდნენ ჯორჯ ბუში და ჯონ მაკკეინი.


2. უნგრეთის „პრორუსულ ქვეყნად“ და მისი პრემიერ-მინისტრის „პრორუსად“ მოხსენიება არ არის გამყარებული არანაირი ფაქტებით. თუ პრორუსულობაში მოიაზრება მოწოდებები მშვიდობისაკენ, იგივე კონტექსტში შეიძლება განიხილებოდეს თურქეთის, ავსტრიის ან შვეიცარიის პოზიციებიც.


3. პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში არ მოიპოვება არცერთი მინიშნება „ანტიდასავლურ რიტორიკაზე“.


ციტატები გამოსვლიდან:


„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს, რომელიც ყველას ეხება. გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს. დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო იმის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების ხანგრძლივი და სტაბილური პირობების შესაქმნელად. ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვიტოში, ამის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო, ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ..


ბოლო წლებში ჩვენი ჯარისკაცები ნატოს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას. ვიცით რა, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისათვის...


საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“.


4. პრემიერის სიტყვაში არ მოიძებნა არც ჰომოფობიური და დისკრიმინაციული გამონათქვამები.


ციტატა გამოსვლიდან:


„არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს სხვათა ინტერესების ხარჯზე. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ. 2014 წელს ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, თუმცა ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს... რომელთათვის ოჯახი ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, სადაც დედა ქალია, მამა კი კაცი. ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სწორედ ამ ტრადიციულ, ოჯახურ ღირებულებებს იზიარებს. ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე და მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია.“


5. არ დასტურდება არც ბრალდება ქრისტეს ან პატრიარქის სახელებით მანიპულირებაში.


ციტატა:


„ახალ აღთქმაში იესო ქრისტე ამბობს, ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღვთის ძეებად იწოდებიან...მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს მარტომ იპოვოს გამოსავალი, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა უფრო სამართლიანი წესრიგისათვის, მაგრამ რა გვაძლევს ძალას ერთიანობისთვის? პირველ რიგში ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოს და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ილია მეორე არის ყველაზე ბრძენი და პატივსაცემი პიროვნება ჩვენს ქვეყანაში, მან შეაჯამა ეს ყველაფერი სიტყვებით „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. ეს ფასეულობები სახარებაშია თავმოყრილი.“


გამოსვლაში არ მოიძებნა არცერთი სიტყვა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ევროპულ ფასეულობებთან შეუსაბამოდ, ან რუსული პროპაგანდის ნარატივად.


თუ ჟურნალისტის ამოცანა ფაქტების გაყალბება არ ყოფილა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მან და ტელეარხის სარედაქციო ჯგუფმა შესაძლოა არ იცოდნენ არც CPAC-ის კონფერენციების არსი, არც სხვაობა კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის, არც პოლიტიკური ხედვების და იდეოლოგიების მნიშვნელობა, რასაც არ აქვს კავშირი არც რუსულ პროპაგანდასთან და არც დასავლეთთან.


მარტივად რომ ვთქვათ, პირველ რიგში გასავლებია ზღვარი მმართველობის ფორმასა და იდეოლოგიას შორის.


დემოკრატია არის სახელმწიფოს მართვის ფორმა (პოლიტიკური რეჟიმი), რომლის ქვაკუთხედია მოსახლეობის ჩართულობა ხელისუფლების არჩევასა და გადარჩევაში. დემოკრატიული რეჟიმის პირობებში სხვადასხვა ქვეყნებში იმარჯვებენ ან მარცხდებიან და ერთმანეთს ენაცვლებიან სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის - ლიბერალები, კონსერვატორები ან სოციალისტები.


სხვადასხვა ქვეყანაში ამ ძირითადი მიმართულებების სხვადასხვა ნაირსახეობა არსებობს.


ყოფილა კოალიციები, რომლებშიც მთავრობას ინაწილებდნენ კონსერვატორებიც და ლიბერალებიც, ან ლიბერალები და სოციალისტები.


ყოფილა შემთხვევა, როცა დეკლარირებულად კონსერვატიული ორიენტაციის პარტიას გაუტარებია სოციალიზმის ელემენტების პოლიტიკა და პირიქით, ლიბერალური ორიენტაციის ორგანიზაციას გაუტარებია კონსერვატიული პოლიტიკა.


ზემოთხსენებული რონალდ რეიგანი და ჯონ მაკკეინიც წარმოადგენდნენ რესპუბლიკურ, კონსერვატიულ ფრთას, თუმცა თანამედროვე ისტორიაში სწორედ მათ მიერ ჩამოყალიბდა ე.წ. ამერიკული ნეოკონსერვატიზმი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ლიბერალურ იდეოლოგიაზე.


თანამედროვე დასავლური ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი დღეს, როგორც არასდროს ახლოს არიან ერთმანეთთან ძირითად ღირებულებებში და ამიტომაც, ბუნებრივად არიან წარმოდგენილი დასავლეთის ყველა სახელმწიფოში.


ამ ორი იდეოლოგიის მიდგომები შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს ეკონომიკის სფეროში, მაგრამ განსხვავდებოდეს ადამიანის და სახელმწიფოს, ან ადამიანის და ადამიანის ურთიერთობების აღქმაში.


ადამიანური ღირებულებების აღქმისას დღევანდელი კონსერვატორი ლიბერალისგან განსხვავდება შემდეგ ასპექტებში:


ლიბერალები მიიჩნევენ, რომ ოჯახი შეიძლება შეიქმნას ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორისაც, კონსერვატორები კი თვლიან, რომ ოჯახი მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირია;


ზოგიერთ ქვეყანაში კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან აბორტს, ლიბერალები პირიქით;


ზოგიერთ ქვეყანაში ლიბერალები მოითხოვენ ერთსქესიანი ქორწინების ოფიციალურ აღიარებას, კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან და ა.შ.


მაგრამ ამ განსხვავებულ მიდგომებს არ აქვთ არანაირი კავშირი არც დემოკრატიის ან ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვასთან, და მითუმეტეს, არც ფაშიზმთან ან რუსეთთან.


კონსერვატიზმის და ლიბერალიზმის ჭიდილი თანამედროვე დასავლურ სამყაროში წარმოადგენს პლურალიზმის, თანასწორობისა და დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და არა რუსეთში მოგონილ დოქტრინას, როგორც ამის წარმოჩენა სცადა „მთავარმა არხმა“.


დავით კობახიძე
  • 8
  • 6531
0 Comments