წითელი ვერსია
  • 5
  • 3274

არშემდგარი ინტერვიუ მელანია ტრამპთან

09 ოქტომბერი 2024

ტელეკომპანია CNN-მა შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის გამომცემლისგან უპრეცედენტო მოთხოვნა მიიღო - 250 000 დოლარი ინტერვიუს სანაცვლოდ.


CNN მელანია ტრამპის წიგნის გამომცემელს 2 თვის წინ დაუკავშირდა და ყოფილი პირველი ლედის მემუარების გამოსვლამდე, მასთან ინტერვიუს დაგეგმვა ითხოვა.


ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ, ამერიკულმა ტელეარხმა საგამომცემლო კომპანია “Skyhorse Publishing“- ისგან ელექტრონული ფოსტით „კონფიდენციალობის და გაუთქმელობის ხელშეკრულება“ მიიღო, რომელშიც მელანია ტრამპთან სატელევიზიო ინტერვიუს მკაცრი პირობები და მისი მემუარებიდან ციტატების გამოყენების წესები იყო განსაზღვრული.


ამასთან ერთად, დოკუმენტში ეწერა, რომ „CNN-მა, სალიცენზიო საფასურის სახით, 250 000 დოლარი უნდა გადაიხადოს“.


ტელეკომპანია CNN იუწყება, რომ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.


მედიასაშუალებაში განმარტავენ, რომ დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნა, თანაც ამერიკის ყოფილ პირველ ლედისთან და პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მეუღლესთან ინტერვიუს სანაცვლოდ, ეთიკური ჟურნალისტიკის ზღვარს სცილდება და არცერთი აკადემიური საინფორმაციო ორგანიზაცია მსგავს პირობას არ დათანხმდება.


ხელშეკრულების მიღებიდან რამდენიმე დღეში, CNN-ის ჟურნალისტი Skyhorse Publishing-ს დაუკავშირდა და ინტერვიუს სანაცვლოდ 250 000 დოლარის მოთხოვნის საფუძველი იკითხა.


გამომცემელმა განმარტა, რომ მოხდა შეცდომა:


„არც მელანიამ და არავინ მისი გუნდიდან, არ იცოდა ამ შეთანხმების და დოკუმენტის გაგზავნის შესახებ, რომელიც შიდა კომუნიკაციის პრობლემას უკავშირდება. თუ CNN „კონფიდენციალურობისა და გაუთქმელობის ხელშეკრულებას“ მოაწერდა ხელს, მელანიას გუნდი, ინტერვიუს დეტალებთან დაკავშირებით, მას ჩვეულ რეჟიმში დაუკავშირდებოდა,“ - განაცხადა Skyhorse-ის პრეზიდენტმა ტონი ლიონსმა.


CNN-ის ინფორმაციით, მელანია ტრამპთან ინტერვიუსთვის, „კონფიდენციალობისა და გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე“ ხელი უნდა მოეწერა არხის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ ინტერვიუზე იმუშავებდა.


დოკუმენტში „კონფიდენციალურ მასალებად“ განსაზღვრული იყო ამერიკის ყოფილი პირველი ლედის მემუარების „გამოუცემელი ხელნაწერები, წერილები, ფოტოები და ზეპირი ინფორმაცია“.


ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურების სახით, თითოეულ დარღვევაზე 100 000 დოლარი იყო გათვალისწინებული.


თუმცა, როგორც CNN განმარტავს, ინტერვიუს სანაცვლოდ 250 000 დოლარის გადახდა, კონკრეტულად გაწერილი, ცალკე მოთხოვნა იყო.


ტელეარხი აღნიშნავს, რომ კომუნიკაციის პრობლემის არსებობის შემთხვევაშიც კი, „მსგავსი მოთხოვნა ასეთი მაღალი რანგის პიროვნების გამომცემლისგან მაინც უჩვეულოა“.


„ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო ფაქტია. არცერთ ყოფილ პირველ ლედის მსგავსი არაფერი გაუკეთებია“ , - ამბობს ჟურნალისტი ქეით ანდერსონ ბრაუერი.


“საინფორმაციო ორგანიზაციების უმრავლესობა საჯარო ფიგურასთან ინტერვიუს სანაცვლოდ ფულს არასოდეს გადაიხდის. განსაკუთრებით კი, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მეუღლის ინტერვიუს სანაცვლოდ. არსებობს მკაცრი წესები. პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემაზე მუშაობისას ფულის გადახდა მედიაეთიკის ყველა ზღვარს სცდება. მელანია ტრამპი მხოლოდ ყოფილი პირველი ლედი არ არის, ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის ცოლია, ამიტომ მისი გუნდის მიერ თანხის მოთხოვნა ძალიან უჩვეულოა. ამბობენ, რომ კომუნიკაციის პრობლემა იყო, თუმცა კონტრაქტში CNN იყო ნახსენები და ყველაფერი გასაგებად ეწერა,” - განმარტავს CNN-ის კორესპოდენტი ჰადას გოლდი.


მემუარები „მელანია“ 2024 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა.


წიგნის გამოცემამდე, ყოფილმა პირველმა ლედიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მხოლოდ ტელეკომპანია Fox News-ს მისცა.


ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მელანია ტრამპთან, 26 სექტემბერს, Fox & Friends-ის ენსლი ერჰარდტმა ჩაწერა. გასულ კვირაში, Fox News-ის ეთერში, ყოფილი პირველი ლედის კიდევ ორი ინტერვიუ გავიდა.


„ჩვენ ამ ინტერვიუების სანაცვლოდ თანხა არ გადაგვიხდია, მათ შორის, არც ფოტოების ლიცენზიისთვის“ , - თქვა Fox News-ის წარმომადგენელმა CNN-თან საუბარში.


ფოტო thetimes.com

მარიამ გიგანი
  • 5
  • 3274
0 Comments