წითელი ვერსია
  • 9
  • 9415

არა ცეცხლითა და მახვილით

07 დეკემბერი 2022

უკრაინაში ომი ლამის წელიწადია გრძელდება. ამ ომში ქართველი მებრძოლებიც მონაწილეობენ. რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველო შეძრა ბახმუტთან ბრძოლაში დაღუპული 6 ქართველი ჯარისკაცის ტრაგიკულმა ამბავმა...


რუსეთ-უკრაინის ომი ცივილიზებულმა სამყარომ ცალსახად შეაფასა ძველ და ახალ დროებას, კეთილსა და ბოროტს შორის ომად, სადაც თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს, ისევე, როგორც იმპერიალიზმს არ აქვს მომავალი ჰუმანურ და პროგრესულ მსოფლიოში.


ცალკე მსჯელობის საგანია ის, თუ რამდენად ჰუმანური და პროგრესულია დღევანდელი მსოფლიო, რომლის გულზეც, ამ კონკრეტული ომის გარდა, კიდევ ბევრი სხვა ომისა და კონფლიქტის ცეცხლი ანთია;


ჩვენი ფიქრის მიზეზი ამჯერად უკრაინაა, რომელიც თავისუფლების სახელით იბრძვის და მისი გამარჯვებაც ევროპის მომავალზე დიდწილად აისახება.


ამ პერსპექტივაშია მოქცეული საქართველოც, რომელმაც 15 წლის წინ, 2008 წელს საკუთარ თავზე იწვნია მასშტაბური რუსული აგრესია. თუმცა, რუსეთთან ჩვენი ბრძოლა არც 2008 წელს დაწყებულა და არც 1992 წელს, ის ორსაუკუნოვან ისტორიას და თავგანწირვისა და გმირობის, ღალატისა და სიმამაცის, სიმხდალის და პატრიოტიზმის ზღვა მაგალითს ითვლის...


ამ კონტექსტში კი, ბუნებრივად ჩნდება განცდაც, რომ საერთო მტერთან მებრძოლი უკრაინა „ჩვენს ომსაც ომობს“ და ეს კი, მის მიმართ გულშემატკივრობის პათოსს აასკეცებს...ამიტომ, ძალიან უხერხულად ჩანს პოლიტიკოსთა დაგვიანებული სამძიმარი (ან, ზოგჯერ სულაც დუმილი) უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახების მიმართ; უხერხულად გაისმის განმარტებები ქართველ მებრძოლთა „პოლიტიკური მოტივირების“ შესახებ...


რაც შეეხება ოპოზიციურ მედიას, ის დროდადრო ისეთ მესიჯებსაც გააპარებს ხოლმე, რომელთა ლეგიტიმაციაც, წესით, დაუშვებელია...


ტვ „ფორმულას“ 6 დეკემბრის საინფორმაციო გადაცემაში, ხერსონიდან ჩართულმა, „კავკასიის ლეგიონის“ მეთაურმა ლადო გამსახურდიამ თქვა:


„მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევალთ აფხაზეთში და იქნება ყველაფერი კარგად... მშვიდობით იქნება თუ ომით იქნება, ცეცხლით იქნება თუ მახვილით, თუ დიპლომატიური სვლით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და მომავალ თაობას უნდა დავუტოვოთ ერთიანი ძლიერი საქართველო.“


გადაცემის წამყვანი აჟიტირებული უსმენდა მებრძოლს, რომელიც ფრონტის ხაზიდან ერთვებოდა პირდაპირ ეთერში; უსმენდა, როგორ გაიმეორა მან რამდენჯერმე სიტყვები „ომით იქნება თუ მშვიდობით, ცეცხლით თუ მახვილით“, ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მსუბუქი რეპლიკით შემოიფარგლა („აფხაზეთის დაბრუნება აფხაზებთან ერთად, აფხაზებიც დაგვეხმარებიან ამაში“), რესპონდენტს დაემშვიდობა და სხვა თემაზე განაგრძო საუბარი.


ცხადია, ომს თავისი რიტორიკა/ლექსიკა აქვს, ვერც ფრონტის ხაზიდან ჩართულ მეომარს მოსთხოვ, ამაღლებული ფრაზებით ისაუბროს.


თუმცა ის, რაც „კავკასიის ლეგიონის“ მეთაურმა თქვა, მხოლოდ ბრუტალური საომარი ლექსიკა არ ყოფილა. ეს საშიში და მავნებლური აზრი იყო, რომელსაც, მთელი ამ ომის მანძილზე, სხვადასხვა დოზით და სიტუაციით, წვეთ-წვეთად გვაპარებენ, თითქოს სცდიან ჩვენს მოთმინებას, ჩვენს პოზიციას, სახელმწიფოებრივ შეგნებას...


აფხაზეთში შესვლა - ეს აქტი უპირობოდ მხოლოდ მშვიდობის კონტექსტს გულისხმობს და ეს სიტუაციის ლირიკა კი არა, ჩვენი სახელმწიფოებრივი არჩევანი და უფრო მეტიც - პასუხისმგებლობაა, რომელიც, სხვათა შორის, 2010 წელს, ევროპარლამენტარების, გაეროსა და ეუთოს წინაშე აიღო საქართველოს პრეზიდენტმა.


„საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად; ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებს მისი დეოკუპაციისა და გაერთიანებისთვის. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე...ჩვენ გვესმის, რომ მშვიდობა ჩვენი უზენაესი ინტერესია და დარწმუნებული ვართ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას.


ამ ყველაფრის ფონზე, ტვ „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვებაში გამოთქმული აზრის უკომენტაროდ დატოვება, რბილად რომ ვთქვათ, ჟურნალისტური უპასუხისმგებლობაა წამყვანის მხრიდან, სამოქალაქო უპასუხისმგებლობას რომ თავი დავანებოთ...


აფხაზები და აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ამ ნაწილის მიმართ წლების მანძილზე, სხვადასხვა ჯგუფების მიერ პოპულისტურმა და სპეკულაციურმა დამოკიდებულებამ ბევრი რამ გააფუჭა, ბევრი გზა ჩახერგა და კედელი ამოაშენა.


დღეს, ასეთ ექსტრემალურ საომარ მდგომარეობაში, ყველაზე მეტი სიფრთხილე გვმართებს და წესით, 30-წლიან გამოცდილებას ჩვენთვის ეს სიფრთხილე მაინც უნდა ესწავლებინა.


მედია უპირველესად უნდა დარაჯობდეს ამ ხიდებს, ამ გზებს და კედლებს. ჩვენსა და აფხაზებს შორის სივრცეებს, რომლებიც ტყვიასავით მძიმეა, თუმცა სიტყვის ძალით იძლევა.


არა ცეცხლით და მახვილით, არამედ მშვიდობის სიტყვით.


ნინია სადღობელაშვილი
  • 9
  • 9415
0 Comments